Aa
Aa

"არსებობენ ადამიანები, რომლებიც არასდროს კვდებიან" - პირველი მატჩი ასტორის გარეშე

დავიდე ასტორის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე, "ფიორენტინამ" პირველი მატჩი გამართა.

"არტემიო ფრანკის" ტრიბუნებზე ბოლო დროს ანშლაგი იშვიათად იყო, თუმცა დღევანდელი დღე განსაკუთრებული გახლდათ - დავიდე ასტორის ხსოვნას მთელმა ფლორენციამ მიაგო პატივი.

"ფიორენტინას" ყველა მოთამაშე, მათ შორის მწვრთნელებიც და სამედიცინო შტაბის წევრებიც, მოედანზე ასტორის 13 ნომრიანი მაისურით იყვნენ.

ტრიბუნებზე მთელი შეხვედრის მანძილზე ისმოდა შეძახილები, რომლებითაც კაპიტნის ხსოვნას პატივს სცემდნენ.

"ბედნიერი მოგზაურობა კაპიტანო. არსებობენ ადამიანები, რომლებიც არასდროს კვდებიან".

შეხვედრის მე-13 წუთზე თამაში შეჩერდა და ასტორის ხსოვნას წუთიერი დუმილით ყველამ პატივი მიაგო.

"ფიორენტინას" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ დავიდე ასტორის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ბრაზილიელი ვიქტორ უგო გაამწესა, რომელმაც შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც სათადარიგო სკამთან მიირბინა, სადაც მას მაისური ელოდა, რომელზეც ასტორი იყო გამოსახული. უგომ მას პატივი მიაგო...

დღეს ფლორენციაში ისტორიული დღე იყო. დღე, რომელიც ყოველთვის ემახსოვრებათ, მაგრამ მისი გახსენება მუდამ ტკივილისმომგვრელი იქნება.

DAVIDE 13 - Ciao Capitano!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები