პსჟ - რეალი: მატჩის შემდეგ ბევრი ხმამაღალი განცხადება გაკეთდა!
Aa
Aa

პსჟ - რეალი: მატჩის შემდეგ ბევრი ხმამაღალი განცხადება გაკეთდა!

"პსჟ"-სა და "რეალის" შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა განვლილი მატჩი შეაფასეს.

გაკეთდა ბევრი საინტერესო კომენტარი, რომელთაგან რამდენიმე საკმაოდ ხმამაღალი და საინტერესო იყო.

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა პრესასთან საუბრისას შეხვედრა შეაფასა და ზინედინ ზიდანის ფაქტორს გაუსვა ხაზი.

"გუნდმა შესანიშნავი სამუშაო გასწია და ამით ბედნიერი ვარ. ზიდანის ტაქტიკამ გაამართლა, ჩვენ მისი გეგმა შევასრულეთ.

ზიზუ არის პიროვნება, რომელიც მნიშვნელოვან მომენტებში იღებს საჭირო გადაწყვეტილებებს. ის ჩვენთან ყოველდღიურად ინტენსიურად მუშაობს და იცის როდის და რომელ კომპონენტში სჭირდება გუნდს მომატება".

ყველაზე პირდაპირი იყო იულიან დრაქსლერი, რომელმაც უნაი ემერის ტაქტიკა საჯაროდ დაუწუნა:

"მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ ძალიან ცუდი მატჩი ჩავატარეთ. პარიზი ამ შეხვედრისთვის დიდი ხანი ემზადებოდა, ჩვენ კი უბრალოდ ბურთს ვაგორავებდით და საჯარიმოში ჩაგდებას ვცდილობდით. როცა "რეალთან" 1:3 გაქვს წაგებული, ასე უნდა თამაშობდე? უფრო მართებული იქნებოდა, რომ მადრიდელებზე მეტი ზეწოლა განგვეხორციელებინა. 

როდესაც 1:1 გახდა, გუნდი ერთ ადგილას იდგა და არ მესმის, რატომ არ ვუტევდით. დღევანდელი მატჩის ტაქტიკით გაოცებული ვარ".

ზინედინ ზიდანმა განსაკუთრებით ასენსიოსა და ვასკესის თამაში გამოარჩია:

"ჩვენ უკეთესები ვიყავით როგორც მადრიდში, ასევე პარიზშიც. არ ვფიქრობ, რომ "პსჟ"-მ ცუდად ითამაშა. ისინი პირველ ნახევარში საკმაოდ აგრესიულები იყვნენ, თუმცა მეორე ტაიმში ვერატის გაძევების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ჩვენ მეორე ბურთის გატანა მოვახერხეთ.

შეხვედრამდე შემუშავებული მქონდა გეგმა, რომელშიც ასენსიოსა და ვასკესს დიდი როლი ჰქონდათ. მინდა გითხრათ, რომ მათ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს და ბრწყინვალედ იასპარეზეს".

პარიზელთა თავკაცმა უნაი ემერიმ, გუნდი გაამხნევა და განაცხადა, რომ ერთხელაც ისინი ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ.

"ორივე შეხვედრაში უამრავი მომენტი გავუშვით ხელიდან. მადრიდში, სადაც შანსები 50/50-ზე იყო, "რეალმა" უკეთესი შედეგის მიღწევა მოახერხა, რამაც ბევრი რამ გადაწყვიტა.

ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია, მაგრამ ასე უცებ ამის გაკეთება ძნელია. ჩვენი პროექტის მჯერა. ახლა, იმედგაცრუების დაძლევა გვმართებს და ახალ სეზონს უნდა დაველოდოთ, რომელიც შესაძლოა ჩვენი ტრიუმფით დასრულდეს. ჩემპიონთა ლიგას ერთხელაც აუცილებლად მოვიგებთ, ეს შესაძლოა გაისად მოხდენა, ან ორი წლის შემდეგ".

მადრიდელებმა ორი მატჩის ჯამში პარიზელებს 5:2 სძლიეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ლა ლიგაში კრიზისის მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგანან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები