მატჩის წინ
Aa
Aa

მატჩის წინ "ბასკონია" VS "ჟალგირისი"

მნიშვნელოვანი დაპირისპირება გაიმართება ბასკეთში. „ევროლიგის“ რიგით 26-ე ტურში, ერთმანეთს ორი სხვადასხვა მიზნის მქონე გუნდი დაუპირისპირდება.

თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ პლეიოფის საგზურისთვის იბრძვის, „ჟალგირისს“ კი თითქმის განაღდებული აქვს პლეიოფი და მისი მთავარი მიზანი პირველ რაუნდში საკუთარი მოედნის უპირატესობის მოპოვებაა.

21-ე საუკუნეში ეს გუნდები 17-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, საიდანაც 9-ჯერ გამარჯვება ბასკებმა იზეიმეს. წლევანდელ სეზონში „ბასკონიამ“ ერთხელ უკვე მოახერხა სტუმრად ლიტველების 20 ქულიანი სხვაობით დამარცხება 77-97. აღნიშნულ გამარჯვებაში დიდი წვლილი თორნიკე შენგელიამ და როდრიგო ბობოამ შეიტანეს. ბასკთა დუეტმა შეხვედრა 38 ქულით დაასრულა.

ბასკონიელები განსაკუთრებით კარგად საკუთარ მოედანზე გამოიყურებიან. ვიტორიაში ბასკებმა ზედიზედ 7 შეხვედრაში მოახერხეს 81 ქულიანი ნიშნულის გადალახვა. შეტევაში არც ლიტველებს უჭირთ. „ჟალგირისმა“ ბოლო სამ გასვლით მატჩში 86, 93 და 86 ქულა მოაგროვა.

ორივე გუნდის მთავარი იარაღი სამქულიანი სროლებია. „ბასკები“ წლევანდელ სეზონში კალათს 40.5 პროცენტით უტევენ, ხოლო ლიტველები პერიმეტრიდან ნასროლი ბურთების 41.7 პროცენტს ათავსებენ კალათში.

„ბასკთა“ შეტევა შენგელია, ბობოას დუეტზეა დამოკიდებული. ფრანგი „ევროლიგაში“ 12.8 ქულას, ხოლო ქართველი 14.1 ქულას და 6.6 მოხსნას აგროვებს.

„ჟალგირისს“ კევინ პანგოსი და პაულიუს იანკუნასი ლიდერობენ, ეს უკანასკნელი თორნიკე შენგელიას უშუალო მეტოქეა და მათი დუელი მატჩის შედეგის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იქნება.

სავარაუდო სასტარტო ხუთეულები

„ბასკონია“: შენგელია, გარინო, ჰუერტასი, მალმანისი, იანინგი.

„ჟალგირისი“: იანკუნასი, პანგოსი, დევისი, ულანოვასი, ვალინსკასი.

მსაჯები: საშა პუკლი, ტომისლავ ჰორდოვი, იოანის ფუფისი.

მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები