მილანი VS არსენალი - უპირატესობები და სუსტი წერტილები დეტალებში...

სიახლე 08.03.2018
A+ A- 11:38

„ევროპა ლიგის“ მიმდინარე სეზონის მთავარი აფიშა 1/8 ფინალში მივიღეთ. არადა „მილანისა“ და „არსენალის“ ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ხილვა ბევრ ადამიანს სურდა.

ეს ორი მიძინებული ევროპული გრანდი, პირველ შეხვედრას გადაჭედილ „სან სიროზე“ ითამაშებს.

მატჩისადმი მოლოდინი მართლაც უდიდესია, „როსონერის“ ქომაგები სტადიონის გადავსებას აპირებენ, ხოლო „არსენალს“ მხარს 2000-მდე გულშემატკივარი დაუჭერს.

გუნდების ამჟამინდელი მდგომარეობა

იტალიელები შეხვედრას კარგი სათამაშო ფორმით ხვდებიან, თანაც გატუზოს გუნდს საკმაოდ ხანგრძლივი დასვენება გამოუვიდა. „შავ-წითლებმა“ ბოლო ოფიციალური მატჩი გასულ ოთხშაბათს „ლაციოსთან“ ითამაშეს და იტალიის თასის ფინალში გავიდნენ.

კვირას გადადებული მილანური დერბის შესახებ ყველაფერი კარგად ვიცით. უბრალოდ იმას გავუსვათ ხაზი, რომ გატუზოს ბიჭებს 13 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ და ბრწყინვალე ფიზიკურ და მენტალურ ფორმაში არიან. გუნდმა ბოლო 6 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა - ეს მშრალი სერია 584 წუთს ითვლის.

მილანელები თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით არიან, რადგან ანდრეა კონტის დანაკლისი ძველი ამბავია.

Wenger OUT - ეს წარწერა ლონდონში და კონკრეტულად „არსენალის“ თამაშებზე სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება. „მეთოფეებს“ არც შედეგი უვარგათ და თამაშის ხარისხი საერთოდ კატასტროფულია.

გუნდის გულშემატკივრებისთვის ყველაზე უფრო გულდასაწყვეტი ისაა, რომ „არსენალს“ სიცოცხლე არ ეტყობა და ფეხბურთელები ჩამქრალი თვალებით თამაშობენ. არაა სისტემა და გეგმა, რომელიც ამ შესანიშნავ ფეხბურთელთა კონტიგენტს, პოტენციალის თუნდაც სანახევროდ გამოვლენის საშუალებას მისცემს.

ლონდონელებს ბოლო 4 ოფიციალური მატჩი ზედიზედ აქვთ წაგებული. მათ გასულ ხუთშაბათს „სიტისგან“ საფეხბურთო გაკვეთილი მიიღეს და საშინაო შეხვედრაში 0:3 დამარცხდნენ, თანაც სამივე გოლი საწყის 33 წუთში გაუშვეს. უქმეებზე სტუმრად „ბრაიტონთან“ წაგებას (1:2) კი ზედმეტი საუბარი არ სჭირდება.

ხსენებულ შეხვედრაში გოლი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა შეაგდო. ვენგერმა ამ თამაშში ოპტიმალური შემადგენლობა გამოიყვანა - ბელერინი ბოლომდე მზად არ იყო და ის ვერც დღეს ითამაშებს.

თავიანთი ერთ-ერთი წამყვანი მცველის გარდა, ინგლისელებს ლაკაზეტი, კასორლა და ობამეიანგი არ ეყოლებათ. გაბონელს „ევროპა ლიგაზე“ თამაში უფლება არ აქვს, რადგან მისმა ყოფილმა გუნდმა „ჩემპიონთა ლიგიდან“ „ევროპა ლიგაზე“ გადაინაცვლა.

ტაქტიკური გეგმები და მონახაზები

ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველ შეხვედრაში, თანაც ასეთ პრინციპულ წყვილში, თითოეულ შეცდომას უდიდესი მნიშვნელობა ექნება.

იტალიელებმა კარგად იციან, რომ მეტოქის უმაღლესი კლასის შემტევებს სივრცეები უნდა შეუზღუდონ და მაქსიმალურად მჭიდროდ ეთამაშონ. „არსენალის“ შეტევების მთავარი ხერხემალი და განმავითარებელი მესუთ იოზილია, რომელიც ექსტრა კლასის ფეხბურთელია და მისი განეიტრალება, საქმის სანახევროდ შესრულებას ნიშნავს. „როსონერი“ საკუთარ საჯარიმოსთან მჭიდროდ ითამაშებს. მნიშვნელოვანი როლი დაეკისრებათ კესისა და ბილიას, რომელთაც იოზილთან ყველაზე ხშირად კონტაქტი ექნებათ.

გატუზოს დანიშვნის შემდეგ, საწყის მატჩებში „მილანი“ ბურთის ფლობისას ბევრ შეცდომას უშვებდა და მეტოქის პრესინგისას ხშირად იბნეოდა, თუმცა ბოლო მატჩებში ნათლად ჩანს, რომ „როსონერიმ“ ამ კუთხით მოუმატა და ბურთის ამოტანის პრობლემა აღარ არსებობს. ასეთ დროს თანაგუნდელებს დონარუმაც ეხმარება ხოლმე, რომელიც ფეხით ნორმალურად თამაშობს.

კიდევ ერთი ნიშანდობლივი მომენტი ლეონარდო ბონუჩი და მისი გრძელი პასებია. წესით, ვენგერმა თავისი გუნდის ცენტრფორვარდსა და შემტევებს ბონუჩის წინააღდეგ ყურადღებით თამაში უნდა დაავალოს, რათა მას თავისუფლება და გრძელი გადაცემებით თამაშის გამწვავების საშუალება არ მიეცეს.

მილანელები მოედნის ცენტრში ტრადიციულ მკაცრ პრესინგს ითამაშებენ. მეტოქის ნახევარზე მუდმივ პრესინგს მხოლოდ კუტრონე მიმართავს, ხოლო მას ღრმა პრესინგში დახმარებას ნახევარმცველები იმ შემთხვევაში გაუწევენ, როცა საამისო საჭიროება ან მეტოქისთვის ბურთის ართმევისთვის ხელსაყრელი მომენტი იქნება.

მასპინძელთა ერთ-ერთი კოზირი კარგ ფორმაში მყოფი დაცვა და ჯიჯო დონარუმაა. შეტევა კი ბონავენტურამ და ჩალჰანოღლუმ უნდა მოამარაგონ, რომელთაც პერიოდულად ფრანკ კესიც დაეხმარება - კოტ დ’ივუარელი ფიზიკურად ძლიერი და მოძრავი ნახევარმცველია, აქვს კარგი დარტყმა და ჩაშლასთან ერთად, შესაბამის სიტუაციაში წინ წასვლაც ევალება.

უდიდესი როლი ექნება სუსოს. ესპანელი „როსონერის“ იერიშების მთავარი კაცია და მის დრიბლინგებს, გამჭოლ პასებსა და ჩახვეულ დარტყმებს, „არსენალი“ განსაკუთრებით უნდა უფრთხილდეს.

გატუზოს ხელმძღვანელობით „მილანის“ კარგ სერიას სტაბილური ძირითადი შემადგენლობა განაპირობებს, თითქმის გამორიცხულია, რომ „რინომ“ რამე ან ვინმე შეცვალოს.

კარში ჯიჯო დონარუმა დადგება, რომელიც დამაჯერებელია და გუნდის მოქოქვაც შეუძლია, მის წინ კალაბრია-ბონუჩი-რომანიოლი-როდრიგესის კვარტეტი მოგვევლინება. ამ ოთხეულიდან ყველაზე ცუდ ფორმაში როდრიგესია, თანაც იგი დაცვის კუთხით უძლიერესი არასდროს ყოფილა და რომანიოლი და საყრდენი ნახევარმცველები მის დასაზღვევად ნებისმიერ მომენტში მზად უნდა იყვნენ. მშვენიერ ფორმაში შევიდა დავიდე კალაბრია, რომელიც პირისპირ თამაშისას ძლიერია, თუმცა ხანდახან პოზიციურ შეცდომებს უშვებს. ბოლო დროს ახალგაზრდა მცველის მთავარი სავიზიტო ბარათი კი შეტევებში შესანიშნავად ჩართვაა - მან „რომასთან“ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, ამასთანავე სერია A-ში 3 საგოლე პასი აქვს აქტივში.

ნახევარდაცვის სამეული ბილია-კესი-ბონავენტურა იქნება, რომელთაგანაც პირველი 2 დაცვითი ტიპისაა, ხოლო შუალედურ როლს „ჯეკი“ ასრულებს. ბონავენტურა მებრძოლი და მშრომელი ფეხბურთელია და დაცვით ოპერაციებში მონაწილეობის გარდა, შეტევაშიც აქტიურად უნდა წავიდეს.

მარჯვენა ვინგერად სუსოს გაამწესებენ, მარცხნივ კრეატიული თურქი ჰაქან ჩალჰანოღლუ გაირჯება, ხოლო შეტევის წინა ხაზზე ახალ პიპო ინძაგიდ შერაცხულ პატრიკ კუტრონეს უნდა ველოდოთ. კუტრონე მომენტის ფეხბურთელია, თანაც ბევრს დარბის და ლონდონელთა დაცვას ამოსუნთქვის საშუალებას არ მისცემს.

ვენგერი, სავარაუდოდ, ჩვეულ 4-2-3-1 სისტემას აირჩევს. კარში დავიდ ოსპინა იქნება, რომელსაც მხოლოდ "ევროპა ლიგაზე" ათამაშებენ. დიდი როლი ექნებოდა რეაქტიულ ექტორ ბელერინს, თუმცა ტრავმირებული ესპანელის ჩანაცვლება კოლამ ჩემბერსს მოუწევს. დაცვის ცენტრში მუსტაფი-კოშელნის ნაცადი დუეტი დადგება, რომელიც არადამაჯერებელია და მათმა გუნდმა უკანასკნელ 11 ოფიციალურ შეხვედრაში 19 გოლი გაუშვა. ტრავმირებულია უნივერსალი მცველი ნაჩო მონრეალიც, რაც ძირითადში კოლაშინაცის ყოფნას ნიშნავს.

ჯაკასა და რემზის შემადგენლობით დაკომპლექტებულ საყრდენი ზონის წინ მხითარიანი, იოზილი და აივობი უნდა ვიხილოთ, ხოლო შეტევის წინა ხაზზე დენი უელბეკს ალტერნატივა არ ჰყავს.

„მეთოფეთა“ თავკაცის განკარგულებაშია ჯეკ უილშირიც, ასე რომ, შესაძლებელია, სასტარტო თერთმეტეულში მანაც დაიწყოს. ასეთ დროს, რემზი დაისვენებს, ან გუნდი 4-3-3 სისტემით ითამაშებს, რა დროსაც იოზილს პოზიციის შეცვლა, შედარებით ფლანგზე გადანაცვლება და ოდნავ განსხვავებული ფუნქციების შეთავსება მოუწევს.

„ჯეკი ბოის“ მოედანზე ყოფნის შემთხვევაში, „მეთოფეთა“ ცენტრი უფრო ტექნიკური და კრეატიული ხდება, თუმცა მინუსი ისაა, რომ იგი საუკეთესო ფორმისგან ამჟამადაც შორსაა და ზოგადად, ბოლო წლებში მბჟუტავ ნაკვერჩხალს გვაგონებს. არადა, უილშირი ძალიან მრავალფეროვანი მოთამაშე და მაღალი კლასის ოსტატია და რომ არა მისი უხასიათობა და უდისციპლინობა, ვინც იცის, ახლა რა სიმაღლეზე იქნებოდა...

გატუზო, ვენგერი და მეორე ტაიმის ვარიანტები

წინასამატჩო განაცხადებს რომ გადავხედოთ, ცალსახაა, რომ გატუზოს სკამზე რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი რჩება, რომელთა საშუალებითაც თამაშის გაძლიერება შეეძლება, აი ვენგერის შემთხვევაში კი არჩევანი მწირია. ამიტომაც, საერთოდ არაა გამორიცხული, რომ ფრანგმა სპეციალისტმა რუსტერში მყოფი ყველა მაღალი დონის შემტევი ძირითადში არ დააყენოს, 4-2-3-1 განლაგებაზე უარი თქვას და თუნდაც აივობი მეორე ტაიმისთვის შეინახოს.

ასეთ შემთხვევაში, ისევ 4-3-3 ტაქტიკას უნდა მივუბრუნდეთ, როცა ნახევარდაცვას ერთი ფეხბურთელი, სავარაუდოდ, უილშირი დაემატება, წინა ხაზზე მყოფ უელბეკს კი იოზილი და მხითარიანი დაეხმარებიან.

იტალიელთა თავკაცს რეზერვში ყველა ვარიანტში 2 ფორვარდი - კალინიჩი და ანდრე სილვა რჩება, რომელთაგანაც ეს უკანასკნელი თავდასხმის ყველა პოზიციაზე თამაშობს, თანაც მიმდინარე „ევროპა ლიგის“ ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია (6 გოლით).

ასევე არის ბორინიც კანდიდატურაც, რომელიც შეცვლებზე ხშირად გამოდის და სერია A-ში რამდენიმე გოლიც გაიტანა. თუკი ბორინი შეტევის გასაძლიერებლად შემოვა, მასპინძელთა სქემა 4-2-3-1-ის მსგავსი გახდება. ამ დროს ორი ვარიანტია - 1) მოიხსნება ჩალჰანოღლუ და გამთამაშებლად ბონავენტურა აიწევს და 2) მოიხსნება 3-დან ერთ-ერთი ცენტრალური ნახევარმცველი და გამთამაშებლად ჩალჰანოღლუ მოგვევლინება.

არსებობს შეტევის ბონავენტურათი გაძლიერების ვარიანტიც - გატუზომ ერთ-ერთი ვინგერის ნაცვლად (ჩალჰანოღლუ ან სუსო, უფრო ალბათ თურქი) ცენტრალური ნახევარმცველი (ლოკატელი ან მონტოლივო) უნდა გამოიყვანოს და „ჯეკი“ მარცხენა შემტევის პოზიციაზე გამწესდეს. ამ შემთხვევაში, 4-3-3 სქემა უცვლელი რჩება.

მილანური სული თუ ლონდონური ტექნიკა?..

გატუზოს მოსვლის შემდეგ, „მილანმა“ თავდაჯერება დაიბრუნა და ახლა გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული. თოთოეულ ფეხბურთელს თავისი ფუნქცია აქვს და იციან, რა უნდა გააკეთონ.

„როსონერის“ ამ დაუმარცხებელი სვლის მთავარი შემოქმედი სწორედ შიდა სამზარეულოში არსებული ჯანსაღი ატმოსფეროა, რაც რა თქმა უნდა, გატუზოს პლიუსად უნდა ჩაითვალოს.

მეორე მხარე ისაა, რომ იტალიელებს ძალიან ახალგაზრდული გუნდი ჰყავთ და ბონუჩის, ბილიასა და ბონავენტურას გარდა, ძირითადის ყველა ფეხბურთელის ასაკი 25 წლამდეა. ცალკეულ ფეხბურთელებს, ასეთ დონეზე თამაშის გამოცდილება არ აქვს, რაც ერთი მხრივ წყალს „არსენალის“ წისქვილზე ასხამს, ხოლო მეორე მხრივ, ამ ახალგაზრდულმა კოლექტივმა უკვე აჩვენა, რომ პოტენციალი აქვს და „სან სიროს“ მოგუგუნე ტრიბუნების წინაშე თამაში, თითოეული ახალგაზრდისათვის განსაკუთრებული სტიმული იქნება. გატუზოს ის არ შეეშლება, თითოელი ფეხბურთელის თვალში მატჩის წინ ცეცხლი აანთოს და ისინი მოედანზე გაათმაგებული მოტივაციით გამოიყვანოს.

„რინო“ ბრწყინვალე მოტივატორია და იტალიელთა პლიუსი სწორედ ანთებული თვალები, მუხტი და „სან სიროს“ დიდებული ატმოსფერო იქნება.

ინგლისელების კოზირი ცალკეულ ფეხბურთელთა გამოცდილება და უმაღლეს კლასი იქნება. მესუთ იოზილი და ჰენრიხ მხითარიანი, გნებავთ დენი უელბეკი, იმ დონის ოსტატები არიან, შეხვედრის ბედის ერთ წამში გადაწყვეტა რომ შეუძლიათ.

„მეთოფეები“ ჩვეული ტექნიკური ფეხბურთის ჩვენებას ეცდებიან, რაც თუკი თამაში წაუვათ, ყოველთვის ბრწყინვალედ გამოსდით და ასეთ დროს „არსენალი“ ძალიან სახიფათო ხდება. მეტოქის სისუსტეები ვენგერმაც კარგად იცის და მათ გამოყენებას სწორედ გააზრებული და გამართული ფეხბურთი დასჭირდება.

სავარაუდოა, რომ სტუმრები აქცენტს ბურთის ფლობაზე გააკეთებენ და ფონს გასვლას კომბინაციებით ეცდებიან, რა დროსაც იოზილმა უნდა ივარგოს და ბურთი სწორად, ეფექტურად და შედეგიანად უნდა გაანაწილოს.

აი თუკი იტალიელებმა შეძლეს და მესუთი თამაშიდან გათიშეს, მაშინ „არსენალს“ ძალიან გაუჭირდება და თავდასხმამდე ბურთის ატანა და მწვავე პასების დარიგება, რთული საქმე გახდება.

სუსტი წერტილი - სად შეიძლება დაარტყას „არსენალმა“ „მილანს“?..

უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ მასპინძელთა მთავარი კოზირი გუნდურობაა და წარმატებისკენ მიმავალი გზა სწორედ მეთოდურ მოქმედებებსა და გეგმაზომიერ თამაშზე გადის.

მათ მეტოქეს კი აქვს ერთი კონკრეტული უპირატესობა, რასაც შეგვიძლია „მილანისთვის“ სახიფათო ზონა ან სუსტი წერტილი დავარქვათ.

ლონდონელთა მარჯვენა ფლანგზე ძირითადად მხითარიანი (ხანდახან აივობი ან იოზილი) ითამაშებს. აღვნიშნეთ ის, რომ რიკარდო როდრიგესი უძლიერესი მცველი სულაც არაა, თანაც ახლა მას არცთუ კარგი პერიოდი აქვს, რაც სათამაშო ფორმიდან ნათლად ჩანს. სომეხ შემტევს შეტევებში კოლამ ჩემბერსიც დაეხმარება, რომელიც ამ კუთხით უძლიერესი არაა, მაგრამ კარგად თამაში შეუძლია. მივდივართ იქამდე, რომ როდრიგესს საკმაოდ გაუჭირდება და „არსენალს“ შეუძლია მასპინძელთა ეს სისუსტე სათავისოდ გამოიყენოს. ესაა ის ადგილი, სადაც კარგად მიწოლა და „მილანის“ მიერ ზომების არ მიღება, დიდი ალბათობით, შედეგს გამოიღებს.

ბუნებრივია, ეს უნდა იცოდეს იტალიელთა სამწვრთნელო შტაბმაც და დაცვის მარცხენა ფლანგის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება მიმართოს, თანაც იქით მოთამაშე ჩალჰანოღლუ დაცვას იმდენად ეფექტურად ვერ ეხმარება, რაც გვაძლევს იმას, რომ როდრიგესს, რომანიოლის გარდა, საყრდენი ნახევარმცველებიც უნდა დაეხმარონ.

შედარებით უკეთესი სიტუაციაა დაცვის მარჯვენა ფლანგზე, სადაც კალაბრია იმოქმედებს, რომელიც საკმაოდ სტაბილური მცველია, თანაც ახლა ჩინებულ ფორმაშია, თუმცა ახალგაზრდაა და რა თქმა უნდა, დახმარება მასაც დასჭირდება. ტოტალური ფეხბურთიც ესაა - ზონის ჭკვიანურად შევსება, ეფექტური და დროული გადაწყობა და ერთმანეთის დახმარება.

მსაჯი - კლემენ ტურპენი

მატჩზე მივლენილ ფრანგ მსაჯთა ბრიგადას 35 წლის კლემენ ტურპენი უხელმძღვანელებს, რომელსაც „არსენალის“ შეხვედრა ერთხელ განუსჯია, როცა იგი 2014 წელს ბელგიურ „ანდერლეხტს“ 3:3-ზე გაეყარა.

საინტერესოა, რომ 2011 წლის 15 თებერვალს, ტურპენი „ჩემპიონთა ლიგის“ პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრაში, „მილანსა“ და „ტოტენჰემს“ შორის, მე-4 არბიტრი გახლდათ. ეს ის თამაშია, რომლის მიმდინარეობისასაც „როსონერის“ ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა - „მამაცმა გულმა“ ჯენარო გატუზომ, ლონდონელთა მწვრთნელის ერთ-ერთ ასისტენტს ხელი ყელში წაუჭირა და ვნახოთ, არაა გამორიცხული, ასეთები დღესაც იყოს...

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი, ლუკა ტონი ტურინულ გამოცემა Tuttosport-ს ესაუბრა, რომელიც მას სერია A-ში მიმდინარე ამბებზე და მომავალ სეზონზე დაეკითხა. 4...

ვინსენტ კომპანიმ „მანჩესტერ სიტის“ საჩემპიონო სეზონის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „ყველაფერი ან არაფერი“-ის პრემიერ...

ბოლო წლებში იტალიურ კლუბებს გამოცოცხლება ეტყობათ, რაც ევროტურნირებზეც ჩანს და სატრანსფერო ბაზარზეც. იმის მიუხედავად, რომ აპენინურ ფეხბურთში იმდენად დი...

ორშაბათს, „ტოტენჰემის“ ვარსკლავი, სონ ჰიონ მინი, აზიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად და სავალდებული სამხედრო სამსახურიდან „თავის ...

"არსენალთან" დაპირისპირების შემდეგ პეპ გუარდიოლამ ბენჟამინ მენდიზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მასთან მუშაობა ადვილი ნამდვილად არაა. ფრანგმა მცველმა &bd...

გუშინ სტარტი პრემიერ ლიგის ახალმა სეზონმა აიღო, პირველ შეხვედრაში ჟოზე მოურინიოს „მანჩესტერმა“ „ლესტერს“ 2-1 სძლია. მესამე წუთ...

გუშინ სტარტი პრემიერ ლიგის ახალმა სეზონმა აიღო. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლესტერი" დაუპირისპირდნენ. მატჩი "წითელი ეშმაკები...

„არსენალის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, კლუბის მომავალზე და პრემიერ ლიგის კარსმომდგარ სეზონზე ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტი გ...

კლუბები ახლად შეძენილი ფეხბურთელების წარსადგენად უფრო და უფრო საინტერესო ხერხებს პოულობენ და კრეატიულობაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. „ვილიარელმა&ldq...

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი, ლუკა ტონი ტურინულ გამოცემა Tuttosport-ს ესაუბრა, რომელიც მას სერია A-ში მიმდინარე ამბებზე და მომავალ სეზონზე დაეკითხა. 4...

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის სიახლეები CRYSTALSPORT.GE-სგან...

იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი, კრიშტიანუ რონალდუ შაბათს სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს. "იუვენტუსი" სტუმრად ვერონას "კიე...

ვინსენტ კომპანიმ „მანჩესტერ სიტის“ საჩემპიონო სეზონის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „ყველაფერი ან არაფერი“-ის პრემიერ...

ურუგვაის ნაკრებისა და ბარსელონას ფორვარდი ლუის სუარესი მეტოქის კარს "პუმა"-ს ბუცებით შეუტევს. კატალონიელტა ვარსკვლავი "ადიდასი"-ს ბუცებს ხმარობდა , მა...

ბოლო წლებში იტალიურ კლუბებს გამოცოცხლება ეტყობათ, რაც ევროტურნირებზეც ჩანს და სატრანსფერო ბაზარზეც. იმის მიუხედავად, რომ აპენინურ ფეხბურთში იმდენად დი...

ტალინში გამართული უეფას  სუპერ თასის გამარჯვებული მადრიდის "ატლეტიკო" გახდა , რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მფლობელი "რეალი" დამატებით დროში ანგარიშით...

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას დღეს ჩაატარებს.  კახაბერ ჩხეტიანის გუ...

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა კიევში ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირი  გამარჯვებით დაიწყო. ზვიად ჯელაძის გუნდმა ლიეტუვა ანგარიშით 2:1 დაამარცხ...

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის სიახლეები CRYSTALSPORT.GE-სგან...

"ტორპედოს" ალბანეთში გარკვეული პრობლემები მაინც შეექმნა. ქუთაისური კლუბის ორ ლეგიონერს არფანგ დაფესა და გლეოფილო ვლიტერის ალბანურმა მხარემ ვიზა არ მის...

საფეხბურთო კლუბ ''ბორჯომის'' 24 წლის ფეხბურთელი თედო კაკულია უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.  crystalsport-ის ცნობით 14 აგვისტოს კაკულია ...

არგენტინული საფეხბურთო სამყარო მორიგი განსაცდელის წინაშეა. არაერთი ადგილობრივი გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიონელ მესიმ 2018 წელ...

თბილისის „დინამომ“ 22 წლის შემტევი ნახევარმცველი  ლევან შენგელია დაიმატა. მან ბოლო სამი სეზონი ბელგიურ ტუბიცეში გაატარა, 2017 წელს კი...

გუშინ ევროპი საფეხბურთო მოედნებზე ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართა და  ტუირნირის პლეი ოფის წყვილები გაირკვა...

2018 წლის ევროპის სუპერ თასი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დღეს გათამაშდება. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული - „რეალი“, ევროპა ლიგის ტრიუმფატორ...

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, რონალდო ლუის ნაზარიოს პნევმონია დაუდგინდა, რის გამოც იგი პარასკევიდან მოყოლებული საავადმყოფოში გახლდათ მოთავსებული. პ...

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის სიახლეები CRYSTALSPORT.GE-სგან...

რეკომენდებული სიახლეები
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის სიახლეები CRYSTALSPORT.GE-სგან...
16.08.2018
ბოლო წლებში იტალიურ კლუბებს გამოცოცხლება ეტყობათ, რაც ევროტურნირებზეც ჩანს და სატრანსფერო ბაზარზეც. იმის მიუხედავად, რომ აპენინურ ფეხბურთში იმდენად დი...
16.08.2018
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
16.08.2018
ტალინში გამართული უეფას  სუპერ თასის გამარჯვებული მადრიდის "ატლეტიკო" გახდა , რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მფლობელი "რეალი" დამატებით დროში ანგარიშით...
16.08.2018
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოასპარეზე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს პირველ გამარჯვებამდე მცირედი დაკლდა. გია კაზანჯიანისა და გელა წულაძის გ...
16.08.2018
ურუგვაის ნაკრებისა და ბარსელონას ფორვარდი ლუის სუარესი მეტოქის კარს "პუმა"-ს ბუცებით შეუტევს. კატალონიელტა ვარსკვლავი "ადიდასი"-ს ბუცებს ხმარობდა , მა...
16.08.2018
ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი, ლუკა ტონი ტურინულ გამოცემა Tuttosport-ს ესაუბრა, რომელიც მას სერია A-ში მიმდინარე ამბებზე და მომავალ სეზონზე დაეკითხა. 4...
16.08.2018
იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი, კრიშტიანუ რონალდუ შაბათს სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს. "იუვენტუსი" სტუმრად ვერონას "კიე...
16.08.2018
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა კიევში ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირი  გამარჯვებით დაიწყო. ზვიად ჯელაძის გუნდმა ლიეტუვა ანგარიშით 2:1 დაამარცხ...
16.08.2018
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას დღეს ჩაატარებს.  კახაბერ ჩხეტიანის გუ...
16.08.2018
ვინსენტ კომპანიმ „მანჩესტერ სიტის“ საჩემპიონო სეზონის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „ყველაფერი ან არაფერი“-ის პრემიერ...
16.08.2018
უკანასკნელი სიახლეები