ჰანსი ფლიკი
Aa Aa

მკაცრი მამა, საბედისწერო ავარია და წარმატებული ბიზნესი - ჰანსი ფლიკის გზა ფეხბურთელობიდან მწვრთნელობამდე

„ბაიერნში“ ფლიკმა მუშაობა 4 გამარჯვებით დაიწყო, შემდეგ კი „ლევერკუზენთან“ და მენხენგლადბახის „ბორუსიასთან“ წააგო.

მენხენგლადბახში 1:2 წაგების შემდეგ, გენერალური დირექტორი, კარლ-ჰაინც რუმენიგე გასახდელში შევიდა და ჩუმად სვამდა ყავას, როდესაც შენიშნა, რომ ჰანსი მოწყენილი და შეშფოთებული იყო.

რუმენიგეს „ბაიერნის“ თამაში წარუმატებელ მატჩშიც კი მოეწონა, ამიტომ მან ფლიკი დაამშვიდა და ასეთი რამ უთხრა:

„მოგიყვები ისტორიას პეპზე. მან შესანიშნავად დაიწყო ბუნდესლიგაში, მაგრამ მერვე ტურში ლევერკუზენში ფრედ ითამაშა, თუმცა შეეძლო 7:1 ან 8:1 მოეგო. გასახდელში მე და ჰიონესმა ვიგრძენით, რომ გუნდი გაბრაზებული იყო და თავდაჯერებულობას კარგავდა. გვარდიოლამ შეამჩნია ბიჭების ღელვა, დაამშვიდა ისინი და თქვა: „მე ვნახე „ბაიერნის“ საუკეთესო თამაში ოთხი თვის განმავლობაში, ხოლო ფეხბურთის ხარისხი შედეგზე მნიშვნელოვანია. გეუბნებით: ჩვენ მოვიგებთ შემდეგ ათ მატჩს“. შემდეგ ჩვენ გვქონდა 19 გამარჯვება ზედიზედ ბუნდესლიგაში“.

რუმენიგემ დაამატა, რომ ფლიკის მოსვლასთან ერთად, „ბაიერნის“ თამაშს ხალისი დაუბრუნდა, რაც პეპის შემდეგ აკლდა და დაარწმუნა: „ნახავ - წინ მხოლოდ გამარჯვებები გველოდება“.

ფლიკმა რუმენიგეს უნდობლობით, მაგრამ მადლიერებით შეხედა – ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, ასეთ სიტყვებს ყველა ბოსისგან ვერ გაიგონებ.

კარლ-ჰანც რუმინეგე და ჰანსი ფლიკი

ფლიკის მამას ფეხბურთის თამაში ეკრძალებოდა, მაგრამ დედისგან ფარულად მაინც თამაშობდა მუკენლოხის გუნდში, სოფელში, სადაც 1200 ადამიანი ცხოვრობდა. მან უფრო მეტს ვერ მიაღწია (ნაწილობრივ დედის წინააღმდეგობის გამო), მშენებელი გახდა, მაგრამ მოყვარულის დონეზე თამაშობდა და უფროს ვაჟს შთააგონებდა.

ჰანსი მამას ბუცებს უწმენდდა და გატაცებით ადევნებდა თვალს მის მატჩებს. მოედანზე უფროსი ფლიკი თავისუფალი და უდარდელი ჩანდა. ის, თუ როგორ გარდაქმნიდა ფეხბურთი ადამიანებს, ჰანსისთვის მომხიბვლელი იყო.

უკვე დაწყებით სკოლაში მან მასწავლებელს აცნობა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გახდებოდა, თანაც აუცილებლად მამის საყვარელი გუნდის - „ბაიერნის“ მოთამაშე. მასწავლებელი, ფრაუ არნოლდი, სიკვდილამდე იხსენებდა ამ დაპირებას ჰანსის მშობლებთან საუბრებში.

„დედაჩემმა 16 წლის ასაკაში გამაჩინა. მამაჩემიც ძალიან ახალგაზრდა იყო და ადრე აიღო პასუხისმგებლობა დიდ ოჯახზე: მალე ჩემი უმცროსი ძმაც დაიბადა. მამა ბევრს მუშაობდა, რათა ღირსეული ცხოვრება უზრუნველეყო და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე გამომსვლოდა ის, რაც მას არ გამოუვიდა: გავმხდარიყავი ნამდვილი ფეხბურთელი“, - იხსენებდა ფლიკი.

ხუთი წლის ასაკში, ჰანსი თავის სოფელში ველოსიპედით სეირნობდა, რა დროსაც მანქანის ქვეშ მოჰყვა. მძღოლმა დამუხრუჭება მოასწრო და პატარა ფლიკი ბარძაყის მოტეხილობით გადარჩა.

ჰანსი შემდეგ დიდხანს იწვა საავადმყოფოში, მაგრამ განკურნება გეგმის მიხედვით არ მიდიოდა და ექიმებს უნდოდათ, რომ მისთვის ბარძაყში ტიტანის ჭანჭიკები ჩაედგათ. ფლიკი დარწმუნებულია, რომ მამამ გადაარჩინა მისი საფეხბურთო კარიერა, როცა ექიმები ამ იდეისგან გადაარწმუნა და ამავე დროს  აიძულა შვილი, რომ მკურნალობისას, ჯანსაღი ფეხით ბურთი ეკენწლა.

მამის ობსესია ჰანსის წარმატებული მომავლით სხვადასხვაგვარად ვლინდებოდა: ჩუქნიდა შავ-ყვითელ Puma-ს ბუცებს, ისეთივეს, როგორიც პელეს ჰქონდა, მაგრამ ასევე ტოვებდა თოვლიან ტყეში დამარცხების შემდეგ და 11 წლის ბავშვს აიძულებდა, რომ სახლამდე რამდენიმე კილომეტრი მარტო გაევლო.

ჰანსი ნერვიულობდა, რადგან არ იცოდა, რამდენად მკაცრი იქნებოდა შემდეგი სასჯელი და წლების შემდეგ, როდესაც მწვრთნელი გახდა, მოთამაშეებს აძლევდა იმას, რაც ბავშვობაში აკლდა: სიმშვიდეს, ნდობასა და შეცდომის დაშვების უფლებას.   

ფლიკი ამბობს, რომ ბოლო 20-25 წლის განმავლობაში მისი სამწვრთნელო ფილოსოფია მხოლოდ ნიუანსებში შეიცვალა, ზოგადად კი ის თამამი ფეხბურთის მომხრეა, დაცვის მაღალი ხაზით და მოთამაშეებისთვის სარისკო იმპროვიზაციების უფლების მიცემით.

ჰანსი რეგულარულად ეკითხება ლიდერებს, როგორ ითამაშებდნენ ისინი მომდევნო მატჩში. ეს ეხმარება როგორც უფრო ხარისხიანი გადაწყვეტილებების მიღებაში, ისე მოთამაშეებს უფრო ინიციატივიანსა და პასუხისმგებლიანს ხდის, რადგან ისინი მხოლოდ მწვრთნელის ნების შემსრულებლები კი აღარ არიან, არამედ მისი თანაავტორები.

ფლიკი წარმატებულ გუნდს ურთიერთნდობის გარეშე ვერ წარმოიდგენს. გერმანელი სპეციალისტი დარწმუნებულია: თუ მწვრთნელი მკაცრად რეაგირებს, ეს ნიშნავს, რომ ხელიდან არის გაშვებული მომენტი, როცა სიტუაციის მოგვარება სანდო საუბრით შეიძლებოდა.

ჰანსი ფლიკი

ახალგაზრდობაში ჰანსს შთააგონებდა მისი მწვრთნელი „ზანდჰაუზენში“, დიტმარ გრეილიხი. მან შეკრიბა სრულიად განსხვავებული ბიჭები, წყნარები და ექსტრავერტები, და ვადაზე ადრე მოიგო რეგიონის ახალგაზრდული ჩემპიონატი. მოთამაშეები იმდენად მეგობრულები, თავდაჯერებულები და კრეატიულები იყვნენ, რომ ბოლო თამაშზე ველოსიპედებით წავიდნენ.

ჰანსი ნახევარდაცვის ცენტრში თამაშობდა და რაინერ ზიტშსს აკომპანირებდა; ბიჭები თავს პაულ ბრაიტნერად და კარლ-ჰაინც რუმენიგედ წარმოიდგენდნენ. 1980 წელს, როდესაც ფლიკი 15 წლის იყო, მეზობელ მანჰაიმში ამხანაგურ მატჩზე, „ბაიერნი“ ჩამოვიდა ნამდვილ ბრაიტნერთან და რუმენიგესთან ერთად.

რუმენიგე ყველაზე ადრე დაჯდა კლუბის ავტობუსში. ჰანსმა გამბედაობა მოიკრიბა და იქ მისთვის ავტოგრაფის გამოსართმევად ავიდა. მძღოლმა რუდი ეგერერმა არ გააჩერა უცნობი ახალგაზრდა და რუმენიგემ სიამოვნებით მოაწერა ხელი ღია ბარათს.

35 წლის შემდეგ, რუმენიგე, როგორც „ბაიერნის“ გენერალური დირექტორი, ხელს მოაწერს ფლიკის სამწვრთნელო კონტრაქტს, ხოლო ავტობუსის მძღოლი კვლავ ეგერერი იქნება.

15 წლის ასაკში, ჰანსი არა მწვრთნელობაზე, არამედ საყვარელ კლუბთან მოთამაშის კონტრაქტზე ოცნებობდა – ამის გამო, ის დამატებით მუშაობდა მამასთან ერთად ტექნიკაზე.

„ბაიერნში“ ფლიკი ლოთარ მათეუსს ადრე დაძინების ჩვევით აცინებდა, მაგრამ ამის გარეშე, შესაძლოა, სხვა ახალგაზრდა ნახევარმცველის, კრისტიან პფერტნერის ბედი გაეზიარებინა. ისიც პატარა კლუბიდან აიყვანეს და ჰანსისთან ერთად, ერთ დღეს წარადგინეს, მაგრამ ბუნდესლიგაში ერთი შანსიც კი არ მისცეს.

ფლიკმა „ბაიერნის“ მეორე მწვრთნელზე, ეგონ კორდესზე, შთაბეჭდილება მოახდინა მატჩში, რომელიც მისმა „ზანდჰაუზენმა“ „ლუდვიგსბურგთან“ 1:4 დათმო და ამასთანავე, კორდესს თავად მიმართა, როდესაც 1985/86 წლების ჩემპიონატის პირველ თოთხმეტ ტურში, არც ერთი წუთი არ უთამაშია.

„რა მაკლია? როგორ გავძლიერდე?“ – ჰკითხა 20 წლის ახალწვეულმა და მაშინვე მიიღო რჩევა – უფრო თამამად ჩართულიყო ბრძოლაში. ფლიკი დარწმუნებულია: ინიციატივა რომ არ გამოეჩინა და მწვრთნელთან არ დაეწყო საუბარი, ბუნდესლიგაში თამაშს ვერ დაიწყებდა.

ასე კი მან სასარგებლო ინფორმაცია მიიღო და კორდესს დაანახა, რომ არ იყო კმაყოფილი მხოლოდ „ბაიერნში“ მოხვედრით და რეზერვისტის როლით.

ეგონთან საუბრიდან ორი კვირის შემდეგ, „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა. უდო ლატეკმა ლევერკუზენში თამაშის წინ თქვა: „როდესაც ძველი მგლები სუსტდებიან, მათ ტერიტორიას ახალგაზრდა მგლები იკავებენ. ასეა ჩვენთანაც. ჰანსი დღეს თამაშობს“.

ფლიკმა ხუთი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ფილტვი დაიზიანა და პნევმოთორაქსის გამო, რამდენიმე კვირა გააცდინა. როდესაც ვარჯიშებს დაუბრუნდა, ლატეკმა ჰკითხა: „მზად ხარ სათამაშოდ?“ ფლიკმა აღიარა: „კიდევ ერთი კვირა მჭირდება“. მის გარეშე „ბაიერნმა“ უახლოესი მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო და 1985/86 წლების ჩემპიონატის ბოლომდე. ჰანსიმ მხოლოდ 23 წუთი გაატარა მოედანზე.

ერთ დღეს, როცა „ბაიერნს“ იუპ ჰაინკესი წვრთნიდა, მან ფლიკი ვარჯიშისგან გაათავისუფლა, რადგან გადაღლილობა შეამჩნია, მაგრამ ჰანსი მაინც მოედანისკენ იწევდა. „არა, არა, მე კმაყოფილი ვარ შენით, დაისვენ, ხვალ გნახავ“.

ჰაინკესის მგრძნობელობამ და მზრუნველობამ ფლიკი სასიამოვნოდ გააკვირვა და დამატებითი მოტივაცია მისცა: უნდა ეჩვენებინა, რომ ასეთი დამოკიდებულების ღირსი იყო. თუმცა, 1990 წლის ზაფხულში, ჰაინკესისადმი მადლიერების მიუხედავად, ჰანსი „კიოლნის“ მწვრთნელთან, კრისტოფ დაუმთან წავიდა და არა ფულის გამო. ფლიკმა უფრო მომგებიანი შეთავაზება უარყო იმ მწვრთნელის გამო, რომელიც დაპირდა, რომ მას ნაკრების მოთამაშედ აქცევდა, მაგრამ ფლიკს მასთან არცერთი დღე არ უმუშავია: დაუმი პირველ ტურამდე გაათავისუფლეს.

კრისტოფის გარეშე „კიოლნი“ ტოპ-3-დან გავარდა და ფლიკის მოსვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ, გადარჩენისთვის იბრძოდა იორგ ბერგერის თავკაცობით. სწორედ მისი ხელმძღვანელობით, 27 წლის ჰანსიმ 1992 წლის შემოდგომაზე ითამაშა ბოლო მატჩი პროფესიულ კარიერაში, დორტმუნდის „ბორუსიას“ წინააღმდეგ.

პირველ ტაიმში ფლიკმა არ მოუსმინა მუხლის ტკივილს, დარჩა მოედანზე და და მეორე ნახევარში, მან ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. ჰანსი დიდხანს არ იჯერებდა, რომ ეს დასასრული იყო.

ოპერაციის შემდეგ, ფლიკი კვლავ ბრძოლისკენ მიისწრაფოდა, მაგრამ ის ბუნდესლიგაში აღარ დაბრუნებულა.

ჰანსი ფლიკი

„კიოლნის“ დატოვების შემდეგ, ჰანსი ოჯახთან ერთად, ცოლის მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად და ბანკში დაბრუნებაზე ფიქრობდა, მაგრამ ბიზნესმენმა ბობი დეკეიზერმა, რომელმაც ფეხბურთს ერთი წლით ადრე დაანება თავი, ბამენტალში სპორტული მაღაზიის გახსნისკენ მოუწოდა.

პარალელურად, ფლიკი თამაშობდა ადგილობრივ სამოყვარულო კლუბში და არ ჩქარობდა მწვრთნელობას. როგორც ბუნდესლიგის ყოფილ ფეხბურთელს, ჰანსის შეეძლო დაუყოვნებლივ ესწავლა A კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიაზე, მაგრამ მან უარი თქვა საფეხურის გამოტოვებაზე და ჯერ B კატეგორია აითვისა.

„ბამენტალს“ ის მოთამაშის კარიერის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ ჩაუდგა სათავეში. იმ დროისთვის ჰანსიმ სპორტულ მაღაზიაში იმდენი გამოიმუშავა, რომ სამწვრთნელო საქმიანობას გამდიდრების წყაროდ არ აღიქვამდა და საკმარისი ცოდნა დააგროვა, რათა არ შერცხვენილიყო მოთამაშეების წინაშე, რომელთაგან ბევრი მასზე უფროსი იყო.

ფლიკმა მაშინვე მოითხოვა გაბედული, კრეატიული ფეხბურთი ზონალური დაცვით და 1998 წელს, მეოთხე ლიგიდან გავარდა, მაგრამ თავისი ამბიციურობით მიიპყრო მეზობელი „ჰოფენჰაიმის“ ბოსის, დიტმარ ჰოპის ყურადღება.

ალფრედ შენის შეცვლის შემდეგ, ჰანსიმ წინასასეზონო შეკრებაზე, მოთამაშეები გორაზე სირბილით გააოგნა, რაც იტალიელი მწვრთნელებისგან გადმოიღო და პირველივე მცდელობაზე, „ჰოფენჰაიმი“ მესამე ლიგაში აიყვანა, ხოლო 2003 წლის დეკემბერში, თასიდან ვარსკვლავური „ლევერკუზენი“ გამოაგდო.

იმავე წელს ფლიკმა უმაღლესი სამწვრთნელო ლიცენზია მიიღო – ის თომას დოლთან ერთად საუკეთესოდ აღიარეს კურსზე, სადაც „ლევერკუზენის“ ყოფილი ვარსკვლავებიც სწავლობდნენ.

ჰანსის თანაკურსელები უკვე მუშაობდნენ პირველ ბუნდესლიგაში, ის კი ვერ ახერხებდა „ჰოფენჰაიმის“ მეორე ლიგაში აყვანას და 2005 წლის ბოლოს, ჰოპმა ის გაათავისუფლა.

ფლიკმა ამ პროექტში იმხელა ძალისხმევა ჩადო, რომ მაშინვე ვერ შეეგუა გადადგომას და მიიჩნევდა, რომ ეს გადაწყვეტილება უსამართლო და ნაადრევი იყო.

მალე ჰანსი მცირე ხნით ჯოვანი ტრაპატონის თანაშემწე გახდა „ზალცბურგში“ და გაიღრმავა მოთამაშეებთან ადამიანური კონტაქტის მნიშვნელობის არსი. 65 წლის ტრაპატონი მონაწილეობდა ვარჯიშების უმეტესობაში და ბევრს მუშაობდა ახალგაზრდა მოთამაშეებთან, რომლებსაც საოცარი მოთმინებით ეპყრობოდა.

იტალიელ სპეციალისტთან მუშაობიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებები ფლიკმა გერმანიის ნაკრებში გადაიტანა, სადაც იურგენ კლინსმანმა თანამდებობა იოაჰიმ ლიოვს დაუთმო და ახალი მეორე მწვრთნელი გახდა საჭირო.

იოაჰიმ ლიოვი და ჰანსი ფლიკი

სპორტული დირექტორი, ოლივერ ბირჰოფი თვლიდა, რომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს შემდეგ, ნაკრებს სჭირდებოდა მოდერნისტი მწვრთნელი პოზიტიური აურათი და ხუმრობდა, რომ ფლიკი „კიკერში“ დაბეჭდილი ფოტოს გამო შეარჩია, სადავ ის იღიმოდა.

სინამდვილეში, ბირჰოფი Nike-ის მენეჯერებს ეკითხებოდა (ჰანსი კომპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო მოვაჭრე იყო) და ყველასგან ესმოდა, რომ ფლიკთან ურთიერთობა სასიამოვნო იყო.

ამას გარდა, ჰანსის წარმატება ბიზნესში მიანიშნებდა, რომ ის გულმოდგინე იყო და მიზნის მიღწევა შეეძლო.

ფლიკი სწრაფად გახდა საყვარელი ფიგურა ნაკრების ფეხბურთელებისა და თანამშრომლებისთვის. მან გააძლიერა კავშირი გუნდსა და გერმანიის საფეხბურთო კავშირის დეპარტამენტებს შორის. გარდა ამისა, კოლექტივი ააცილა არაერთ კონფლიქტს და დიდი მოტივაცია მისცა მოთამაშეებს 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალისთვის პორტუგალიასთან, რომელსაც ლიოვი დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა.

ამასთან, ჰანსი მუდმივად ახალ ცოდნას იღებდა და, მაგალითად, 2007 წლის ზაფხულიდან რეგულარულად ესწრებოდა „არსენალის“ წინასასეზონო შეკრებებს.

ლიოვთან გატარებული რვა წლის შემდეგ, ფლიკს ახალი გამოწვევა მოუნდა. მას შეეჩვივნენ მეორე მწვრთნელის როლში, როგორც ჩანს, ზედმეტად კეთილად თვლიდნენ მთავარი მწვრთნელისთვის და არ იწვევდნენ ტოპ კლუბებში, ხოლო ნაკრებში დაწინაურებაზე საუბარიც არ ყოფილა: ლიოვი წასვლას არ აპირებდა.

ფლიკი გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტულ დირექტორად დაინიშნა იმ იმედით, რომ გააუმჯობესებდა ტალანტების განვითარების პროგრამას, მაგრამ 2016 წლის მაისიდან სექტემბრამდე, სახლში მხოლოდ 15 დღე იყო და მიხვდა, რომ ეს სამსახური მისთვის არ იყო.

2017 წლის ზაფხულში ჰანსი „ჰოფენჰაიმის“ სპორტული დირექტორი გახდა, მაგრამ კლუბის შიგნით არსებული ინტრიგების გამო, ერთი წელიც კი ვერ გაძლო.

„ჰოფენჰაიმიდან“ წასვლის შემდეგ, ის თავს საფეხბურთო კარიერის ყველაზე დაბალ წერტილში გრძნობდა. ფლიკმა უარი თქვა მარკუს ვაინცირლის შტაბში შესვლაზე „შტუტგარტში“ და ორ არჩევანს შორის ყოყმანობდა: ფეხბურთიდან წასვლა ან მეგობრის მიერ შეთავაზებული ამერიკული აკადემიების სისტემის კოორდინატორის როლი.

ჰანსი ორჯერ გაფრინდა აშშ-ში, მიიღო ოჯახის მხარდაჭერა და უკვე გადასასვლელად ემზადებოდა, მაგრამ 2019 წლის მაისში, მას ული ჰიონესმა დაურეკა და ერთი წლის წინანდელი საუბარი გაახსენა.

მაშინ განიხილავდნენ შესაძლო თანამშრომლობას და ფლიკმა თქვა, რომ „ბაიერნი“ ერთადერთი კლუბია, რომელიც ყოველთვის აინტერესებდა.

2019 წელს, მიუნხენელებს პეტერ ჰერმანის შემცვლელი სჭირდებოდათ და ფლიკი „ბაიერნის“ არათუ მეორე, არამედ მესამე მწვრთნელი გახდა, რადგან ნიკო კოვაჩის პირველი თანაშემწე მისი უმცროსი ძმა, რობერტი იყო.

ნიკომ ზედიზედ მეორე ჩემპიონატი სუსტად დაიწყო. გარდა ამისა, გუნდის ლიდერები საკუთარი თავის წინააღმდეგ განაწყო და „ბაიერნი“ დატოვა თავის ყოფილ გუნდთან, „აინტრახტთან“ 1:5 დამარცხების შემდეგ.

„ჩემი ამოცანაა ყველასთან საუბარი. მინდა, ყველა ფეხბურთელთან ვიკონტაქტო და დეტალურად ავუხსნა თითოეულის ამოცანებიპროფესიონალური ფეხბურთი ერთი ადამიანის შოუ არ არის. ჩვენს გუნდში ბევრი ექსპერტი გვყავს და ყველა შეიძლება იყოს ჩართული საერთო სამუშაოში. მე ვარ გუნდური მოთამაშე და კარგი კავშირი მაქვს მოთამაშეებთან. მინდა, მათი მოტივირება მოვახდინო“,  – განაცხადა ფლიკმა „ბაიერნის“ სათავეში პირველი მატჩის წინ.

„საფეხბურთო თვალსაზრისით, მან მაშინვე გაგვაოცა თამამი ფილოსოფიით. მოგვეწონა, რომ მან გუნდი დომინირებულ ფეხბურთზე დააყენა. გარდა ამისა, მის დროს წარმატებას აღწევდნენ ახალგაზრდა მოთამაშეები, რადგან ის მათ შეცდომის დაშვების უფლებას აძლევდა. მთავარი მწვრთნელის თანაშემწის როლში, ის ჩვენთვის უფროსი მეგობარი გახდა. ჩვენ შორის შესანიშნავი ურთიერთგაგება წარმოიქმნა. ფლიკთან ერთად არ ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა გვეთქვა და რა არა – უბრალოდ ყველაფერს პირდაპირ ვამბობდით “, – იხსენებდა მანუელ ნოიერი.

კონფლიქტი სპორტულ დირექტორ, ჰასან სალიჰამიჯიჩთან, ფლიკის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ უკვე რამდენიმე თვეში გამოვლინდა.

ბოსნიელის პრესკონფერენციის წინ, ჰანსიმ Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში ისაუბრა ტრავმების ფონზე ტრანსფერების საჭიროებაზე და ზამთრის პაუზის შემდეგ პირველ მატჩში, დემონსტრაციულად არასრული სათადარიგო სკამი წარადგინა.

საპასუხოდ, სალიჰამიჯიჩმა ალვარო ოდრიოსოლა იჯარით აიყვანა, რომელმაც „ბაიერნში“ დებიუტამდე ვარჯიშზე, ივან პერიშიჩი დაამტვრია. მაგრამ ვერც ტრავმებმა, ვერც კორონავირუსმა და ვერც სპორტულმა დირექტორმა ვერ შეაჩერეს ფლიკის გუნდი: 2020 წლის თებერვალში, „ლაიფციგთან“ 0:0-ის შემდეგ, მათ ზედიზედ 23 გამარჯვება მოიპოვეს. მათ შორის იყო 8:2 „ბარსასთან“.

ფინალის წინ, ფლიკმა მოთამაშეებს აჩვენა ვიდეორგოლი ახლობლების მილოცვებით: ვიდეო იმდენად ამაღელვებელი გამოვიდა, რომ ჰანსი და მენეჯერი, მონტაჟის დროს ცრემლებს ვერ იკავებდნენ.

ჰანსი ფლიკი

წელიწადნახევრის განმავლობაში 7 ტიტულის მოგების შემდეგ, ფლიკმა „ბაიერნი“ დატოვა. მან ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ნდობას ვერ გრძნობდა და დისკომფორტს განიცდიდა. გერმანელი ჟურნალისტის, კრისტიან ფალკის ინფორმაციით, „ბარსას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მას უკვე მაშინ, 2021 წელს, ეძახდა, მაგრამ ფლიკმა გერმანიის ნაკრები ამჯობინა.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდმა 17 აშკარა საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ პლეი-ოფში ვერ გავიდა – დიდწილად პოლიტიკური დისკუსიების გამო, რომლებმაც მოთამაშეები ყურადღება მოადუნებინა, გუნდი გახლიჩა და ფლიკი წყობიდან გამოიყვანა: ასეთი შემთხვევებისთვის მას არ აღმოაჩნდა შესაბამისი მოტივაციური ვიდეოები ან ციტატები.

მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში ჰანსიმ, სპორტული დირექტორის, რუდი ფიოლერის თქმით, თავი ამოწურა ნეგატიური სიტუაციის გამოსწორების მცდელობით და ფლიკი გერმანიის ნაკრების ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელიც დაითხოვეს.

გერმანელმა სპეციალისტმა „ბარსელონა“ 2024 წლის მაისის მიწურულს ჩაიბარა. ჰანსის მისვლის შემდეგ, კატალონიურმა გუნდმა დაიწყო უფრო ინტენსიური და მაღალი პრესინგის თამაში,  მაღალი დაცვითი ბლოკით, რაც სრულად შეესაბამება მის სამწვრთნელო სტილს.

მოკლე დროში ფლიკმა „ბარსელონას“ არა მხოლოდ დაკარგული იდენტობა დაუბრუნა, არამედ გამარჯვების მენტალიტეტიც აღუდგინა. 2025 წლის სეზონის დასაწყისში, 14 ტურის შემდეგ, გუნდმა ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა.

60 წლის ჰანსის ხელმძღვანელობით, გუნდმა ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი და სამეფო თასი მოიგო.

ჰანსი ფლიკი

გაზიარება: