დონჩიჩი, მუსა და ბითაძე!
Aa
Aa

დონჩიჩი, მუსა და ბითაძე! "Eurohopes"-მა 1999 წელს დაბადებული ევროპელი კალათბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა

საკალათბურთო საიტმა "Eurohopes.com"-მა 1999 წელს დაბადებული ევროპელი კალათბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე მესამე ადგილზე იმყოფება. გოგა მხოლოდ ისეთ ტალანტებს ჩამორჩება, როგორებიც დონჩიჩი და მუსა არიან. შეგახსენებთ, რომ ორივე კალათბურთელი წლევანდელ დრაფტზე აპირებს დადგომას და "nbadraft.net"-ის ვარაუდით დონჩიჩი მეხუთედ, ხოლო მუსა მეჩვიდმეტე ნომრად იქნებიან არჩეულნი. საინტერესოა, რომ ამავე საიტის ინფორმაციით ბითაძეს 47-ე ნომრად "ფილადელფია სევენთი სიქსერსი" აირჩევს.

"Eurohopes.com"-მა ქართველ ცენტრს სტატიაც მიუძღვნა: ბითაძე საკმაოდ ათლეტური კალათბურთელია, ქართველს ფიზიკური სიძლიერის მომატების პოტენციალი აქვს, რაც საკალათბურთო ასოციაციაში აუცილებლად გამოადგება. თუმცა გოგა სწრაფად იღლება და ხშირად ამის გამო უაზრო ჯარიმებს იღებს.

ბითაძე კარგი მსროლელია, მას საშუალო და შორი დისტანციებიდანაც შეუძლია სროლა. გოგა სამწამიანშიც კარგად თამაშობს, მაგრამ აუცილებელია მარცხენა ხელის უფრო ხშირი გამოყენება, ჯერჯერობით ქართველი ცენტრის მოძრაობების უმრავლესობა მარჯვენა ხელით განხორციელებული სროლით სრულდება.

გოგამ აუცილებლად უნდა მოუმატოს მეტოქის ფარზე აქტიურობას, გარკვეულ მომენტებში მას ახასიათებს მეტოქის ფარზე ბურთების მოხსნა და დომინირება, მაგრამ იგი სტაბილური ნამდვილად არაა.

რაც შეეხება დაცვას, ქართველი ცენტრი საკმაოდ ჭკვიანი დამცველია, იგი თავის ფიზიკურ მონაცემებს იდეალურად იყენებს და არც მოწინააღმდეგეებთან კონტაქტს ერიდება. 16 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბ დივიზიონში ბითაძე საშუალოდ 3.7 ბლოკს აგროვებდა, რაც საკმაოდ სოლიდური შედეგია.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბითაძე პერსპექტიული კალათბურთელია, მასში ნიჭი, საკალათბურთო აზროვნება და ფიზიკური მონაცემები ერთადაა თავმოყრილი  და თუ ქართველი ცენტრი ამ უკანასკნელის განვითარებაზე იზრუნებს ნამდვილად წარმატებული საკალათბურთო კარიერა ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები