კასილიასის მეათასე მატჩი
Aa
Aa

კასილიასის მეათასე მატჩი

პორტუგალიის ჩემპიონატის 28-ე ტურის შეხვედრაში „ბელენენსეშის“ წინააღმდეგ, იკერ კასილიასმა თავის პროფესიონალურ კარიერაში მე-1000 მატჩი ჩაატარა.

ვეტერანი ესპანელი „პორტუს“ კარს 90 წუთის განმავლობაში იცავდა, თუმცა მისმა გუნდმა 0:2 წააგო და პრიმეირა ლიგის ლიდერობა დაკარგა.

კასილიასი მოქმედ ფეხბურთელებს შორის, ჯანლუიჯი ბუფონის შემდეგ, მეორე ფეხბურთელია, რომელმაც კარიერაში 1000 შეხვედრა ითამაშა.

კასილიასმა 1000 მატჩიან ნიშნულს 3 გუნდში თამაშის წყალობით მიაღწია. მან „რეალის“ ფორმით 725-ჯერ ითამაშა, 167-ჯერ ესპანეთის ნაკრების მაისური მოირგო, ხოლო გუშინ „პორტუსთან“ ერთად 108-ე შეხვედრა გამართა.

36 წლის იკერ კასილიასმა სადებიუტო მატჩი პროფესიულ დონეზე 1999 წელს "რეალის" რიგებში ჩაატარა. 2000 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში 19 წლის ასაკში ითამაშა, მასზე ახალგაზრდა მეკარეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ უასპარეზია.

აქვე დავამატოთ, რომ ესპანური Sport-ის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იკერი სეზონის ბოლოს, შესაძლოა, პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს და „ლივერპულის“ მაისური მოირგოს.

მას „პორტუს“ თავკაც სერჟიო კონსეისაოსთან არცთუ კარგი დამოკიდებულება აქვს და დიდი შანსია, სეზონის ბოლოს „დრაგაო“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები