„აუტანელი პატარა ბიჭი ხარ“ | გეიჯისა და თოფურიას დაპირისპირება სოც ქსელებში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი სოციალურ ქსელებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გეიჯიმ ილიაზე განაცხადა: „საკუთარ თავზე იმდენს ლაპარაკობს, მას მეც მივატოვებდი. სულ ეს არის, რის თქმაც მინდა. მივატოვებდი. შანსი არაა, მისი ეს ხასიათი ამეტანა“.
ჯასტინმა აქცენტი ილიას განქორწინებაზე გააკეთა, რის შემდეგაც „ელ მატადორმა“ X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა: „ჯასტინმა ზღვარი გადაკვეთა. რაც ჩემსა და ჩემს ყოფილ მეუღლეს შორის მოხდა, მხოლოდ ჩვენი საქმეა. შეიძლება ერთად აღარ ვართ, მაგრამ ის ჩემი ქალიშვილის დედაა.
ყველას მივმართავ, ვინც მას შეურაცხყოფას აყენებს ან რაღაც ისეთს ამბობს, რის შესახებაც წარმოდგენა არ აქვს: გამოიჩინეთ პატივისცემა. თქვენ არ ხართ ვალდებული, ჩვენს ურთიერთობას პატივი სცეთ, მაგრამ სხვისი დედის პატივისცემა ცხოვრების ელემენტარული წესია. იყავით უკეთესები“.
თოფურიას პოსტის ქვეშ გეიჯიმ კომენტარი დატოვა: „დაამტკიცე, რასაც ვამბობდი. აუტანელი პატარა ძუკნა ბიჭი ხარ. შენს ცოლზე საერთოდ არაფერი მითქვამს. ჩემს მამაზე ლაპარაკობ და შემდეგ ისე იქცევი, თითქოს რაღაც ზღვარს მე გადავაბიჯე. ჩვენი ჩხუბი უკვე დანიშნულია, მეგობარო“.
„ელ მატადორს“ ჯასტინის კომენტარი უპასუხოდ არ დაუტოვებია: „მამაშენი ამ ამბავში საერთოდ არ უნდა გაგერია. სწორედ ის მეძახდა დაბალს და ამბობდა, რომ დამანგრევდი. თან ამ ყველაფერზე როდესაც საუბრობდა, ხელში ლუდი ეჭირა. შემდეგ შენ დაიწყე ჩემს განქორწინებაზე ლაპარაკი და მთელ ქვეყანას გამოუცხადე, რომ ჩემთან ერთად არ იცხოვრებდი. იდიოტი ხარ.
პირველი: ჩვენ ვჩხუბობთ, ერთმანეთს კი არ ვხვდებით (რომანტიკული გაგებით). მეორე: ოთახის მეზობელს არ ვეძებ. როდესაც დაგაძინებ და ვარდის გვერდით იწვები, მამაშენს შევხედავ და მარტივ შეკითხვას დავუსვამ: „ახლა დაბალი ვინ არის?“ ჯასტინ, ნაწილებად დაგშლი“.
მოგვიანებით ილიამ ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში გეიჯიზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის მიმართ პატივისცემა დაკარგა. თოფურიას თქმით, მას ჯასტინი ღირსეული პიროვნება ეგონა, მაგრამ ამერიკელმა მებრძოლმა დაამტკიცა, რომ ნამდვილი იდიოტია.