Aa
Aa

NBA-ს გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

ბრუკლინი - კლივლენდი 114 – 121

დღევანდელი ტურის გახსნითი მატჩი ბრუკლინში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ნეთსმა“ ლებრონ ჯეიმსის „კლივლენდ კავალიერსს“ უმასპინძლა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და „კავსმა“ მხოლოდ მეოთხე მეოთხედში მოახერხა „ბრუკლინის“ წინააღმდეგობის გატეხვა. აღნიშნული პერიოდი "კლივლენდმა" 9 ქულიანი სხვაობით მოიგო.

„კლივლენდს“ ლებრონმა ულიდერა 37 ქულითა და 10 მოხსნით. ორმაგი დუბლი მიითვალა კევინ ლავმა - 20 ქულა, 15 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან 18 ქულა შესძინა გუნდს ჯორდან კლარკსონმა.

„ბრუკლინის“ მხრიდან გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ჯო ჰარისმა. 26 წლის ფორვარდმა 7-დან 6 სამიანი გამოიყენა და მატჩი 30 ქულით დაასრულა. 18 ქულა შესძინა გუნდს დემარი კეროლმა.

„კლივლენდმა“ ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო და 44 მოგებითა და 29 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება.

 

მილოუკი - სან ანტონიო 106 - 103

„სპურსის“ 6 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა „მილოუკი ბაქსმა“. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ „ხარირმებმა“ მესამე მეოთხედი 13 ქულიანი სხვაობით 41-28 მოიგეს და მატჩში გამარჯვების მიღწევა არ გასჭირვებიათ.

„მილოუკის“ ტრადიციულად იანისმა ულიდერა 25 ქულითა და 10 მოხნსით. 23 ქულა მიითვალა ერიკ ბლედსოუმ, კრის მიდელტონმა კი შეხვედრა 19 ქულით დაასრულა.

„სან ანტონიოს“ რიგებში ოლდრიჯისა და გაზოლის დუეტი გამოირჩა. ლამარკუსმა შეხვედრა 34 ქულით, ხოლო პომ 22 ქულით დაასრულა.

„მილოუკი“ 39 მოგებითა დ 34 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება.

 

ოკლაჰომა - პორტლენდი 105 – 108

დღევანდელი ტურის ცენტრალური მატჩი უდავოდ ოკლაჰომაში გაიმართა, სადაც „თანდერმა“ მესამეადგილოსანს - „პორტლენდს“ უმასპინძლა და 3 ქულიანი სხვაობით დამარცხდა.

„ტრეილ ბლეიზერსმა“ უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა და აღნიშნული პერიოდი 17 ქულიანი სხვაობით მოიგო.

„პორტლენდს“ სი ჯეი მაკკოლუმმა ულიდერა 34 ქულით. 24 ქულა შესძინა გუნდს დემიან ლილარდმა. ორმაგი დუბლი მიითვალა იუსუფ ნურკიჩმა - 17 ქულა, 12 მოხსნა.

„ოკლაჰომას“ მხრიდან რასელ ვესტბრუკი გამოირჩა 23 ქულით. ორმაგი დუბლი მიითვალა სტივენ ადამსმა - 18 ქულა, 10 მოხსნა. საშინელი მატჩი ჩაატარეს „თანდერის“ ლიდერებმა - პოლ ჯორჯმა და კარმელო ენტონიმ. მათ ჯამში 28-დან მხოლოდ 7 ტყორცნა მოათავსეს კალათში და 12 სამქულიანი ააცილეს.

45 მოგებითა და 28 მარცხით „პორტლენდი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება.

 

ჰიუსტონი - ატლანტა 118-99

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ჰიუსტონმა“. ჰეიმს ჰარდენმა და კომპანიამ აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი - „ატლანტა ჰოუქსი“ 19 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს.

სამმაგი დუბლი მიითვალა ჰარდენმ - 18 ქულა, 10 მოხსნა, 15 გადაცემა. 22 ქულა შესძინა გუნდს ერიკ გორდონმა. სათადარიგო სკამიდან საუკეთესო იყო ჯერალდ გრინი - 25 ქულა, 7 მოხსნა.

შროდერის არყოფნაში „ატლანტას“ პრინცი, ტეილორის დუეტმა ულიდერა 28-26 ქულით. სათადარიგო სკამიდან 16 ქულა შესძინა გუნდს ტაილერ დორსიმ.

60 მოგებითა და 14 მარცხით „როქეთსი“ დასავლეთ კოფნერენციის ერთპიროვნული ლიდერია.

 

გოლდენ სტეიტი - იუტა 91 – 110

დღევანდელი ტურის დასკვნითი მატჩი ოკლენდში გაიმართა, სადაც წლევანდელ სეზონში ზედიზედ მეორედ მოახერხა „იუტა ჯაზმა“ მოქმედი ჩემპიონების დამარცხება. ლიდერების გარეშე დარჩენილმა „უორიორსმა“ საკუთარ მოედანზე ვერაფერი გააწყო რუდი გობერისა და დონოვან მიჩელის დუეტის წინააღმდეგ და საბოლოოდ მატჩი 19 ქულიანი სხვაობით - 91-110 დათმო.

კარი, ტომპსონი, დურანტი, გრინის არყოფნაში „მეომრებს“ ქუინ ქუკმა ულიდერა 17 ქულით. სათადარიგო სკამიდან 12 ქულა შესძინა გუნდს ანდრე იგუდალამ.

„ჯაზმენების“ რიგებში ტრადიციულად დონოვან მიჩელი გამოირჩა 21 ქულით. ორმაგი დუბლი მიითვალა რუდი გობერმა, ფრანგმა ცენტრმა 17 ქულასთან ერთად 15 მოხსნა და 4 დაფარება ჩაიწერა აქტივში.

„იუტა“ 42 მოგებითა და 32 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება და „დენვერს“ 2 მოგებით უსწრებს. რაც შეეხება „გოლდენ სტეიტს“, „მეომრები“ ამავე კონფერენციის მეორე ადგილს იკავებენ 54 მოგებითა და 19 მარცხით.

 

სხვა მატჩების შედეგები:

ინდიანა - მაიამი 113 – 107

საკრამენტო - ბოსტონი 93 – 104

ტორონტო - კლიპერსი 106 – 117

ვაშინგტონი - ნიუ იორკი 97 – 101

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები