Aa
Aa

"გუარდიოლას საკუთარი თავის რწმენა აკლია"

2015 წელს, პეპ გუარდიოლასა და „ბაიერნის“ ექიმს ჰანს ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტს შორის კონფლიქტმა, გერმანელი დოქტორი საბოლოოდ შეიწირა და მან მიუნხენური გუნდი დატოვა.

„პეპ გუარდიოლას საკუთარი თავის რწმენა აკლია“ - აღნიშნა თავის ბიოგრაფიულ წიგნში ჰანს ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტმა.

მიულერ-ვოლფარტი ცნობილი და მაღალი დონის ორთოპედია, რომელიც ლეგენდარულ უსეინ ბოლტთან მუშაობდა და 35 წლის განმავლობაში „ბაიერნშიც“ მოღვაწეობდა, თუმცა 2015 წელს მიუნხენში მისი კარიერა დასრულდა და ეს გუარდიოლას „დამსახურება“ იყო.

გუარდიოლასა და მიულერ-ვოლფარტს კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ. პეპი უკმაყოფილო იყო იმით, რომ ვოლფარტი მის სამწვრთნელ სესიებს არ ესწრებოდა. მას, უთანხმოება არამარტო გუარდიოლასთან, არამედ გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელთანაც ჰქონდა. ისინი ერთმანეთს მუშაობის სტილს უწუნებდნენ. უთანხმოების საგანი იყო ასევე ტიაგო ალკანტარას ტრავმის მკურნალობის პროცესიც.

2015 წელს, ჩემპიონთა ლიგაზე როდესაც „ბაიერნი“ სტუმრად „პორტუსთან“ 3:1 დამარცხდა, მატჩის შემდეგ ვოლფარტმა და მისმა სამმა თანაშემწემ გუნდი დატოვეს და განაცხადეს, რომ მარცხი მათი ბრალი არ იყო.

განმეორებით შეხვედრაში „ბაიერნმა“ „პორტუს“ ბარიერი დაძლია და ნახევარფინალში „ბარსელონას“ დაუპირისპირდა, სადაც მარცხი განიცადა. ამის შემდეგ ვოლფარტი მიუნხენელებმა სამსახურში დააბრუნეს, თუმცა ამჯერად სხვა თანამდებობაზე.

როგორც ჩანს, დრომ ჭრილობები მაინც ვერ მოაშუშა და ვოლფარტმა Bild-თან საუბრისას „ბაიერნში“ გუარდიოლას დროინდელი ვითარება გაიხსენა.

„ვფიქრობ, რომ პეპ გუარდიოლა არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავის მცირე რწმენა აქვს და ის ამის დამალვას მთელი ძალებით ცდილობს.

ამ ყველაფრის შემხედვარე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ იგი გამუდმებით შიშში ცხოვრობს. მას მარცხის არ ეშინია. მასში შიშს ძალაუფლებისა და ავტორიტეტის დაკარგვის შესაძლებლობა იწვევს.

ის თვლიდა, რომ ყველაფერი სხვებზე უკეთ იცოდა. მისი აზრით, ვარჯიშის წინ ფეხბურთელებს მოთელვისთვის 5 წუთი უნდა ჰყოფნოდათ, თუმცა ეს ყველაფერი კარგად არ დასრულდებოდა.

ის, ჩემში თავის მოსამსახურეს ხედავდა, რომელსაც ნებისმიერ დროს მისცემდა დავალებას, მე კი მას შევასრულებდი".

ერთხელაც ვოლფარტმა მოთმინება დაკარგა და წყობილებიდან გამოვიდა.

„მე გუარდიოლას დავუღრიალე და მხარში ისე ძლიერად ჩავარტყი, რომ მის ირგვლივ თეფშებმა და ჭიქებმა ზანზარი დაიწყეს. ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს მიუნხენურ კარიერაში, როდესაც მე ხმას ავუწიე“.

ვოლფარტის წიგნში ერთი თავი „ბაიერნის“ პრეზიდენტს ული ჰიონესსაც დაეთმო.

ჰიონესის აზრით, ის ვოლფარტსა და გუარდიოლას შორის არსებულ კონფლიქტს მოაგვარებდა, თუმცა იმ მომენტისთვის ის ციხეში იმყოფებოდა.

„ვფიქრობ, რომ ვოლფარტსა და პეპს შორის ურთიერთობას მოვაგვარებდი.

გუარდიოლა ამაყი კატალონიელია და ესპანელებს გუნდის სამედიცინო შტაბთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვთ.

თავის მხრივ, მიული (ვოლფარტი) საკმაოდ ამაყი ექიმი გახლდათ და ის თავის სამუშაო მეთოდებს სხვებთან არ ათანხმებდა. 2015 წლის ზაფხულში კი მათი დაპირისპირება შედგა.

მათ კონფლიქტს ყოველთვის აკლდა ჩემნაირი შემრიგებელი პიროვნება, რომელიც გაუგებრობას დაასრულებდა. ასეთი რამ მოხდა „პორტოსთან“ 3:1-ის წაგების შემდეგ და კიდევ ბევრჯერაც“.

გუარდიოლას „მანჩესტერ სიტის“ პრემიერლიგის ტიტულთან მხოლოდ 2 მოგება აშორებს. „ქალაქელები“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც იმყოფებიან და შესაძლოა, კენჭისყრამ მათ მიუნხენის „ბაიერნი“ შეახვედროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები