პსჟ VS რეალი: ტაქტიკური ანალიზი - ყველაფერი ან არაფერი
Aa
Aa

პსჟ VS რეალი: ტაქტიკური ანალიზი - ყველაფერი ან არაფერი

დღეს "ჩემპიონთა ლიგაზე" სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება - „პსჟ“ „რეალს“ უმასპინძლებს და ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას შეეცდება.

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართული შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ყველაზე მთავარი რა თქმა უნდა, ნეიმარის ტრავმაა.

222 მილიონიანი ბრაზილიელი დღევანდელ დაპირისპირებას გამოტოვებს და საერთოდაც, მისი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

როცა უნაი ემერი ნეიმარის დანაკლისის აღმოფხვრის გზებს ეძებდა, მან კიდევ ერთი საკვანძო მოთამაშე დაკარგა - ცენტრალური მცველი მარკინიოსი დაშავდა და დღეს ვერ ითამაშებს.

პარიზელთათვის ყველაზე ცუდი ამბავი კილიან მბაპეს ტრავმაა, რომელიც მართალია განაცხადში იმყოფება, მაგრამ 100%-ით მზად არ გახლავთ.

ვერ ვიტყვით, რომ ანალოგიურად რთულ სიტუაციაშია „რეალიც“, რადგან ზიდანს ყველა სასურველი მოთამაშე უკვე განაცხადში ჰყავს.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მადრიდელთა მედშტაბი კროოსისა და მოდრიჩის შემთხვევაში 100%-ან გარანტიას ვერ იძლევა, რომ დღევანდელ შეხვედრაში ორივე მათგანი 90 წუთის სათამაშოდ მზად იქნება.

პარიზელებმაც და მადრიდელებმაც თავიანთი ბოლო შეხვედრები აუღელვებლად მოიგეს.

უნაი ემერის გუნდმა „ტრუას“ დი მარიასა და ნკუნკუს გოლებით 2-0 სძლია.

უნდა აღინიშნოს, რომ არგენტინელი შემტევი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და ემერი აშკარად შეცდა, როცა მადრიდში მას შანსი არ მისცა.

ესპანელმა სპეციალისტმა ძირითადის რამდენიმე წევრს დასვენების საშუალება მისცა. არ უთამაშიათ ვერატის, ალვეშსა და კავანის.

ზინედინ ზიდანის გუნდმა „ესპანიოლთან“ მოულოდნელი მარცხის შემდეგ „ხეტაფეს“ დამარცხება და ხასიათის გამოსწორება მოახერხა.

ზიზუმ მხოლოდ რაფაელ ვარანის დასვენება გადაწყვიტა, რადგან დაშავებული მოთამაშეები მრავლად ჰყავდა და შემადგენლობის ზედმეტად გადახალისებას მოერიდა.

მორიგი დუბლი გაიფორმა კრიშტიანო რონალდუმ, რომელიც ნელ-ნელა ფორმაში შედის.

„პსჟ“ ლიგა 1-ს დამაჯერებლად ლიდერობს და მეორეადგილოსან „მონაკოს“ 14 ქულით უსწრებს.

თუ, პარიზელებმა ჩემპიონატი ფაქტიურად უკვე მოიგეს, „რეალმა“ ლა ლიგისთვის ბრძოლა საკმაოდ ნაადრევად დათმო. „ბლანკოსი“ „ბარსას“ 15 ქულით ჩამორჩება და მე-3 პოზიციაზე იმყოფება.

ტაქტიკა - რისკი პრობლემების ფონზე

ისე როგორც არასდროს, უნაი ემერის გარისკვა მოუწევს. როდესაც "რეალს" ორბურთიანი ჰანდიკაპი აქვს, იძულებული ხარ საკუთარ თავს გადაახტე და შეუძლებელი შეძლო.

ემერის დღეს ის "პსჟ" დასჭირდება, რომელიც გასულ სეზონში "ბარსელონას" წინააღმდეგ იყო და 4-0-იც გაიმარჯვა.

რა თქმა უნდა, ვიცით თუ რა შედეგითაც დასრულდა ზემოხსენებული ორრაუნდიანი დაპისპირება, თუმცა ამჯერად პარიზელებს 1-3 აქვთ წაგებული და ისინი საკუთარ მოედანზე ითამაშებენ.

"პსჟ"-მ უნდა ითამაშოს თავის სტილში - სწრაფად, აგრესიულად, დამაბნეველად და მომაკვდინებლად. ამ გუნდს ეს შეუძლია, თუმცა სტაბილურად ვერ ახერხებს რადგან ხასიათისა და მენტალიტეტის პრობლემა აქვს.

საკუთარ კედლებში, სავსე ტრიბუნების თვალწინ პარიზელებს "რეალის" მარწუხებში მოქცევა ნამდვილად შეუძლიათ, რადგან თავად მადრიდელები არ არიან წელს ისეთ ფორმაში, რომ მათ დამარცხებაზე საუბარი მოგვერიდოს.

საკადრო პრობლემები ზიდანსაც აქვს და თუ ეს ყველაფერი 100%-ით გამართლდა, შესაძლოა ნეიმარის დანაკლისი არავის გაახსენდეს და უიღბლოდ ყველამ "რეალი" მიიჩნიოს.

რაც შეეხება შემადგენლობას, უკანა ხაზში ყველაფერი ნათელია - კარს არეოლა დაიცავს. დაცვაში დანი ალვეში-სილვა-კიმპემბე-კურზავას კვარტეტი ითამაშებს. მარკინიოსის ტრავმის ფონზე, ამ ოთხეულს კონკურენტი არ ჰყავს.

ნახევარდაცვაში ემერის სასიამოვნო სიახლე აქვს - ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და "ტრუასთან" ითამაშა კიდეც ტიაგო მოტამ, რომელსაც დღეს ძირითადში ელიან.

მოტასთან ერთად მოედნის ცენტრს რაბიო და ვერატი დააკომპლექტებენ.

შეტევაში კი მბაპე-კავანი-დი მარიას ტრიოს ველოდებით, თუ, რა თქმა უნდა, კილიანი ტრავმას მოიშუშებს და სრულ მზადყოფნაში იქნება.

თუ, მბაპემ 90 წუთის თამაში ვერ შეძლო და თადარიგში დარჩა, ძირითადში იულიან დრაქსლერი გამოჩნდება.

გერმანელი შემტევი დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. თუ, ყველა მწყობრში იქნა საეჭვოა, რომ ემერიმ გარისკოს და მაქსიმალურად შემტევი შემადგენლობა დააყენოს. ასე რომ, დრაქსლერის გამოჩენას მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ.

ემერის, პრესინგი და დიდი ძალებით შეტევა დასჭირდება, რისი ალბათობაც საკმაოდ დიდია, ასეთ შემთხვევაში ტიაგო მოტას ნაცვლად მოედანზე სწორედ დრაქსლერს უნდა ველოდოთ. მეორე ნახევარში პარიზელთა შემადგენლობა ასეთ სახეს მიიღებს.

მოედანზე სავარაუდოდ ჯოვანი ლო სელსოც გამოჩნდება, თუმცა მასაც მოგვიანებით უნდა ველოდოთ.

"პსჟ" პირველივე წუთებიდანვე შეეცდება, რომ ბურთი დაიჭიროს და "რეალის" დაცვაზე აგრესიული იერიშები მიიტანოს.

უდიდესი იქნება ედინსონ კავანის როლი, რომელსაც მადრიდში პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია.

ზინედინ ზიდანი აშკარაა, რომ ფრთხილ ტაქტიკას აირჩევს და აქცენტს კონტრშეტევაზე გააკეთებს.

თუ, მოდრიჩი-კროოსის დუეტმა მომჯობინება მოასწრო და მატჩი ძირითადიდან დაიწყეს, ზიდანი თავს ისე იგრძნობს, როგორც თევზი წყალში.

მადრიდელთა შემადგენლობა კითხვის ნიშნებს არ ტოვებს. კეილორ ნავასის წინ კარვახალი-ვარანი-რამოსი-მარსელოს კვარტეტი განლაგდება.

ნახევარდაცვაში კაზემირო-კროოსი-მოდრიჩის ტრიო იმოქმედებს და მათ წინ ისკო დადგება, რომელიც კრიშტიანო რონალდუსა და კარიმ ბენზემასთან ერთად იერიშების გამწვავებაზე იქნება ორიენტირებული.

კვლავ თადარიგში უნდა ველოდოთ გარეთ ბეილს, რომლისთვისაც "რეალის" მაისურით წლევანდელი სეზონი დიდი ალბათობით ბოლოა.

ზიდანის თავისტკივილი მაშინ დაიწყება, თუ მოდრიჩი-კროოსიდან რომელიმე მოედანზე გასასვლელად მზად ვერ იქნება. ასეთ შემთხვევაში ძირითადში მატეა კოვაჩიჩს უნდა ველოდოთ. შეტევაში კი ყველაფერი უცვლელი დარჩება.

არებობს იმის ალბათობაც, რომ კროოსთან ერთად ვერც მოდრიჩმა ითამაშოს, თუმცა ესპანური პრესის მტკიცებით მათგან მინიმუმ ერთი მოედანზე აუცილებლად იქნება.

რას უნდა ველოდოთო მატჩისგან - ვინ გაიბრწყინებს ინდივიდუალურად?

ამ მომენტისთვის ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება ანხელ დი მარია, რომლისგანაც დღეს ფრანგები ძალიან ბევრს ელიან.

საუკეთესო შანსი აქვს იულიან დრაქსლერსაც, რომელსაც ასეთ დონეზე თავისი შესაძლებლობები ჯერაც დასამტკიცებელი აქვს.

ვინც დაიჭერს ცენტრს, მას მოგების დიდი შანსი ექნება და ეს რეალურად ასეც არის, რადგან ორივე გუნდს იმ დონის შემტევები ჰყავს, რომ დაცვა მათ ზეწოლას ვერ გაუძლებს. ეს პირველმა მატჩმაც კარგად დაგვანახა.

შეტევაში პარიზელთა დიდი ძალებით გადასვლა უკან სივრცეებს დატოვებს, რომლითაც სარგებლობას კრიშტიანო რონალდუ შეეცდება. პორტუგალიელი დღეს მოტივირებული და ძალიან სახიფათო იქნება. მას არ სურს, რომ სეზონი ნაადრევად დაასრულოს.

ორივე გუნდისთვის დღევანდელ დაპირისპირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან სეზონის ნაადრევად დასრულება არცერთს არ სურს.

წაგების შემთხვევაში, ორივე მწვრთნელს თანამდებობის დატოვება ემუქრება და ეს ფაქტი შეხვედრას კიდევ უფრო დაძაბულს ხდის.

"პსჟ" დღეს "ქამბექის" დადებას შეეცდება და ვინ იცის, იქნებ ამის შემდეგ შარშანდელი 1-6-იც კი დაივიწყონ.

 

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები