თამაშების შემდეგ იბიცაზე მიდიოდნენ | ალონსოს მკაცრი რეჟიმი რეალში
The Guardian-ისა და BBC-ის ჟურნალისტმა, რომენ მოლინამ „რეალთან“ დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. მოლინამ იმ განსხვავებებზე ისაუბრა, რომლებიც ჩაბი ალონსოსა და კარლო ანჩელოტის აქვთ.
მოლინას მიხედვით, ანჩელოტის მწვრთნელობის პერიოდში ხშირად იყო მომენტები, როდესაც მატჩების შემდეგ ფეხბურთელები მადრიდში არ ბრუნდებოდნენ და გასართობად მიდიოდნენ. ისინი იბიცაზე მიემგზავრებოდნენ და ზოგიერთი მათგანი ვარჯიშებსაც აცდენდა. ისინი შეზღუდული არაფერში იყვნენ, რაც ალონსოსთან პრობლემად იქცა.
მოლინა აცხადებს, რომ „რეალის“ რამდენიმე ფეხბურთელმა სცადა, იგივე გაეკეთებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ალონსო მათ მიმართ სიმკაცრეს იჩენს და დისციპლინის დაცვას ითხოვს. ცნობილი ჟურნალისტის მიხედვით, ჩაბის დამოკიდებულებამ ფეხბურთელების გარემოცვის წევრები განარისხა. ისინი თვლიან, რომ ალონსო მოთამაშეების პირად ცხოვრებაში ერევა და უკმაყოფილონი არიან.
შეგახსენებთ, რომ ალონსოს „რეალი“ 12 ტურის შემდეგ ლა ლიგის ლიდერია და 31 ქულა აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდელებს 9 ქულა აქვთ და მეშვიდე პოზიციას იკავებენ.