Aa
Aa

"ეს მუნდიალის დაწყებამდე უნდა დაზუსტდეს" - გრიზმანმა თავის მომავალზე ისაუბრა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფრანგი ფორვარდი ანტუან გრიზმანი საკუთარი მომავლის გარკვევას მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გეგმავს.

ფეხბურთელის სურვილია, რომ რუსეთის მუნდიალს დამშვიდებული შეხვდეს და კონცენტრაცია მხოლოდ ნაკრებზე მოახდინოს. ამისათვის კი აუცილებელია, რომ გრიზმანის ირგვლივ არსებულ ჭორებს ბოლო მოეღოს და მისი მომავალი კლუბის ვინაობა დაზუსტდეს.

ანტუან გრიზმანმა სანაკრებო მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა და თავის მომავალზე პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა.

„მსურს, რომ რუსეთში ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ჩავიდე და მშვიდი გონებით ვიყო. საქმე იმაში არ არის, თუ რომელ გუნდში ვიქნები იმ მომენტისთვის, ჩემთვის მთავარია სულიერად მშვიდად ვიყო.

ეს ალბათ მოსაწყენი იქნება, მაგრამ მე ჩემს დას ვუთხარი, რომ სადაც არ უნდა ვთამაშობდე, დავრჩები, თუ წავალ გუნდიდან, ეს მუნდიალის დაწყებამდე უნდა დაზუსტდეს.

მოწყენილობას სწორედ ეს იწვევს, რადგან ყველა მეკითხება, თუ სად გავაგრძელებ კარიერას“.

2016 წელს ფრანგი ფეხბურთელი ოქროს ბურთის სამეულში რონალდუსა და მესისთან ერთად მოხვდა. მას აქვს მიზანი, რომელიც ამ ორი გიგანტის გვერდით დადგომას ითვალისწინებს.

„როდესაც ბედნიერი ვარ, ყველაფერი რიგზეა. მინდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი, ან ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, შემდეგ ოქროს ბურთის დროც მოვა.

მე გუნდის წევრი ვარ და ინდივიდუალურ ჯილდოებს მირჩევნია, რომ ჩემს გუნდთან ერთად ტიტულები მოვიგო. მაგალითად, ჩემპიონატის ბომბარდირის ტიტულს მირჩევნია თავად ტურნირი მოვიგო“.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული L’equipe-ი და რიგი ესპანური გამოცემები ამტკიცებენ, რომ „ატლეტიკოსა“ და გრიზმანს შორის შეთანხმება უკვე შედგა და 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ ფეხბურთელი „კამპ ნოუზე“ გადაბარგდება.

ასევე, იხილეთ ჩვენი სტატია - "ბარსელონამ" გრიზმანის ტრანსფერი შეათანხმა - ვალვერდეს ახალი საფიქრალი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები