მილტონ ჰეიგი
Aa
Aa

მილტონ ჰეიგი "ბორჯღალოსნებზე": "გენეტიკურია, ეს მათ სისხლში აქვთ"

ბორჯღალოსნებმა 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი დიდი სლემით მოიგეს: დაამარცხეს ხუთივე მოწინააღმდეგე, დაიბრუნეს ორივე თასი (რაგბი ევროპის ჩემპიონატის და რუმინეთთან საზიარო ანთიმოზ ივერიელის სახელობის) და ისევე, როგორც 2016 წელს, მოაგროვეს 24 სატურნირო ქულა.

ჩვენმა გუნდმა გაიტანა 26 ლელო და გაუშვა მხოლოდ 2, ხოლო ქულათა ბალანსი 188:35-ზეა.

ჰეიგი თვლის, რომ ეს კარგი შედეგია, რადგან ორი წლის წინ ამ ტურნირში გამოცდილი გუნდი თამაშობდა, ხოლო წელს თავის გამოჩენის შესაძლებლობა ახალბედებს ჰქონდათ და შედეგი იგივე დადგა:

„2016 და 2018 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატების სტატისტიკური მაჩვენებლები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. მაშინაც და ახლაც ბევრი ქულები ავიღეთ და ლელოებიც თითქმის თანაბრად გავიტანეთ.

„ვფიქრობ, ეს კარგი შედეგია, რადგან 2016 წელს იმ შემადგენლობით ვითამაშეთ, რომელმაც 2015 წლის მსოფლიოს თასზე წარმატებით იასპარეზა და დიდი თავდაჯერებულობა შეიძინა. ამჟამინდელი გუნდი გაცილებით ახალგაზრდულია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი მეტოქეებიც მოღონიერდნენ. მაგალითად ესპანეთი და რუსეთი შარშანდელზე უკეთესი იყო, ხოლო უფრო ძლიერი შეიძლებოდა ყოფილიყო რუმინეთი“.

პირველ ტაიმში გვიჭირდა

უკვე არაერთხელ ითქვა, რომ 2018 წლიდან ბორჯღალოსნები უშუალოდ 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადებაზე გადავიდნენ და ამ მხრივ მნიშვნელოვანია ხარვეზების აღმოჩენა და აღმოფხვრა.

მთავარი მწვრთნელის აზრით, პირველ ტაიმში დავალებების შესრულება ჭირდა და მაგალითად კრასნოდარში რუსეთთან გამართული შეხვედრა მოყავს. იყო შემთხვევები, როდესაც თამაშის მსვლელობისას თანმიმდევრობა ირღვეოდა:

„პირველ ტაიმში მატჩის წინ მიცემული დავალებების შესრულება ჭირდა და შესვენებაზე კვლავ იმაზე გვიწევდა საუბარი, რაც უკვე გავლილი გვქონდა. ერთი კვირით ადრე ვიცოდით, რომ რუსეთში ცუდი ამინდი იქნებოდა და 9 ნომერს, მგეზავს და ფულბეკს დავავალეთ, რომ ბურთი მეტოქის ნახევარზე მუდმივად ფეხით გადაეტანათ. ამის ნაცვლად პირველი ტაიმის საწყის ათ წუთში, ჩვენი მოედნის მხარეს 10 მეტრიანთან დაახლოებით ათჯერ მოგვიწია რაქში თამაში, ბურთი ხელით მოგვქონდა, ფაზების აკინძვას ვცდილობდით.

„შესვენებაზე თითოეულ მოთამაშეს კონკრეტული დავალება მივეცით. კიდევ ერთხელ მივუთითეთ, რომ ბურთი ფეხით მეტოქის მოედანზე გადაეტანათ და როგორც კი ეს გააკეთეს, შედეგიც შესაბამისი დადგა.

„თამაშის გარკვეულ ასპექტებში არათანმიმდევრულად ვირჯებოდით და ამით უკმაყოფილო ვარ. რუმინეთთან ბოლო სამი საკუთარი დერეფანი წავაგეთ. ეს შეიძლება თანაბრად დააბრალო ბურთის ამგდებს, მხტომელს და მის ამწევებს. თითოეული კომპონენტის შესრულების დასკვნით ფაზაზე, მორაგბეებთან ბევრს ვსაუბრობთ. ამ შემთხვევაში რუმინეთმა ჩვენი შეცდომები ვარ გამოიყენა, თუმცა სხვა, უფრო მაღალი კლასის გუნდი აუცილებლად დაგვსჯიდა.

„ერთი სიტყვით თამაშის მართვაში საკმაოდ მაღალ დონეზე ვართ, მაგრამ ხარვეზები მაინც არის და მის გამოსწორებას მუშაობა სჭირდება. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გერმანიასთან, რუსეთთან და ესპანეთთან, შეცვლაზე შესული მორაგბეებით კმაყოფილი დავრჩი. მათ მეტოქეს ცეცხლი შეუნთეს და ეს კარგი იყო“.

„საკუთარ ლელოდან 5 მეტრში მსოფლიოში საუკეთესოები ვართ!“

ჰეიგი კმაყოფილია ბორჯღალოსნების დაცვის ხაზის თამაშით და ამაში ქართული გენეტიკის თავისებურებას ხედავს, მთავარ საფიქრალად კი, შეტევის გაუმჯობესება მიაჩნია:

„ჩვენი შეტევა იმ დონეზე ვერაა, რა სიმაღლეზეც დაცვა და ამ მიმართულებით რიჩი გრემს ბევრი სამუშაო აქვს. ამ ყველაფერს ობიექტური ახსნაც აქვს. დაცვაში თამაში შედარებით ადვილია - ხაზად დგომა, დროული გადაწყობა, ხაზის სწრაფად აწევა, სწორი პოზიციის შერჩევა. ამასთან ერთად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარი ლელოდან ხუთ მეტრში ჩვენი გუნდის დაცვა მთელს მსოფლიოში საუკეთესოა და ეს გენეტიკურია. იმ მომენტში ქართველი მორაგბეების ფსიქოლოგიაში რაღაც ხდება, საკუთარ ტერიტორიას თავგანწირვით იცავენ და ამაში ჩვენს ბიჭებს ვერავინ შეედრება.

„თანაც, ქართველი მორაგბეები ფიზიკურად ძლიერები არიან - უყვართ მეტოქის შებოჭვა, „გვერდებში მირტყმა“. 2015 წლის მსოფლიო თასზე, ტონგასთან, 200-ზე მეტი ბოჭვა გავაკეთეთ. ეს მათ სისხლში აქვთ.

„შეტევა უფრო კომპლექსური და რთულია. ჩვენ არ გვყავს ახალი ზელანდიის ნაკრებივით სწრაფი მოთამაშეები, რომლებზეც ეს გუნდი თამაშს აწყობს. ამიტომ, ვაყალიბებთ ისეთ სისტემას, რომელიც ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობას მისცემს. საჭიროა ეს სტრუქტურა შეიკრას და ავტომატიზმამდე დავიდეს, რათა შეტევის დროს ყველა იმ ადგილას იმყოფებოდეს, სადაც მისი ყოფნა აუცილებელია, მის დახვეწას კი, დრო ჭირდება“.

მოთამაშეთა შერჩევის პრინციპი

როგორ არჩევს ჰეიგი შემადგენლობას და რატომ არ ხვდება ესა თუ ის მოთამაშე განაცხადში? ესაა კითხვა, რომელზე პაუხიც გულშემატკივარს ყველაზე მეტად აინტერესებს და მწვრთნელი პასუხობს:

„ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით მორაგბეებს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. გვაქვს მათთან მუდმივი კონტაქტი, ვაძლევთ მითითებებს, კონკრეტულ დავალებებს. ვუხსნით რა აქვთ გამოსასწორებელი, რაზე უნდა ივარჯიშონ უფრო მეტი.

„მაგალითად, ყურადღებით ვაკვირდებოდით გიორგი ფრუიძის თამაშს „ჩელენჯ ქაფზე“. კლუბში ის კარგად თამაშობდა და მივეცით, შანსი, გვაინტერესებდა, შეძლებდა თუ ვერა კლუბში ნაჩვენები სათამაშო დონის ნაკრებში გადმოტანას. ბელგიასთან მან კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა. დაველაპარაკეთ, მივეცით მითითებები და ავუხსენით, რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მისი ნაკრებში გამოძახება.

„თამაზ მჭედლიძეს ‘აჟენში’ მცირე სათამაშო დრო ჰქონდა. ვუთხარით, რომ მეტი უნდა იმუშაოს და ფორმაში შევიდეს. ყველა მორაგბემ, რომელიც გამოძახებულია, კარგად იცის, რომ საწვრთნელი შეკრების დროს მაქსიმალურად ბეჯითად უნდა გაისარჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მომდევნო ჯერზე აღარ დავუძახებთ.

„ავიღოთ თუნდაც ვასილ ლობჟანიძე. ნოემბრის ტესტებისას ის ფორმაში არ იყო. ცხადია, შესაბამისი მითითებები მივეცით. ახლაც, რაგბი ევროპის ჩემპიონატის საწვრთნელ შეკრებაზე რომ ჩამოვიდა, სათანადო ფორმაში ბოლომდე ვერ იყო. სწორედ ამიტომ პირველ ორ მატჩში მარქაფაში მოუწია ყოფნა. ის ჭკვიანი ბიჭია, ყველაფერს სწორად მიხვდა და ნელ-ნელა მოუმატა. თამაში აშკარად გამოასწორა და რუმინეთთან კარგად ითამაშა. მიგვაჩნია, რომ ლობჟანიძეს შეუძლია მსოფლიო დონის მორაგბე გახდეს და საამისოდ რა უნდა გააკეთოს, ეს კარგად იცის“.

„გორგოძეს გამოსათხოვარი მატჩი ჯერ არ უთამაშია“

წინასწარი ინფორმაციით, მამუკა გორგოძეს ნაკრებთან გამოსათხოვარი მატჩი რუმინეთის წინააღდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ ამაში მას ხელი ტრავმამ შეუშალა. ეს ჰეიგს გარკვეული იმედის საფუძველს აძლევს:

„გორგოძე გერმანიაში, თამაშის შემდეგ ვნახე, ტრავმის თაობაზე ვკითხე და მითხრა მალე გამოვჯანმრთელდებიო. მე ვუპასუხე - კარგია, მსოფლიო თასისთვის ფორმაში იქნებითქო. არაფერი მიპასუხა, მხოლოდ გაიღიმა.

„მამუკა სიტყვის კაცია და რასაც იტყვის აღარ გადათქვამს. მას უნდოდა, რომ ნაკრებთან გამოსათხოვარი მატჩი რუმინეთის წინააღმდეგ ეთამაშა, მაგრამ ტრავმის გამო ეს ვერ შეძლო. უნდა ვივარაუდოთ, რომ მატჩმა მისი მონაწილეობით, გარკვეული დროით გადაიწია...“

იტალიასთან - „ერთ თამაშში უკეთესს ვერ გაარკვევ“

ამა წლის ნოემბერში ბორჯღალოსნებს იტალიასთან ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის:

„ჩვენ ამ თამაშს დიდი ხანია ველით. სამხრეთ ნახევარსფეროში ეს მატჩი არავის აინტერესებს. სამაგიეროდ, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, გასაგები მიზეზების გამო, მის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია, როგორც ქომაგებში, ასევე სპეციალისტებში. ეს კარგიც შეიძლება იყოს და ცუდიც“ - ამბობს ახალ ზელანდიელი სპეციალისტი და მოლოდინებზე საუბრობს:

„შესაძლოა, ექვსი ერის დახურულ კარს მიღმა, ამ თამაშის შედეგმა არაფერი შეცვალოს. თუ მოვიგეთ, ექვს ერში დამატების თამამად მოსათხოვად კიდევ ერთი საბაბი გვექნება. თუმცა, ამ ერთი თამაშით იმის გარკვევა, რომელი უკეთესი გუნდია, არ შეიძლება. ერთ თამაშში მხოლოდ იმის დადგენა ხდება, იმ მომენტში რომელი უფრო ძლიერია.

„ჩვენ გვინდა ჩვენი ძალა ვაჩვენოთ. თუმცა, ამ მატჩის შედეგით ჩვენი მომავალი მაინც არ გადაწყდება. ზოგადად, ეს შეხვედრა არის მორიგი მატჩი პირველი დონის გუნდთან. საქართველოს ნაკრებს ტიერ1-ის გუნდი ჯერ არ დაუმარცხებია და ამისკენ მეთოდურად მივდივართ“.

„არ მინდა დამრჩეს შეგრძნება, რომ რაღაც ვერ გავაკეთე“

ამჟამად მილთონ ჰეიგის ფიქრები მხოლოდ 2019 წლის მსოფლიო თასს უტრიალებს და როგორც ადრეც აღნიშნა, საკუთარ მომავალზე მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ დაფიქრდება:

„დავრჩები თუ არა 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ საქართველოს ნაკრებში, რაგბის კავშირის გადასაწყვეტია. როცა ეს საკითხი დადგება, წინა პლანზე წამოიწევს, თუ რა იქნება ჩემი ოჯახისთვის უკეთესი. ორი გოგო მეზრდება, მშობლები ახალ ზელანდიაში ცხოვრობენ და მათზეც უნდა ვიფიქრო. ჩემი კარიერა ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია...

„იაპონიიდან მართლაც ძალიან კარგი, სარფიანი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ფული მთავარი არაა. როცა საქართველოდან წავალ, არ მინდა დამრჩეს შეგრძნება, რომ ბოლომდე ვერ გავაკეთე ის, რისი გაკეთებაც შემეძლო. მაგრამ ახლა ამ ყველაფერზე არ ვფიქრობ და კონცენტრაცია მთლიანად მსოფლიო თასისკენ მაქვს მიმართული“.

გამოყენებულია rugby.ge-ს მასალები.

ცხელი ამბები