ფაჩულია: მსგავს სიტუაციაში სათადარიგო სკამზე ყოფნა მეზიზღება
Aa
Aa

ფაჩულია: მსგავს სიტუაციაში სათადარიგო სკამზე ყოფნა მეზიზღება"

სეზონის შუაწელს ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტში“ საკმაოდ უცნაური როლის მორგება მოუწია, ქართველი ცენტრი „კლიპერსთან“ და „თანდერთან“ თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო. ზაზას მაგივრად სასტარტოში ჯაველ მაკგი ვიხილეთ, ხოლო გადამწყვეტ მონაკვეთში კერიმ მოედანზე დევიდ ვესტი დატოვა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ზაზამ განაცხადა: "ძალიან რთულია ასე თამაში, ჩემს ხასიათში მებრძოლი სულია და მინდა ყველაფერი გავაკეთო საკუთარი გუნდის გამარჯვებისთვის. ამიტომ, სიმართლე გითხრათ მსგავს სიტუაციაში სათადარიგო სკამზე ყოფნა მეზიზღება".

ზაზა სულით და გულითაა ჩართული „გოლდენ სტეიტში“ და გუნდისთვის მაქსიმუმს აკეთებს, ხანდახან სოციალურ ქსელებშიც კი კითხულობს გულშემატკივრების კრიტიკას, რათა უკეთ დაინახოს საკუთარი შეცდომები და მაქსიმალურად გამოასწოროს ისინი.

გასული კვირის განმავლობაში „გოლდენ სტეიტის“ მწვრთნელმა, სტივ კერმა, ფაჩულია შეაქო და განაცხადა: "ზაზა გუნდის მორალური ლიდერია, ის ნამდვილი პროფესიონალია. მნიშვნელობა არ აქვს რა როლს დააკისრებ მას, იგი აბსოლუტური სერიოზულობით მოეკიდება დავალებას და მაქსიმალურად დაუდგება საკუთარ გუნდელებს გვერდით".

NBA-ს სეზონი დასასრულს უახლოვდება, „გოლდენ სტეიტის“ სასტარტო ხუთეული კი ჩამოყალიბებული კვლავ არაა, კერმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ფაჩულიასა და მაკგის შორის არჩევანი მომავალი მეტოქეების სათამაშო სტილიდან იქნება გაკეთებული.

ჟურნალისტებთან ზაზამ აღნიშნა: "ლიგაში სეზონი ნამდვილად დიდხანს გრძელდება, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს ან არ შეიცვალოს. თუმცა როგორც არ უნდა დასრულდეს მთავარი მაინც გუნდია. ჩემპიონობა ჩემი ნომერ პირველი პრიორიტეტია და თუ ამისთვის ჩემი სათადარიგო სკამზე გადასვლა იქნება საჭირო მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ".

„მეომრები“ დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფებიან და კვლავ განაგრძობენ ლიდერის პოზიციისთვის ბრძოლას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები