მატჩის წინ - რუსეთი VS საქართველო
Aa
Aa

მატჩის წინ - რუსეთი VS საქართველო

10 მარტს კრასნოდარში „ყუბანის“ სტადიონზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგი ტური გაიმართება და ერთმანეთს ორი პრინციპული მეტოქე - რუსეთისა და საქართველოს ნაკრები დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი" და "რაგბი TV" შემოგთავაზებთ.

ესპანეთთან მოგებული მატჩის შემდეგ, მილტონ ჰეიგმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა. „ბორჯღალოსნების“ თავკაცმა უკანა ხაზში ფულბექის პოზიციაზე მერაბ კვირიკავშვილი დააბრუნა, რომელიც ნაკრებთან ერთად წელს პირველად ითამაშებს. სოსო მათიაშვილი კი, რომელმაც სამივე შეხვედრა 15 ნომრის პოზიციაზე ჩაატარა ფრთაზე სანდრო თოდუას ჩაანაცვლებს.

პირველ ხაზში ლევან ჩილაჩავას ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში ანტონ ფეიქრიშვილი გამოვა.

მეორე ხაზში შალვა სუთიაშვილის ნაცვლად გიორგი ნემსაძისა და ნოდარ ჭეიშვილის დუეტს ვიხილავთ. სუთიაშვილი სათადარიგო სკამზე გადავა, სადაც კიდევ ერთი ცვლილებაა და ზურაბ ჟვანიას ნაცვლად თამაშში კახა ასეიშვილი ჩაერთვება.

„ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა

უკანა ხაზი

მერაბ კვირიკაშვილი, სოსო მათიაშვილი, დავით კაჭარავა, გიორგი კვესელაძე, ანზორ სიჭინავა, ლაშა ხმალაძე, ვასილ ლობჟანიძე.

შერკინება

მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი, გიორგი ნემსაძე (კაპიტანი), ნოდარ ჭეიშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ვიტო კოლელიშვილი, ლაშა ლომიძე.

სათადარიგოები

გიორგი კოშაძე, ლაღა მალაღურაძე, გელა აფრასიძე, ბადრი ალხაზაშვილი, კახა ასეიშვილი, გიორგი მელიქიძე, შალვა სუთიაშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე.

ჟურნალისტებთან საუბრისას მილტონ ჰეიგმა აღნიშნა: „ვემზადებით თამაშისთვის, რომელსაც ისტორიულად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართველი ქომაგისთვის. ჩვენ მათი კარგად გვესმის, მათ განწყობას სრულად ვიზიარებთ და შესაბამისად მოვემზადეთ. რუსეთთან მატჩს მენტალურად და ფიზიკურად მომზადებულები ვხვდებით. ტრავმების გამო გვაქვს გარკვეული ცვლილებები, თუმცა ეს არაფერს ცვლის, კრასნოდარში მოსაგებად მივდივართ“.

მომავალ მატჩს გამოეხმაურა შალვა სუთიაშვილი და განაცხადა: „ესპანეთთან მოგებულ მატჩში გვქონდა ხარვეზები და ეს კვირა მათ გამოსწორებას დაეთმო. ჩვენი მიზანია, რომ ყველა თამაში მოვიგოთ. რუსეთს პროგრესი აქვს, კარგადაა მომზადებული და მათ ჩვენს პროგრესირებად თამაშს დავუპირისპირებთ. კარგად გვესმის, რომ რუსეთთან მატჩის წინ გულშემატკივრებში განსაკუთრებული მოლოდინია და ამ შეხვედრას ჩვენთვისაც ორმაგი დატვირთვა აქვს“.

საკუთარ თანაგუნდელებთან დაპირისპირებას მოუთმენლად ელის „ენისეი ესტეემ“-ის ქართველი მორაგბე მიხეილ გაჩეჩილაძე: „განვიხილეთ მეტოქის თამაში და ვეცდებით, რომ შაბათს მწვრთნელების დავალებები ზუსტად შევასრულოთ. მოუთმენლად ველი რუსეთთან თამაშს, რომლის ბირთვსაც ჩემი გუნდელები წარმოადგენენ“.

 

რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ მაკდერმოტმა რუმინეთთან მარცხის შემდეგ „დათვების“ რიგებში სამი ცვლილება განახორციელა.

პირველ ხაზში ვალერი ცნობილაძესა და ინოკენტია ზიკოვას მაგივრად სტანისლავ სელსკი და ევგენი პრონენკო გამოვლენ მოედანზე. მეორე ხაზში კი დიმიტრი კრატოვას ანდონ რუდოი შეცვლის.

შერკინება

სერგეი სეკისოვი, სტანისლავ სელსკი, ევგენი პრონენკო, ანდრეი გარბუზოვი, ევგენი ელგინი, ვიქტორ გრესევი, ტაგირ გაჯიევი, ანტონ რუდოი.

უკანა ხაზი

ვასილი დოროფეევი, იურ კუშნარევი (კაპიტანი), ევგენი ნეპეივადა, დმიტრი გარასიმოვი, სერგეი ტრიშინი, მიხაილ ბაბაევი, რამილ გაისინი.

სათადარიგოები

გაზირ გასანოვი, ანდრეი პოლივალოვი, მაგომედ დავუდოვი, ალექსანდრ ილინი, ანტონ სიჩევი, ალექსეი შერბანი, ალექსეი მიხალცოვი, ალექსანდრ ბუდიჩენკო.

სტატისტიკა

ურთიერთშეხვედრებში აშკარა უპირატესობა ქართველების მხარესაა, რუსეთმა ბოლოს 1993 წელს პოლონეთში მოახერხა „ბორჯღალოსნების“ დამარცხება. მას შემდეგ ჩატარებული 20 შეხვედრიდან 19 ქართველების სასარგებლოდ ხოლო 1 მატჩი ფრედ დასრულდა.

21 შეხვედრის ჯამური ანგარიშია 528:245, ხოლო ლელოთა თანადაფარდობა 59/16.

საინტერესოა, რომ ავადმყოფობის გამო კრასნოდარში ვერ გაფრინდა შეხვედრის არბიტრი კრეიგ მაქსველ კეისი. მის ნაცვლად მატჩს ენტონი ვუდროპი განსჯის, რომელიც თავდაპირველად გვერდით მსაჯად იყო გამწესებული. ვუდროპს რუსი ალექსეი ბრიზგალინი შეცვლის, ხოლო მეორე გვერდითი მსაჯი მაკლი ჰადსონი იქნება.

გამოყენებულია rugby.ge-ს მასალები.

ცხელი ამბები