ნევილი კონტეს: ''როცა წარმატებას კრიზისი ცვლის, უნდა წახვიდე''
Aa
Aa

ნევილი კონტეს: ''როცა წარმატებას კრიზისი ცვლის, უნდა წახვიდე''

''მანჩესტერ იუნაიტედის'' ლეგენდარული ფეხბურთელის, გარი ნევილის აზრებს ანტონიო კონტეს შესახებ skysports-ი ავრცელებს. ნევილის აზრით იტალიელი სპეციალისტი შემდეგ სეზონში ''არისტოკრატებს'' არ გაწვრთნის.

''ვფიქრობ შემდეგ სეზონში ანტონიო კონტე არ უხელმძღვანელებს ლონდონის ''ჩელსის.'' ასე ვფიქრობ არა იმიტომ, რომ ის არ მუშაობს მაღალ დონეზე, არამედ ასეთია მწვრთნელის პროფესია. როცა შენი გუნდი წარუმატებლად ასპარეზობს და წარსულში შენი ხელმძღვანელობით გაცილებით კარგ შედეგებს აჩვენებდა, როცა წარმატებას კრიზისი ცვლის, უნდა წახვიდე'' - აღნიშნა ნევილმა.

პრემიერლიგის 32-ე ტურში ლონდონის ''ჩელსი'' ''სტემფორდ ბრიჯზე'' ლონდონურ დერბიში 1:3 დამარცხდა ''ტოტენჰემთან.'' 1990 წლის თებერვლის შემდეგ ''ტოტენჰემმა'' პირველად მოიპოვა სამი ქულა ''არისტოკრატებთან'' გასვლით შეხვედრაში. მიმდინარე სეზონში ''ჩელსიმ'' ინგლისის ჩემპიონატში მეცხრე მარცხი განიცადა, უკანასკნელ ხუთ მატჩში სამჯერ დამარცხდა, ''ტოტენჰემის'' გარდა ლიდერ ''მანჩესტერ სიტისთან'' და მეორეადგილოსან ''მანჩესტერ იუნაიტედთან''დაკარგა ქულები.

''სტემფორდ ბრიჯზე'' მორატას გოლით მაურისიო პოჩეტინოს გუნდი მარცხდებოდა, თუმცა ერიკსენის გოლმა და დელე ალის დუბლმა სტუმრებს დერბი მოაგებინა.

პრემიერლიგაში ''ჩელსი'' 56 ქულით მეხუთე ადგილზეა, მეოთხეადგილოსან ''ტოტენჰემს'' 8 ქულით ჩამორჩება, ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურია დარჩენილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები