ჯონსონი - პუტინი მუნდიალს ჰიტლერივით გამოიყენებს!
Aa
Aa

ჯონსონი - პუტინი მუნდიალს ჰიტლერივით გამოიყენებს!

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინიტრის, ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ფეხბურთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შესაძლოა ისე გამოიყენოს, როგორც ადოლფ ჰიტლერმა 1936 წლის ოლიმპიური თამაშები გამოიყენა. პარლამენტის ერთ-ერთ კომიტეტზე ჯონსონის სიტყვით გამოსვლისას ლეიბორისტული პარტიის წევრმა, იან ოსტინმა აღნიშნა, რომ პუტინი შესაძლოა ჰიტლერივით მოიქცეს და ამის გამო ინგლისმა მუნდიალს ბოიკოტი უნდა გამოიუცხადოს, რაზეც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაეთანხმა - „ვფიქრობ, მოვლენების 1936 წლის ოლიმპიადასთან შედარება სწორია“ - აღნიშნა ჯონსონმა.

ბორის ჯონსონის თქმით, ვლადიმერ პუტინს სურს რომ რუსეთის სიძლიერე მთელ მსოფლიოს დაანახოს, რასაც ის ნებისმიერ ფასად გააკეთებს. დიდი ბრიტანეთის მთავარი დიპლომატის განცხადებით, იმისათვის რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ რუსეთი მსოფლიომ კვლავ სერიოზულად მიიღოს, პუტინი ყველა აუდიტორიას გამოიყენებს, მათ შორის ფეხბურთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატსაც.

გარდა ამისა, ჯონსონის თქმით ოფიცერი, რომელსაც ჩემპიონატზე ბრიტანელი გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე უნდა ეზრუნა, მუნდიალიდან მოკვთეს, რისი მიზეზიც რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობა გახდა. ამის გამო, ჯონსონმა რუსი მაღალჩინოსნებისგან იმის გარანტია მოითხოვა, რომ დიდი ბრიტანელი გულშემატკივრების უსაფრთხოება დაცული იქნება.

„ჩემი მიზანია დავრწმუნდე, რომ 24,000 ბრიტანელი გულშემატკივარი, რომელიც რუსეთში ჩასვლას აპირებს უსაფრთხოდ იქნებიან. ამის გარანტია კი რუსეთის მთავრობისგან უნდა მივიღო“ - განაცხადა ჯონსონმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

უამრავი საეჭვო საკითხის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინგლისის მხრიდან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირება გამორიცხა. მისი თქმით ეს უსამართლობა იქნება.

„მუნდიალის ბოიკოტი ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება იქნებოდა, როგორც ფანების, ისე ინგლისის ნაკრების მიმართ. ისინი ხომ ამ ჩემპიონატისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ“ - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები