ცალხელა „ლაინბექერი“, რომელიც NFL-ის ისტორიის დაწერას აპირებს
Aa
Aa

ცალხელა „ლაინბექერი“, რომელიც NFL-ის ისტორიის დაწერას აპირებს

ამერიკულ ფეხბურთში დრაფტის დაწყებამდე ყოველწლიურად იმართება “NFL COMBINE”, სადაც კოლეჯის ფეხბურთელები საკუთარ შესაძლებლობებს სკაუტებისა და მწვრთნელების წინაშე ავლენენ. აღნიშნულ ღონისძიებაზე ტრადიციულად ის ფეხბურთელები დომინირებენ, რომლებიც ექსპერტების მიერ წლების განმავლობაში საუკეთესოებად იყვნენ მიჩნეული. თუმცა წელს ყველაფერი სხვანაირადაა.

შაქიმ გრიფინი პირველი ცალხელა ფეხბურთელია, რომელიც “NFL COMBINE”-ზე მიიწვიეს და მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე დიდია ალბათობა, რომ გრიფინმა კარიერა ნაციონალურ საფეხბურთო ლიგაში განაგრძოს.

შაქიმმა ხელი 4 წლის ასაკში დაკარგა, თუმცა მას საკუთარ ოცნებებზე უარი არ უთქვამს და სკოლის გუნდს ორ სპორტში: ბეისბოლსა და ამერიკულ ფეხბურთში ლიდერობდა. საბოლოოდ შაქიმი თავისი ტყუპისცალის - შაკილის გზას გაჰყვა და ფეხბურთელის კარიერა აირჩია.

ორივე ძმას სტიპენდია ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტმა შესთავაზა. საინტერესოა, რომ ექსპერტთა უმრავლესობის აზრით კოლეჯმა მხოლოდ მისი ძმის გამო გადაწყვიტა შაქიმისთვის სტიპენდიის მიცემა და მასზე სერიოზულ იმედებს არავინ ამყარებდა.

თუმცა გრიფინი საუცხოოდ ათამაშდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. 2016 წელს შაქიმი “American Athletic Conference”-ს საუკეთესო დამცველი და “Peach Bowl“-ის “MVP” გახდა.

გრიფინმა თავი „NFL COMBINE“-ზეც გამოიჩინა, სადაც 22 წლის მოთამაშემ პროთეზით წოლჭიმში 102 კგ 22-ჯერ აწია, (მისმა ძმამ შარშან იგივე წონის აწევა მხოლოდ 17-ჯერ მოახერხა) და 40 იარდი 4.38 წამში დაფარა, რაც ისეთ ვარსკლავებზე კარგი შედეგია, როგორებიც: ეზეკიელ ელიოტი, ხულიო ჯონსი და რიჩარდ შერმანი არიან, ეს უკანასკნელი ტვიტერზე გამოეხმაურა გრიფინის შედეგს და განაცხადა: „თუ ეს ფეხბურთელი დრაფტზე არ აირჩიეს, მაშინ ჩვენს ლიგას სერიოზული ცვლილებებია საჭირო“.საინტერესოა, რომ 2003 წლის შემდეგ არცერთ „ლაინბექერს“ ორმოციარდიან გარბენზე ასეთი დრო არ დაუფიქსირებია.

ჟურნალისტებთან საუბრისას გრიფინმა განაცხადა: „სიმართლე გითხრათ ნამდვილად არ ველოდი თუ 22-ჯერ შევძლებდი 102 კგს აწევას, ჩემი საუკეთესო შედეგი მხოლოდ 7 იყო. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც მე მამხნევებდა და გვერდით მედგა. დიდი იმედი მაქვს, რომ “NFL”-ში მოვხვდები. დარწმუნებული ვარ ჩემს შესაძლებლობებში და 100 პროცენტით მზად ვარ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გავაკეთო.

შეგახსენებთ, რომ თუ რომელიმე გუნდმა გრიფინის აყვანა გადაწყვიტა იგი ისტორიაში პირველი ცალხელა ფეხბურთელი გახდება.

NFL-ის დრაფტი სტარტს 26 აპრილს აიღებს.

ცხელი ამბები