კობიაშვილი:''დღეს ეროვნული გუნდი ერთიანია, ასე არ იყო მაშინ, როცა მე ვთამაშობდი''
Aa
Aa

კობიაშვილი:''დღეს ეროვნული გუნდი ერთიანია, ასე არ იყო მაშინ, როცა მე ვთამაშობდი''

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია ''სტარვიზიასთან'' ეროვნული ნაკრების შესახებ ისაუბრა. გელზენკირხენის ''შალკესა'' და ''ფრაიბურგის'' ყოფილი ფეხბურთელი, ინტერვიუში ეროვნული ნაკრების  უკანასკნელ ორ ამხანაგურ მატჩს იხსენებს, გუნდში არსებულ ატმოსფეროზე ამახვილებს ყურადღებას, გარდა ამისა, მან პარალელები წარსულთან გაავლო, იმ ფორმაციის ეროვნულ გუნდთან, რომლის წევრიც თავად იყო. აღნიშნული ინტერვიუდან გთავაზობთ ამონარიდებს:

''თუ გასულ შესარჩევ ციკლსა და ბოლო ორ ამხანაგურ მატჩს შორის მონაწილე ფეხბურთელებს გადავხედავთ, ლიტვასთან და ესტონეთთან თითქმის ყველა მოთამაშე ფიზიკურად კარგად იყო მომზადებული, ისინი საკუთარ გუნდებში რეგულარულად ასპარეზობენ, თამაშის პრაქტიკა ჰქონდათ, შედეგიანებიც იყვნენ, სწორედ ესაა მნიშვნელოვანი, რომ კონკრეტული თამაშისთვის ფეხბურთელები რამდენად მზად არიან.

გასულ შესარჩევ ციკლში იყო შემთხვევები, როცა ერთ ტაიმს კარგად ვთამაშობდით, მაგრამ მეორე ტაიმში ბურთზე კონტროლს ვკარგავდით, მაღალ დონეზე ორივე ტაიმის ჩატარებას ვერ ვახერხებდით. მწვრთნელს ოთხ ან ხუთ დღეში შეუძლია ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად მოამზადოს, სწორი ტაქტიკა გათვალოს და მეტოქის თამაშის ანალიზი გააკეთოს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც 90 წუთი მაღალ დონეზე თამაშობენ.

შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ ჩვენი ფეხბურთელები არ თამაშობენ ბუნდესლიგაში ან პრემიერლიგაში, მაგრამ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა, მაგრამ მთავარია იქ, სადაც ირიცხებიან, რეგულარულად ასპარეზობდნენ. სად ითამაშებენ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ფეხბურთელი, რომელიც თავისი გუნდის ლიდერია და შესაბამისად ფსიქლოგიურად კარგად გრძნობს თავს, ის ეროვნულ გუნდს აუცილებლად დაეხმარება.

ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რომ გუნდში გვყავდეს ვარსკვლავი. მთავარია გუნდი იყოს ერთიანი და ძლიერი. დღეს ხშირად ვხედავთ გუნდებს, რომლებსაც არ ჰყავთ ვარსკვლავი, მაგრამ აღწევენ წარმატებებს.

ჩვენ მოგვიგია ხორვატიასთან, მაგრამ გაცილებით სუსტ გუნდებთან ქულაც ვერ აგვიღია. მაშინ როცა მე ვთამაშობდი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, კონკრეტულ თამაშებს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელების ხარჯზე ვიგებდით, მაგრამ საერთო ჯამში სტაბილურობას ვერ ვაღწევდით, ალბათ უნდა ვაღიაროთ, რომ გუნდურობა არ იგრძნობოდა, რაღაც პერიოდის შემდეგ პრობლემები ჩნდებოდა, რაღაც პერიოდის შემდეგ ფეხბურთელები სასურველ ფიზიკურ კონდიციებში ვერ იმყოფებოდნენ.

მე არ მჯერა, რომ არ გვიმართლებდა, თუ მარცხდები, ესეიგი იმსახურებ მარცხს, რაღაცას არასწორად აკეთებ. გაგიმართლებს მაშინ, როცა ყველაფერს სწორად გააკეთებს არამარტო ერთი და ორი ფეხბურთელი, არამედ გუნდის თითოეული მოთამაშე. დღეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სულ სხვა ვითარებაა, თითოეული წევრის მიზანია გუნდის წარმატება, ერთიანობა დღეს გუნდში განსაკუთრებულად იგრძნობა. ამიტომაც გადავწყვიტეთ ნაკრების დღევანდელ სამწვრთნელო შტაბთან მუშაობის გაგრძელება.

ბოლო მატჩებიდან გავიხსენებ რამდენიმე ფაქტს, მაგალითად როცა მცირე გაწევ-გამოწევა იყო და ფეხბურთელები ერთმანეთს გვერდით დაუდგნენ, თუნდაც პრესინგი, როცა ერთი ფეხბურთელი კი არა, ყველანი ერთად ცდილობდნენ ართმევაზე თამაშს. ყოველდღიურ ცხოვრებაში, მოედნის გარეთ როგორი სიტუაციაც არის, ეს ყველაფერი მოედანზე გადადის.

ჩემთვის არაა მნიშვნელოვანი ქართველი ვარსკვლავი, რომელსაც მთელ მსოფლიოში იცნობენ, არამედ საშუალო დონის გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელები, რომლებმაც იციან, რომ გუნდია მნიშვნელოვანი და არა ცალკეული ფეხბურთელი.

ხშირად არ გვინახავს ასე ერთიანი ეროვნული ნაკრები, ვგულისხმობ არამარტო ფეხბურთის თამაშს, არამედ ბევრ სხვა კომპონენტს, რომლის მიხედვით ხედავ, რომ გუნდი ცოცხალი ორგანიზმია.

ყველამ იცის, რომ ტექნიკური ფეხბურთელები გვყავს და მაგალითად ვაკო ყაზაიშვილს ბრწყინვალედ შეუძლია მეტოქის მოტყუება, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ მინუსი რაც გვქონდა აქამდე, ამ მხრივ ჩვენ წინსვლას ვხედავთ, ეს არის ჩემთვის ყველაზე სასიხარულო და კარგი.''

ფოტო: gff.ge, eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები