ლებრონმა „კლივლენდის“ წარუმატებლობაზე ისაუბრა
Aa
Aa

ლებრონმა „კლივლენდის“ წარუმატებლობაზე ისაუბრა

„კლივლენდი“ ფორმიდანაა ამოვარდნილი, შემადგენლობის რადიკალური ცვლილების შემდეგ „კავსმა“ ჩატარებული შეხვედრების მხოლოდ ნახევარი მოიგო და რამდენიმე დასანანი მარცხიც განიცადა.

„ლეიკერსთან“ მორიგ წარუმატებლობას გამოეხმაურა „კავალიერსის“ ლიდერი - ლებრონ ჯეიმსი. „მეფემ“ გუნდის პრობლემებზე ისაუბრა და „კავსის“ ცუდი ფორმა ხშირ ტრამვიანობას დააბრალა: „ძალიან რთულია, როდესაც გუნდის ამდენ კალათბურთელს აქვს ტრამვა,  გადახედეთ შემადგენლობას „კლივლენდის“ როტაციის 10 მოთამაშედან 5 პარკეტზე გამოსვლას ვერ ახერხებს.  ბუნებრივია ასეთ მომენტებში დიდი როლი სათადარიგო კალათბურთელებს ეკისრებათ, მაგრამ ხანდახან ყველანაირი ცდის მიუხედავად წარმატების მიღწევა უბრალოდ შეუძლებელია.

„კლივლენდის“ რიგებში ერთბაშად 4 მოთამაშეა ტრამვირებული: კევინ ლავი, როდნი ჰუდი, ჩედი ოსმანი და ტრისტან ტომპსონი. „ლეიკერსთან“ შეხვედრაში ჯეიმსი გუნდის ისეთ ღრმა რეზერვებთან ერთად იყო პარკეტზე, როგორებიც ანტე ზიზიჩი და ჯონ ჰოლანდი არიან.

ჯეიმსის კომენტარს კაილ კორვერიც გამოეხმაურა და განაცხადა: „ლებრონი იდეალური მაგალითია, იმისა თუ როგორ უნდა იყო კალათბურთელი იდეალურ ფიზიკურ კონდიციებში. ვფიქრობ გუნდი კარგადაა მომზადებული და განწყობაც საკმაოდ პოზიტიურია. მაგრამ რთული სეზონის გამო მენტალურად ძალიან გადაღლილები ვართ. მიუხედავად ყველაფრისა მიმაჩნია, რომ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით, ჩვეულ ფორმას მალევე დავუბრუნდებით და დასახულ მიზნებს მივაღწევთ“.

შეგახსენებთ, რომ „კლივლენდმა“ აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე ადგილი „ინდიანას“ დაუთმო და „ლეიკერსთან“ მარცხის შემდეგ მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები