ენდი მარეი „US Open“-ს გამოეთიშა
Aa
Aa

ენდი მარეი „US Open“-ს გამოეთიშა

ამერიკის ღია ჩემპიონატის გათამაშება ბრიტანელი ჩოგბურთელის ენდი მარეის გარეშე გაგრძელდება. მსოფლიო მესამე ჩოგანმა მე-14 ნომერ კევინ ანდერსონთან მოულოდნელად 4 სეტში დამარცხდა. აქამდე ტურნირს რაფაელ ნადალი, კეი ნიშიკორი და დევიდ ფერერი გამოეთიშნენ.

შოტლანდიელმა 19 ეისი მოაწოდა, ხოლო სამხრეთ აფრიკელმა – 25. მატჩი 4:22 საათს გაგრძელდა და მაყურებლებმა სამი ტაიბრეიკი იხილეს. საჩოგბურთო ლატარეაში ორჯერ იღბალი ანდერსონის მხარეს გახლდათ. ურთიერთშეხვედრებში კევინმა მარეის უკვე მეორედ მოუგო (2-5).

შესანიშნავ ფორმაში იმყოფება მეორე ჩოგანი როჯერ ფედერერი. შვეიცარიელის მსხვერპლი ამჯერად ჯონ ისნერი გახლდათ. ეისებით სახელგანთქმულმა ამერიკელმა “მაესტროს” ვერაფერი დაუპირისპირა და სამ სეტში დამარცხდა. ჯონმა მხოლო ორი აუღებელი მოწოდებით აჯობა ფედერერს (17-15). პირველი ორი სეტი შვეიცარიელმა ტაიბრეიკზე მოიგო, ხოლო მატჩის ერთადერთი ბრეიკი ბოლო სეტში განახორციელა, მეტოქეს მოწოდება აართვა და მეოთხედფინალში გავიდა. მიმდინარე გათამაშებას როჯერი სეტწაუგებლად ატარებს. ბოლო 21 მატჩში კი მხოლოდ ერთი მარცხი განიცადა.

რიშარ გასკემ ტომაშ ბერდიხი 4 სეტში დაამარცხა. შეხვედრა 2:27 საათი მიმდინარეობდა. ფრანგმა 8-დან 6 ბრეიკი გამოიყენა, ხოლო ჩეხმა 9-დან – 4. ეისები თანაბარი გახლდათ – 12:12. ურთიერთშეხვედრებში კი გასკემ ანგარიში გაათანაბრა – 7:7.

როლან გაროსის მოქმედმა გამარჯვებულმა სტანისლავ ვავრინკამ დონალდ იანგი ოთხ სეტში დაამარცხა. შვეიცარიელმა მეორე სეტი 1:6 დათმო, თუმცა გონს მალევე მოეგო და ზედიზედ ორ სეტში იმარჯვა.

მეოთხედფინალში ჟო-ვილფრიდ ცონგა მარინ ჩილიჩს დაუპირისპირდება. ნოვაკ ჯოკოვიჩი ურთიერთობას ფელისიანო ლოპესთან გაარკვევს. რიშარ გასკე როჯერ ფედერერი კარიერაში მესამედ დაამარცხებას, ხოლო ანდერსონი მორიგი სენსაციის მოხდენას ვავრინკას წინააღმდეგ შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები