Aa
Aa

გენადი გოლოვკინი მსოფლიოს დაპყრობას ეცდება?

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა მოკრივემ, გენადი გოლოვკინმა შესაძლოა ბილი ჯო სანდერსი ბრძოლაში გამოიწვიოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გოლოვკინის მომავალი მეტოქე, კანელო ალვარეზი, დაგეგმილ ბრძოლაში მონაწილეობას დოპინგ ტესტის ჩაგდების გამო ვერ მიიღებს.

ყაზახმა ნოკაუტების მეფემ დაადასტურა, რომ მისი სასურველი მეტოქე სწორედ სანდერსია. ასე რომ თუ 5 მაისს ალვარესი რინგზე ვერ გავა, მაშინ გოლოვკინი ინგლისელი მოკრივის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზებას ეცდება.

„თუ კანელოსთან ბრძოლა არ შედგება, მაშინ ჩემი შემდეგი ნაბიჯი სანდერსი იქნება, რადგან ჩემი ოცნებაა მსოფლიოს კრივის ყველა ქამარი მოვიპოვო.“

ამ დროისთვის გოლოვკინი საშუალო წონით კატეგორიაში WBA-ს, WBC-ს, IBF-სა და IBO-ს ქამრებს ფლობს. WBO-ს ქამარი კი დღესდღეობით სანდერსისაა, რომლის მოპოვების შემთხვევაშიც გოლოვკინი მსოფლიოს ერთპიროვნული ჩემპიონი გახდება. ეს ფაქტი კი ექსპერტების თქმით, სანდერსისთვის მოტივატორი უნდა აღმოჩნდეს და ბრძოლაზე უარი არ უნდა თქვას.

გენადი გოლოვკინი

გოლოვკინმა კომენტარი კანელო ალვარესის მიერ დოპონგების შესაძლო გამოყენებაზეც გააკეთა: „ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ბრძოლა შედგება. ეს ამ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ორთაბრძოლაა და მსურს ამის მონაწილე ვიყო. თუმცა ანტი-დოპონგურმა კომისიამ შესაძლოა ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომ ბრძოლა არ შედგეს. მე გაკვირვებული ვიყავი როდესაც ეს ამბავი გავიგე. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ კანელო რაიმე აკრძალულ ნივთიერებებს იღებდა. არასასიამოვნოა ყველაფერი ამ კუთხით რომ განვითარდა. მე არა ლაბორატორიებს, არამედ სპორტსმენებს შორის შეჯიბრების ხილვა მსურს. სუფთა ბრძოლა, ყოველგვარი მედიცინის გარეშე.“

გოლოვკინი VS ალვარესი

თავად კანელო ალვარესი ამტკიცებს, რომ ის მსოფლიოში უკანასკნელი სპორტსმენია, რომელიც დოპინგის მომხრეა. მისი თქმით, მან საკუთარ ქვეყანაში, მექსიკაში ხორცი ჭამა, რამაც დოპინგზე დადებითი შედეგი დადო. აღსანიშნავია, რომ მექსიკაში ხშირ შემთხვევაში ხორცის დანამატად „კლენბუტეროლს“ იყენებენ, რაც სახელმწიფოს მიერ ნებადართულია. „კლენბუტეროლი“ კი მსოფლიოს ანტი-დოპინგურ სააგენტოს აკრძალული ნივთიერებების სიაში აქვს შეტანილი. ამ მიზეზის გამო სპორტსმენების დაუსჯელობის არაერთი პრეცედენტი არსებობს, რაც იმის იმედს იძლევა, რომ გოლოვკინსა და ალვარესს შორის ბრძოლა შედგება, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.

კანელო ალვარესი და გენადი გოლოვკინი

გოლოვკინის გუნდის წევრები კი მომხდარში მთელ პასუხისმგებლობას, ალვარესის მწვრთნელებს - ჩეპოსა და ედი რეინოსოს ადანაშაულებენ. მათი თქმით, მწვრთნელებს უნდა ეზრუნათ იმაზე, რომ მოკრივეს მსგავსი ნივთიერებით „მოწამლული“ ხორცი არ ეჭამა.

საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტო, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა დადებით თუ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ფაქტია, რომ კრივის გულშემატკივარს საინტერესო ორთაბრძოლა ელის -  გოლოვკინი VS ალვარესი ან გოლოვკინი VS სანდერსი!!!

ბილი ჯო სანდერსი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები