„დღითიდღე პროგრესირებს“ | ხავი გრასიამ ჩაკვეტაძეზე ისაუბრა
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-18 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „ბირმინგემთან“ 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ „კრაზანების“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი გრასიამ, საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა და „ჩაკვეზეც“ ილაპარაკა.
„როგორც ყველა ხედავს, მისი ხარისხი აშკარაა და დღითიდღე პროგრესირებს. მას სჭირდება ვარჯიში, კონკურენცია და მეტი სათამაშო დრო, რათა გიორგის საუკეთესო ვერსია აჩვენოს. თუმცა, მისი განვითარებით კმაყოფილი ვარ. დარწმუნებული ვარ, მომდევნო შეხვედრებში დაგვეხმარება.“
„ბირმინგემთან“ მატჩში ჩაკვეტაძე მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა. გიორგიმ „უოტფორდის“ საგოლე შეტევა წამოიწყო და პრეასისტი მიითვალა: მისი პასის შემდეგ მარკ ბოლამ საგოლე გადაცემა გააკეთა, „ბირმინგემის“ კარი კი ოტმანე მაამამ აიღო.
ცნობისთვის, „ბირმინგემთან“ მარცხით „უოტფორდის“ 5-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა. „კრაზანებს“ 24 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-15 პოზიციას იკავებენ. „უოტფორდი“ მომდევნო მატჩს „ნორვიჩთან“ გამართავს; შეხვედრა 6 დეკემბერს არის ჩანიშნული.