ჰამილტონმა მონცაზე იმარჯვა
Aa
Aa

ჰამილტონმა მონცაზე იმარჯვა

ლუის ჰამილტონმა იტალიის დიდი პრიზი დამაჯერებლად მოიგო და 12 რბოლის შემდეგ, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატს ახლა უკვე 53 ქულით ლიდერობს. დარჩენილ შვიდ რბოლაში სასწაული უნდა მოხდეს, რომ ნიკო როსბერგმა მისთვის მესამე ტიტულის მოპოვებაში ხელის შეშლა შეძლოს. უფრო მეტიც, მონცას რბოლის შემდეგ, რომელიც გერმანელმა მრბოლმა ვერ დაასრულა, მას სებასტიან ფეტელი 21 ქულითღა ჩამორჩება.

ჰამილტონმა სტარტზევე ადვილად შეძლო ფეტელის შეტევის მოგერიება და ფინიშამდე წინ აღარავინ გაუშვია. ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ფეტელთან სოლიდური უპირატესობა ჰქონდა, მაინც არ დააგდო ტემპი და საბოლოოდ, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს 25 წამით აჯობა. ამგვარად, ჰამილტონმა ამ სეზონში მე-7, კარიერაში კი მე-40 გამარჯვება მოიპოვა და ერთი გამარჯვებაღა აკლია იმისათვის, რომ ამ მაჩვენებლით, თვით აირტონ სენას გაუტოლდეს, ვინც მისი ბავშვობის კერპი იყო.

როსბერგს არ გაუმართლა. სტარტზე ჩარჩენილი კიმი რაიკონენისთვის გვერდის ავლისას, რამდენიმე მეტოქემ (ფელიპე მასამ, ვალტერი ბოტასმა და სერხიო პერესმა) გაასწრო. და მართალია, ყველა მალევე უკან ჩამოიტოვა და ფეტელსაც რბოლის მიწურულს, ფეტელსაც ეწეოდა, მაგრამ ფინიშამდე 3 წრით ადრე, ძრავი დაეწვა. ამგვარად, ის უქულოდ დარჩა და სწორედ ამან გამოიწვია ჰამილტონის ასეთი უპირატესობა.

სხვათა შორის, რბოლის შემდეგ, სტიუარდებმა ინფორმაცია მიიღეს იმის შესახებ, რომ „მერსედესის“ ორივე ავტომობილის ზოგიერთ საბურავში, წნევა „პირელის“ მიერ რეკომენდებულზე ნაკლები იყო, რაც ხიფათის შემცველი უნდა ყოფილიყო. მაგრამ „მერსედესმა“ განაცხადა, რომ რბოლის წინ, საბურავებში არსებული წნევა თვით „პირელის“ წარმომადგენლებმა შეამოწმეს და დარღვევა არ დაუფიქსირებიათ. არადა, ზოგიერთი გუნდი მოითხოვდა, რომ დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, მოქმედი ჩემპიონი რბოლიდან მოეხსნათ.

მეორე ადგილი ფეტელმა დაიკავა, რითაც ათეულობით ათასი ტიფოზი ძალიან გაახარა. მესამეზე კი მასა გავიდა, რომელსაც ბოტასი უტევდა. თუმცა ბრაზილიელმა შეძლო პოზიციის შენარჩუნება. „მერსედესი“ რომ დაეჯარიმებინათ, მაშინ მესამე ადგილი ბოტასს დარჩებოდა - აღნიშნული დარღვევა ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა, რისი სასჯელიც დისკვალიფიკაციაა ხოლმე.

მოკლედ, ჰამილტონმა მონცაზე მესამე გამარჯვება მოიპოვა. ამასთან, ეს გამარჯვება ზედიზედ მეორეა. სხვათა შორის, ბოლო ბრიტანელი, ვინც ამ ლეგენდარულ ტრეკზე ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა (1993 და 1994 წლებში), დეიმონ ჰილია. ჰამილტონს ეს სამი გამარჯვება ორი სხვადასხვა გუნდის მანქანებით აქვს მოპოვებული. სხვათა შორის, ფეტელს შანსი ჰქონდა, მესამე გუნდის (ტორო როსო, რედ ბული და ფერარი) მანქანით მოეგო მონცას რბოლა და ამ შემთხვევაში, ლეგენდარული სტირლინგ მოსის მიღწევას გაიმეორებდა.

რაიკონენზე. სტარტზე შეყოვნება, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა წინა რიგში დგახარ, ძალიან სახიფათოა. ფინელი მრბოლი ამ ხიფათს გადაურჩა (მეტოქეთა ოსტატობის წყალობით), მაგრამ პირველ მოსახვევში ბოლო შევიდა. და მაინც, რბოლა ბრწყინვალედ ჩაატარა და ფინიშთან მეხუთე მივიდა!

 

იტალიის დიდი პრიზი

 

მონცა, დისტანცია 306.72 კმ (5.793 კმ, 53 წრე)

 

ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:18:00.688

სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) +00:25.042

ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 00:47.635

ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 00:47.996

კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 01:08.860

სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 01:12.783

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1 წრე

დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1 წრე

მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე

დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1 წრე

კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1 წრე

ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1 წრე

ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე

უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 2 წრე

რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 2 წრე

17გ. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 3 წრე

 

18გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 6 წრე

 

გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 52 წრე

 

გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 52 წრე

 

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

 

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:26.672, 49-ე წრე

 

მრბოლთა კლასიფიკაცია

 

1. ლუის ჰამილტონი - 252 ქულა; 2. ნიკო როსბერგი - 199; 3. სებასტიან ფეტელი - 178; 4. ფელიპე მასა - 97; 5. კიმი რაიკონენი - 92; 6. ვალტერი ბოტასი - 91; 7. დანილ კვიატი - 58; 8. დანიელ რიკარდო - 55; 9. რომენ გროჟანი - 38; 10. სერხიო პერესი - 33; 11. ნიკო ჰულკენბერგი - 30; 12. მაქს ფერსტაპენი - 26; 13. ფელიპე ნასრი - 16; 14. პასტორ მალდონადო - 12; 15. ფერნანდო ალონსო - 11; 16. კარლოს საინსი - 9; 17. მარკუს ერიქსონი - 9; 18. ჯენსონ ბატონი - 6; 19. რობერტო მერი - 0; 20. უილ სტივენსი - 0

 

კონსტრუქტორთა თასი

 

მერსედესი - 451 ქულა; 2. ფერარი - 270; 3. უილიამს-მერსედესი - 188; 4. რედ ბულ-რენო - 113; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 63; 6. ლოტუს-მერსედესი - 50; 7. ტორო როსო-რენო - 35; 8. ზაუბერ-ფერარი - 25; 9. მაკლარენ-ჰონდა - 17; 10. მენორ-ფერარი - 0.

ცხელი ამბები