პუტინმა 15 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა
Aa
Aa

პუტინმა 15 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა

რუსეთის ფედერაციამ პიონჩანში გამართული ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2 ოქროს მედლით დაასრულა, რომელთაგანაც ერთი ფიგურულ სრიალში 15 წლის ალინა ზაგიტოვამ მოიპოვა, ხოლო მეორე - ყინულის ჰოკეის ნაკრებმა.

ქვეყნის პრეზიდენტმა ოლიმპიურ ჩემპიონებს წარმატება პირადად მიულოცა და პრემიებიც დაუნიშნა, თუმცა ზაგიტოვამ დამატებით კიდევ ერთი საჩუქარი მიიღო.

თინეიჯერ მოციგურავეს ოცნებად ჰქონდა, რომ მისთვის სასურველი ჯიშის ძაღლი ჰყოლოდა, რის შესახებაც ოლიმპიადის მიმდინარეობისას დედას უთხრა.

"დედას ვუთხარი, რომ ძაღლის ყოლა მინდოდა. მან კი მიპასუხა, რომ დადებითი შედეგისთვის მიმეღწია და ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო".

ზაგიტოვას ეს სურვილი ვლადიმერ პუტინის ყურამდე მივიდა და რამდენიმე დღეში ოლიმპიურმა ჩემპიონმა იაპონური ძაღლი, აკიტა-ინუ მიიღო.

ძაღლის ეს ჯიში იაპონელებმა მე-17 საუკუნეში სპეციალურად ძაღლების ბრძოლისთვის გამოიყვანეს, ხოლო შემდეგ, ნადირობისას გამოიყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ აკიტა-ინუ იაპონიის ერთ-ერთ ეროვნულ ფასეულობად ითვლება.

მას საჩუქრად ძალიან იშვიათად გასცემენ, რადგან წინა საუკუნეში ჯიში თითქმის გადაშენდა და ახლაც საკმაოდ დეფიციტურია.

2012 წელს იაპონიაში მომხდარი ცუნამის შემდეგ გაწეული დახმარებისათვის, აკიტა-ინუ საჩუქრად თავად პუტინმა მიიღო და თუკი რამდენიმე რუსული გამოცემის სტატიებს ვენდობით, ეს იაპონიის ფარგლებს გარეთ აკიტა-ინუს გაჩუქების მეორე შემთხვევა იყო.

ზაგიტოვას საჩუქარი იაპონიის ერთ-ერთი მხარის გუბერნატორმა გაუგზავნა, გახარებულმა გოგონამ კი ასეთი კომენტარი გააკეთა:

"მინდა ძაღლთან ბევრი დრო გავატარო. ადრე იორკშირული ტერიერი მყავდა, რომელიც კარგი ძაღლია, თუმცა მომცრო ზომისაა.

აკიტა-ინუსთან ერთად კი შეგიძლია ისეირნო და აბსოლუტურად არაფრის შეგეშინდება. ის მე დამიცავს". 

ზაგიტოვა ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში, ფიგურულ სრიალში, ქალებს შორის, 1998 წლის შემდეგ ყველაზე მცირეწლოვანი ჩემპიონია - რეკორდი ამერიკელ ტარა ლიპინსკის ეკუთვნის.

ცხელი ამბები