სპორტინგს უკვე დაუკავშირდნენ | ქოჩორაშვილს ესპანეთში დაბრუნება სურს
გიორგი ქოჩორაშვილს „სპორტინგის“ დატოვება გადაწყვეტილი აქვს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა, A Bola, ავრცელებს და წერს, რომ ქართველ ფეხბურთელს ესპანეთში დაბრუნება სურს.
ქოჩორაშვილმა უკვე იცის, რომ „ლომების“ მთავარი მწვრთნელის, რუი ბორჟესის, სამომავლო გეგმების ნაწილი არ არის და იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ ბორჟესი მას ნახევარდაცვაში მინიმუმ მესამე ვარიანტადაც არ მოიაზრებს. გიორგიმ საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მსურველების მოლოდინშია.
A Bola-ს მიხედვით, „სპორტინგს“ რამდენიმე კლუბი დაუკავშირდა, მაგრამ „ლომები“ კონკრეტული წინადადების მოლოდინში არიან, რაც ჯერ არ მიუღიათ. მათი მიზანია, ქოჩორაშვილში ჩადებული ინვესტიცია, რომელიც 5.5 მილიონ ევროს შეადგენს, სრულად ამოიღონ. ეს შესაძლოა, ესპანური კლუბებისთვის სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდეს.
ცნობისთვის, ქოჩორაშვილმა „სპორტინგში“ 26 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასი მიითვალა. მისი კონტრაქტი 2030 წლამდეა გათვლილი და Transfermarkt-ზე გიორგის საბაზრო ღირებულება 4 მილიონ ევროს შეადგენს.