Aa
Aa

"ბარსელონა" VS "რომა" - ტაქტიკური ანალიზი: დაუმარცხებელი "ბარსა" და არაიტალიური "რომა"

"კამპ ნოუზე" ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. "ბარსა" "რომას" უმასპინძლებს და შეეცდება, რომ ყველაფერი პირველივე მატჩში გადაწყვიტოს.

რა თქმა უნდა, დღის ცენტრალური შეხვედრა "ენფილდზეა", მაგრამ ინტერესი არც ესპანურ-იტალიურ დაპირისპირებას აკლია.

გუნდების ამჟამინდელი მდგომარეობა

კატალონიელებს ლა ლიგაში საქმე შესანიშნავად აქვთ. ვალვერდეს გუნდი მადრიდის "ატლეტიკოს" 9 ქულით უსწრებს და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა ჩემპიონობას არავის დაუთმობენ.

უკანასკნელ ტურში "ბარსა" "სევილიას" ესტუმრა და მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა.

"ბლაუგრანამ" 0:2-დან ზუსტად 60 წამში თამაშის გადარჩენა შეძლო. ლუის სუარესმა და ცვლილებაზე შემოსულმა ლეო მესიმ გუნდს არაფრისგან ქულა გადაურჩინეს.


დი ფრანჩესკოს გუნდი სერია A-ს ბოლო ტურში "ბოლონიას" ესტუმრა და ფრედ 1:1 ითამაშა.

რომაელებს ქულა ცვლილებაზე შემოსულმა ედინ ჯეკომ გადაურჩინა.

"რომა" სატურნირო ცხრილში 60 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება და თუ თავად არ "მოინდომეს" ჩემპიონთა ლიგის ოთხეულის დატოვება მათ არ ემუქრებათ.


ვინ ვერ ითამაშებს და ვისი თამაშია საეჭვო

ვალვერდეს შემადგენლობის მხრივ ერთი შეხედვით პრობლემა არ აქვს, თუმცა ბასკი სპეციალისტი 100%-ით მშვიდად მაინც ვერ იქნება.

გამორიცხულია ლუკა დინის თამაში, რომელსაც უკვე კარგა ხანია ტრავმა აქვს, თუმცა მისი არყოფნა "ბლაუგრანასთვის" პრობლემას არ წარმოადგენს.

ტრავმა ახლახანს მოიშუშა სერხიო ბუსკეტსმა და გუნდის განაცხადს დაუბრუნდა. ვალვერდეს თქმით, კატალონიელი ნახევარმცველი სათამაშოდ მზადაა და მას მოედანზე ვიხილავთ.

იქნება, თუ არა ბუსკეტსი 100%-ით მზად? ამის თქმა გადაჭრით რთულია...

როგორც მოგეხსენებათ, მცირე ტრავმა აქვს ლეო მესის, რომელმაც ორივე სანაკრებო შეხვედრა გამოტოვა და "სევილიასთან" მხოლოდ ნახევარი საათით ითამაშა.

ვალვერდემ ქომაგები დაამშვიდა და განაცხადა, რომ მესი მოედანზე აუცილებლად იქნება.

რაც შეეხებათ რომაელებს, დი ფრანჩესკოს ახალგაზრდა თურქი ტალანტი ჩინგიზ იუნდერი არ ეყოლება. ფეხბურთელს მცირე ტრავმა აქვს და მისი თამაში გამორიცხულია.

"ბოლონიასთან" შეხვედრაში დაშავდა რაჯა ნაინგოლანი, რომელიც "მგლების" ერთ-ერთი სკავანძო ფიგურაა.

როგორც თავად ბელგიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რადგან ის მატჩის განაცხადშია, ესეიგი მოედანზე გასვლასაც შეძლებს. ყველაფერს მწვრთნელი გადაწყვეტს.

ეჭვგარეშეა, რომ "რომას" ნაინგოლანის გარეშე "ბარსას" წინააღმდეგ მოედნის ცენტრში თამაში ძალიან გაუჭირდება.

ტაქტიკა - დაუმარცხებელი "ბარსა" და არაიტალიური "რომა"

1/8 ფინალში "ჩელსის" წინააღმდეგ საშინაო მატჩის დროს ნათლად გამოჩნდა, რომ ერნესტო ვალვერდე მთელი სეზონის განმავლობაში 4-4-2-ით თამაშს არ აპირებს.

როგორც კი უსმან დემბელე ფორმაში შევიდა და გუნდის რიტმში ჩაჯდა, ვალვერდემ ის უმალვე ძირითადში გაამწესა და პაულინიო თადარიგში დატოვა.

"ბარსელონას" სურს, რომ ყველაფერი პირველივე მატჩში გადაწყვიტოს და საშინაო შეხვედრას მაქსიმალური კონცენტრაციით ხვდებიან.

ეჭვგარეშეა, რომ კარს მარკ ანდრე ტერ შტეგენი დაიცავს. დაცვის მარჯვენა და მარცხენა ფლანგებს ტრადიციულად სერხი რობერტო და ხორდი ალბა გააკონტროლებენ. ცენტრალურ ზონაში კი პიკე-უმტიტის დუეტი იმოქმედებს.

ნახევარდაცვა ვალვერდეს სტილში 2 ზონად დაიყოფა: 1) საყრდენი ნაწილი, სადაც ბუსკეტსი და რაკიტიჩი იმოქმედებენ. მათ, მეტოქის შეტევების განეიტრალება დაევალებათ. 2) ინიესტა და მესი რომაელთა დაცვის გარღვევას ნახევარდაცვის ზონიდან დაიწყებენ. მარჯვენა ფლანგიდან კი უსმან დემბელე შეუტევს, რომელიც ლუის სუარესთან ახლოს იმოქმედებს და თავის შანსს დაელოდება. ფრანგი გარემარბის სისწრაფე სტუმართა უკანა ხაზისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავსატეხი იქნება. ფორვარდად რა თქმა უნდა, სუარესი იმოქმედებს.

ყველამ კარგად იცის, რომ ვალვერდეს სქემა არასდროსაა ისეთი, როგორიც მატჩის დაწყების დროს ეკრანზე ჩნდება ხოლმე. ფლანგებს თავიდან ბოლომდე ალბა და რობერტო გააკონტროლებენ. ინიესტა და დემბელე კი შეტევების დროს ცენტრისკენ შეიწევენ და მეტოქეზე ზეწოლას გაზრდიან.

ვალვერდემ, კატალონიელების დაცვაში თამაში გაცილებით სრულყოფილი გახადა და სწორედ ამის შედეგია, რომ "ბარსა" ჯერჯერობით არც ჩემპიონთა ლიგაზე და არც ლა ლიგაში არ დამარცხებულა.

"ბლაუგრანა" პირველივე წუთებიდანვე უპირატესობის მოპოვებას შეეცდება და "რომას" მარწუხებში მოაქცევს. სწრაფი გოლი სტუმრებს ადვილად გატეხავს და ეს მასპინძლებმა კარგად იციან.

გუნდი, რომ მესიზეა დამოკიდებული ამაში ახალი არაფერია. ნეიმარის წასვლის შემდეგ მესის როლი განსაკუთრებით გაიზარდა. რა თქმა უნდა, ლეო გუნდისთვის ყოველთვის შეუცვლელი იყო და მთავარ როლს მუდამ ის თამაშობდა, მაგრამ ბრაზილიელის წასვლის შემდეგ შემადგენლობაში არავინაა ისეთი ვინც მესის არყოფნაში თამაშს თავის თავზე აიღებს და ლიდერობას იტვირთავს. ინიესტა უკვე ასაკშია და ძველებურად ვეღარ გამოიყურება. დემებელე ძალიან ახალგაზრდაა. სუარესი გუნდისთვის უდაოდ დიდი ძალაა. ურუგვაელი ბურთითაც და უბურთოდაც ძალიან სასარგებლოა, თუმცა ის აღარ არის "ლივერპულის" სუარესი, რომელიც თამაშებს მარტო იგებდა.

წლევანდელ სეზონში "ბარსელონა" 100%-ით ერთი კაცის სპექტაკლია, რომელშიც თავის როლს ყველა კარგად თამაშობს, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ "იმ ერთის" გარეშე წარმოდგენა არ შედგება...

ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი არაიტალიური სტილის მიმდევარია. "რომა" საკმაოდ აგრესიულ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა მათი პრობლემა სტაბილურობაა. ეტაპობრივად არის მატჩები, როდესაც რომაელებს უბრალოდ არაფერი გამოსდით და უშანსოდ მარცხდებიან. ასეთი რამ იტალიელებს "კამპ ნოუზე" არ უნდა დაემართოთ, თორემ...

"რომა" 4-3-3 სქემით თამაშობს, მაგრამ სამი ცენტრალური ნახევარმცველიდან გამთამაშებელი არცერთია.

სტუმრების კარს ალისონი დაიცავს. უკანა ხაზში ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. დაცვის მარჯვენა ფლანგზე ფლორენსი იმოქმედებს, მარცხნივ კი კოლაროვი. ცენტრში ფასიოსა და მანოლასის დუეტი ითამაშებს.

ნახევარდაცვაში დე როსი-სტროოტმანი-ნაინგოლანის ტრიო იმოქმედებს. მათზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. თუ, "რომა" ცენტრს პირწმინდად წააგებს, მათ უკანა ხაზს "ბარსელონას" შეტევების გაჩერება ძალიან გაუჭირდება.

რომაელთა შემტევ ტრიოს პეროტი-ელ შაარავი-ჯეკო დააკომპლექტებს. იუნდერის არყოფნის პირობებში, შეტევის მარჯვენა ფრთაზე "ელ ფარაონს" უნდა ველოდოთ.

დი ფრანჩესკოს სათამაშო ფილოსოფია საკმაოდ მიმზიდველი და არაიტალიურია. "რომას" არ უყვარს ყრუ დაცვაში ჩაჯდომა. ისინი სწრაფი, აგრესიული და გააზრებული შეტევებით გამოირჩევიან.

რომაელებს შემადგენლობაში ბევრი ისეთი მოთამაშე ჰყავთ, რომლებსაც კონტრშეტევების დროს სწრაფი პეროტისა და ელ შაარავის ზუსტი გადაცემებით მომარაგება შეუძლიათ.

"რომას" შანსიც სწორედ ესაა. "ბარსელონას" მთელი გუნდით წინ ასვლა უყვარს და სტუმრებს კონტრშეტევებზე შანსი ექნებათ, რომელთა გამოყენება მაქსიმალურად უნდა სცადონ.

დი ფრანჩესკო აქტიურად გამოიყენებს სტანდარტულებსაც. ასეთ მომენტებში, გუნდში ჯეკოსა და ფასიოს ყოლა დიდი ფუფუნებაა.

სცენარი - რას უნდა ველოდოთ მატჩისგან

პირველივე წუთებიდანვე "ბარსა" მეტოქეს დიდი ძალებით შეუტევს და მის საჯარიმოში გამოკეტვას შეეცდება.

თავის მხრივ, "რომა" კონტრშეტევებზე იქნება ორიენტირებული და შეეცდება, რომ საფეხბურთო სამყარო გააოცოს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ დი ფრანჩესკომ მესის პირადი მეურვე მიუჩინოს.

ვალვერდე მესის მოედანზე სრულ თავისუფლებას აძლევს და ასეთ ვარიანტში ძალიან ძნელია, რომ ვინმეს მისი პერსონალურად მეურვეობა დაავალო. შედეგები უდაოდ სავალალო იქნება, ეს ყველაფერი წლევანდელმა ელ კლასიკომაც დაგვანახა.

ზიდანი შარშან მესის შეჩერებას კაზემიროს მიჩენით ცდილობდა, წელს კი იგივე კოვაჩიჩს დაავალა, მაგრამ ორივე მცდელობა კრახით დასრულდა.

"რომა" თავს გუნდურად დაიცავს და შეტევაში თავისი მრავალფეროვანი არსენალის გამოყენებას შეეცდება.

სტუმრები დღეს გოლის გატანას აუცილებლად შეეცდებიან, რაგდან "რომა" არ არის "ჩელსი, რომ მთელი მატჩი უკან იდგეს და 0:0-ზე იყოს ორიენტირებული. მათი დაცვა ამას ვერ გაუძლებს.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები