ვერდასკოს გამოცდილება და სტივენსის ფორმა - მაიამიში 1/4 ფინალების ჯერი დადგა
Aa
Aa

ვერდასკოს გამოცდილება და სტივენსის ფორმა - მაიამიში 1/4 ფინალების ჯერი დადგა

მაიამის სანაპიროზე წლის მე-2 მასტერსის სერიის ტურნირი დასკვნით ფაზაში შედის.

მამაკაცთა შორის შემდეგ ეტაპზე გავიდა ნიკ კირგიოსი, რომელმაც იტალიელ ფაბიო ფონინის საკმაოდ მარტივად, საათსა და 7 წუთში, 6:3 6:3 მოუგო.

კირგიოსის უპირატესობა აშკარა იყო და მან მეტოქეს ბრეიკის შესრულების საშუალება ერთხელაც არ მისცა. ახალგაზრდა ავსტრალიელის მომდევნო მოწინააღმდეგე გერმანელი ალექსანდრ ზვერევი იქნება, რომელმაც დავიდ ფერერთან შედარებით მძიმე მატჩი გადაიტანა - 2:6 6:2 6:4.

თავიანთი შეხვედრები მოიგეს კევინ ანდერსონმა, ბორნა ჩორიჩმა, დენის შაპოვალოვმა, პაბლო კარენო-ბუსტამ და ფერნანდო ვერდასკომ. ვეტერანმა ესპანელმა, ამომავალ ვარსკვლავ და მიმდინარე ტურნირზე როჯერ ფედერერის დამმარცხებელ ტანასი კოკინაკისს უმძიმეს ორთაბრძოლაში აჯობა - 3:6 6:4 7:6.

დღეს რამდენიმე მატჩი გაიმართება, რომელთა შორისაც ნახსენები ზვერევი-კირგიოსის გარდა, ისნერი-ჩილიჩი და შაპოვალოვი-ჩორიჩი უნდა გამოვარჩიოთ. საინტერესო იქნება ფერნანდო ვერდასკოსა და პაბლო კარენო-ბუსტას ესპანური დაპირისპირებაც.

არანაკლებ საინტერესოდ განვითარდა მოვლენები ქალთა თანრიგში, რომლის ცენტრალური მატჩიც აგნეშკა რადვანსკასა და ვიქტორია აზარენკას შორის შედგა. ვიკამ შესანიშნავად ითამაშა და გამოცდილ მოწინააღმდეგეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - 6:2 6:2. კიდევ ერთი საინტერესო აფიშა გარბინ მუგურუსამ და სლოუნ სტივენსმა შეადგინეს, თუმცა აქაც ერთი ჩოგბურთელის უპირატესობა აშკარა იყო. სტივენსი მეტოქეზე ზუსტად და სტაბილურად თამაშობდა, რამაც 6:3 6:4 გამარჯვების საშუალება მისცა.

ბეწვის ხიდზე გაიარა ანგელიკ კერბერმა, რომელიც ჩინელ ვან იაფანს ხვდებოდა. პირველი ორი სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა და ჯერ იაფანმა იმარჯვა, შემდეგ კი კერბერმა, თუმცა მე-2 პარტიის ტაიბრეიკზე იაფანი წინ იყო და 5:4-ზე ქულის მოგების შემთხვევაში, ორმაგ მატჩ-ბოლამდე მიდიოდა, რაც ვერ შეძლო და მე-3 სეტში მისთვის კერბერს შანსი აღარ მიუცია - 6:7 7:6 6:3.

იოლად გავიდა შემდეგ წრეში კაროლინა პლიშკოვა, აი ელინა სვიტოლინა კი ეშლი ბარტისგან საკმაოდ სერიოზულ წინააღმდეგობას შეხვდა, მაგრამ იგი დაძლია და 2 სეტში 7:5 6:4 იმარჯვა.

კიდევ ერთი საინტერესო მატჩი ვენუს უილიამსმა და ტურნირის გასული წლის ჩემპიონმა იოჰანა კონტამ გამართეს.

პირველი პარტია კონტამ 7:5-ზე დახურა, თუმცა შემდეგ რიტმიდან ამოვარდა და თამაში 3 სეტში 7:5 1:6 2:6 დათმო. გათამაშებას დაემშვიდობა პეტრა კვიტოვა, რომელიც ელენა ოსტაპენკოს 2 სეტში 6:7 3:6-ზე დანებდა.

დღეს მაიამის მასტერზე 1/4 ფინალური სტადია იწყება. 21 საათიდან კორტზე სლოუნ სტივენსი და ანგელიკ კერბერი გამოვლენ, ხოლო ღამის 3 საათსა და 30 წუთიდან ვიქტორია აზარენკა და კაროლინა პლიშკოვა ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები