Aa
Aa

საქართველომ რუსეთი დაამარცხა და ბონუს ქულაც მოიპოვა!

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მორიგი მატჩი რუსეთში გამართა და - გაიმარჯვა.

"ბორჯღალოსნებმა" მოულოდნელად პირველი ნახევარი 9:7 დათმეს.

საწყის 15 წუთში რუსებმა იაქტიურეს და ჯარიმის უფლებაც მოიპოვეს, რომელიც ზუსტად შეასრულეს და 3:0 დაწინაურდნენ.

24-ე წუთისთვის საქართველოს ნაკრებმა მძლავრად შეუტია და რუსებს შანსი არ დაუტოვა. ლელოს ავტორი ანტონ ფეიქრიშვილი გახდა - 7:3.

ამის შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" შეცდომების დაშვება განაგრძეს და რუსებს ჯარიმის დარტყმის უფლება ორჯერ მისცეს, მასპინძლებმაც შანსი გამოიყენეს და ტაიმი 9:7 მოიგეს.

მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა მოიპოვა და ჯარიმის დარტყმის უფლებაც მიიღო, რომელიც სოსო მათიაშვილმა ზუსტად შეასრულა - 10:9.

66-ე წუთზე "ბორჯღალოსნებმა" მოლი შეკრეს და რუსების შერკინების ხაზს შეიძლება ითქვას გადაუარეს - ლელო კი ნემსაძემ დადო, რომელიც მათიაშვილმა ზუსტად გარდასახა და ანგარიში 17:9 გახდა.

ამის შემდეგ მატჩმა ფორმალური სახე მიიღო. "ბორჯღალოსნებმა" რუსები მარტივ მამრავლებად დაშალეს. მესამე ლელო ზუსტად იგივე სტილში დაიდო. მოლი შეიკრა და რუსებმა წინააღმდეგობა ვერ გაგვიწიეს. ლელოს ავტორი კი მიშო გაჩეჩილაძე გახდა. გარდასახვა მათიაშვილმა კვლავ ზუსტად შეასრულა და ანგარიში 24:9 გახდა.

ბორჯღალოსნებმა მე-4 ლელო ლამაზ სტილში დადეს. ვასილ ლობჟანიძემ ანზორ სიჭინავას ფეხით შეუყოლა და მანაც მარტივად დაამიწა. გარდასახვა მერაბ კვირიკაშვილმა არაზუსტად შეასრულა - 29:9.

საქართელოს ნაკრებმა ბონუს ქულაც მოიპოვა, თავისი გეგმა იდეალურად შეასრულა და ახლა უკვე 19 ქულა აქვს.

მილტონ ჰეიგის გუნდი მორიგ შეხვედრას რუმინეთთან 18 მარტს "დინამო არენაზე" გამართავს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

ცხელი ამბები