მილტონ ჰეიგი:
Aa
Aa

მილტონ ჰეიგი: "გვსურს, რომ უფრო მრავალფეროვნად ვითამაშოთ"

2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველომ ესპანეთი 23:10 დაამარცხა. მატჩის შემდგომი პრესკონფერენციის კომენტარები:

ბორჯღალოსნების თამაში ჰეიგმა შეაფასა:

„გუშინ ვამბობდით და დღეს ყველანი დავრწმუნდით, რომ ამჟამად ესპანეთის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. ჩვენ მოთმინება კარგად გამოვიყენეთ, შევქმენით შესაძლებლობებიც, რომელთა ნაწილი სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. ვმუშაობთ და გვსურს, რომ უფრო მრავალფეროვნად ვითამაშოთ, მაგრამ ამას დრო ჭირდება. შესრულებაში ყველაფერი არ გამოგვდიოდა, თუმცა ეს მეტოქის კარგ თამაშზეც მეტყველებს და სწორედ მათ არ მოგვცეს ჩანაფიქრის განხორციელების შესაძლებლობა.

„ამ მომენტისთვის ტრავმები არავის აწუხებს. დაველოდებით ექიმების დასკვნებს და მას შემდეგ გადავწყვეტთ დავიმატებთ თუ არა ვინმეს დარჩენილი ორი თამაშისთვის“.

მას კითხვა საკუთარ მომავალზეც დაუსვეს - დარჩება თუ არა ბორჯღალოსნების მწვრთნელად 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ:

„ახლა ჩემი და მთელი გუნდის ფიქრი მხოლოდ 2019 წლის მსოფლიო თასს უკავშირდება. არ მჩვევია შორსმიმავალ გეგმებზე ფიქრი. როდესაც დასრულდება იაპონიის მსოფლიო თასი, რომელიც იმედია ჩვენთვის წარმატებული იქნება, ამის შემდეგ დავსხდებით რაგბის კავშირის პრეზიდენტთან და მაშინ გაირკვევა დავრჩები თუ არა საქართველოს ნაკრებში“.

გუნდის კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ აღნიშნა, რომ ესპანეთი ისეთი სუსტი აღარაა, როგორც წინა წლებში და მათი დამარცხება მარტივი აღარაა:

„ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ ჯარიმები კარში დაგვერტყა, დავწინაურებულიყავით ერთი გარდასახული ლელოს ფარგლებში და მერე გვეთამაშა ლელოზე. მეტოქემ კარგი დაცვა ითამაშა, სწრაფად წევდა ხაზს. ჩვენ მიჩვეულები ვართ ამ მეტოქის ადვილად, დიდი სხვაობით დამარცხებას, მაგრამ ახლა ეს ის გუნდი აღარაა. გვქონდა თამაშის აჩქარების მცდელობები, რაღაც მომენტებში ეს გამოგვდიოდა, თუმცა იყო შეცდომებიც“.

თამაშის ხარისხით და მცირე სხვაობით მარცხით კმაყოფილი დარჩა ‘ლომების’ თავკაცი სანტიაგო სანტოსი:

„თამაშით და შედეგით კმაყოფილი ვარ. საქართველოში ამაზე მცირე სხვაობით მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით, სხვა შემთხვევებში კი ფაქტობრივად უშანსოდ ვიყავით. ჩვენ ვეჩვევით მოგებამდე მისვლას. მოვა დრო, როდესაც მოგებაზე ვიფიქრებთ და მხოლოდ მცირე სხვაობით მარცხი აღარ დაგვაკმაყოფილებს“.

„ესპანეთის ნაკრებში მრავლად არიან ნატურალიზირებული მოთამაშეები და მიმაჩნია, რომ დღეისათვის ეს განვითარების სწორი გზაა. გასათვალისწინებელია, რომ ფრანგ მოთამაშეებს ესპანური ფესვები აქვთ და ისინი ესპანელები არიან. ჩვენ გვყავს მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები ფეხბურთში, კალათბურთში, წყალბურთში, ფრენბურთში და იმისათვის, რომ მედიის ყურადღების ცენტრში ვიყოთ, საჭიროა გვქონდეს შედეგი. სწორედ ამ შედეგს და ხარისხს ემსახურება ნატურალიზირებული მოთამაშეების მოწვევა. მნიშვნელოვანია, რომ ახალმა თაობამ სწორედ ხარისხიან რაგბს უყუროს და თითონ ეცადოს მსგავსი რაგბის თამაში.“

მარცხმა გული დაწყვიტა მეტოქის კაპიტანს, დენიელ სნის:

„ამ მომენტისთვის შედეგით კმაყოფილი არ ვარ. შესაძლოა, რამდენიმე კვირა რომ გავა და ამ თამაშს გავიხსენებ, სხვაგვარად ვიფიქრო. დღეს ჩვენ გვყავს საუკეთესო გუნდი, რაც კი ესპანეთის ნაკრებს ოდესმე ყოლია. თუ კითხვას დავსვამთ ასე - შეგვმატა თუ არა ამ თამაშმა თავდაჯერებულობა გიპასუხებთ - დიახ, შეგვმატა“.

rugby.ge

ცხელი ამბები