ისნერმა დელ პოტრო გააჩერა - იქნება მასტერსის პირველი ტიტული?
Aa
Aa

ისნერმა დელ პოტრო გააჩერა - იქნება მასტერსის პირველი ტიტული?

მაიამიში მიმდინარე მასტერსის სერიის  ტურნირის პირველი ფინალისტი ამერიკელი ჯონ ისნერი გახდა.

გიგანტმა ამერიკელმა 1/2 ფინალში ხუან მარტინ დელ პოტროს აჯობა, რომელსაც ზედიზედ 15 შეხვედრა ჰქონდა მოგებული. მან აკაპულკოს 500-იანი ტურნირი და ინდიან უელსის მასტერსი მოიგო, მაიამიში კი 1/2 ფინალამდე მივიდა, მაგრამ როგორც შეხვედრამ გამოაჩინა,  მეტის გაკეთების საშუალება დაღლილობამ არ მისცა.

დელ პოტრო კორტზე ძლივს გადაადგილდებოდა, ხოლო ისნერი ჩვეულად რისკიანი გახლდათ და თითქმის ყველაფერი გამოსდიოდა. ჯონმა ბრეიკი პირველივე შესაძლებლობისას შეასრულა და მატჩის პირველ სეტში უდიდესი უპირატესობა ჰქონდა - 6:1.

მეორე პარტიაში არგენტინელმა ძალები გამონახა და ტაიბრეიკამდე მიაღწია, თუმცა იქ ფარ-ხმალის დაყრა მოუწია, რის გამოც 15 მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა - 1:6, 6:7.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს დელ პოტროს ყველაზე მეტი, 21 შეხვედრა აქვს მოგებული. 

რაც შეეხება ისნერს, იგი მასტერსის სერიის ტურნირის ფინალში მეოთხედ გავიდა, წინა 3 გადამწყვეტი მატჩი კი წაგებული აქვს - 2012 წელს ინდიან უელსში, 2013 წელს ცინცინატიში და 2016 წელს პარიზში.

ფინალური შეხვედრა კვირას, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები