kicker: ტუხელი
Aa
Aa

kicker: ტუხელი "არსენალს" ჩაიბარებს!.. - რა ხდება არსენ ვენგერის თავს?

გერმანული მედიის ცნობით, ტომაშ ტუხელი ლონდონის „არსენალის“ გაწვრთნას დათანხმდა.

გამოცემა kicker-ის თქმით, ტუხელი „მეთოფეთა“ ხელმძღვანელობას მოელაპარაკა და კლუბს მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ ჩაიბარებს. საქმე ისაა, რომ არსენ ვენგერს ამჟამინდელი ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულში უსრულდება და ტუხელიც „ემირეითს სთედიუმზე“ ამის შემდეგ მივა.

იმავე kicker-ის მიერ რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ცნობის თანახმად, ტუხელი „პარი სენ ჟერმენის“ თავკაცის პოსტზეც განიხილებოდა. კიდევ ერთი გერმანული გამოცემა Bild-ი ამბობს, რომ 44 წლის ტუხელმა მიუნხენის „ბაიერნის“ გაწვრთნაზე უარი განაცხადა, რადგან მას პრემიერ ლიგაში ძალების მოსინჯვა სურს.

აღსანიშნავია, რომ ტუხელი „არსენალის“ მომავალ მწვრთნელად ჯერ კიდევ მაშინ სახელდებოდა, სანამ არსენ ვენგერი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებდა. ეს ყველაფერი გვაძლევს იმას, რომ ორივე მხარე - ლონდონელთა ხელმძღვანელობაც და გერმანელი სპეციალისტიც თანამშრომლობით დაინტერესებული არიან.

ტუხელთან ერთად, შესაძლოა, „ემირეითს სთედიუმზე“ სვენ მისლინტატიც გადავიდეს, რომელიც 10 წელიწადზე მეტია „დორტმუნდშია“ და თანამედროვე ფეხბურთში ტალანტებთან მუშაობის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად ითვლება.

პრობლემა ისაა, რომ „დორტმუნდში“ ყოფნის ბოლო პერიოდში ტუხელი და მისლინტატი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. მისლინტატმა „ბორუსიას“ ოლივერ ტორესის შეძენა ურჩია და ტრანსფერი თითქმის ბოლომდე იყო მიყვანილი, როცა ტუხელმა იგი დაბლოკა და ტორესის „სიგნალ იდუნა პარკზე“ გადასვლა შეუძლებელი გახდა. მისლინტატი თვლიდა, რომ ესპანელი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანის იდეალური შემცვლელი იქნებოდა, რაშიც ტუხელი, როგორც ჩანს, არ ეთანხმებოდა.

ჩემსა და ტუხელს შორის უთანხმოება, ოლივერ ტორესის თემის შემდეგ დაიწყო. ტორესი ბურთთან ერთად ფანტასტიურია და მის გუნდში მოყვანას სრულად მხარს ვუჭერდი. ესპანელი ბრწყინვალეა პოზიციების შერჩევისას და პასების დარიგებისას. იგი, ილქაი გიუნდოგანის იდეალური შემცვლელი იქნებოდა“. - განუცხადა მისლინტატმა გერმანულ პრესას.

ტუხელის „არსენალში“ გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი ლოთარ მათეუსმაც გააკეთა, რომელიც აღნიშნავს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მწვრთნელსა და ჩრდილო ლონდონელებს შორის, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ტომაშ ტუხელის სამწვრთნელო კარიერა 2007 წელს „აუგსბურგის“ მე-2 გუნდში დაიწყო, საიდანაც მან 2009 წელს „მაინცში“ გადაინაცვლა და კარნავალელებს 2014 წლამდე უთავკაცა, ხოლო 2015-17 წლებში „დორტმუნდის ბორუსიას“ დამრიგებელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები