მილტონ ჰეიგი:
Aa
Aa

მილტონ ჰეიგი: "ეს გავაკეთეთ თუ არა, თამაშსაც დაეტყო"

ბორჯღალოსნებმა 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურშიც მშრალად მოიგეს. ქუთაისში ბელგიის 47:0 ძლევის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ოფენბახში გერმანიას ეწვია, მასპინძლებს 10 უპასუხო ლელო გაუტანეს და 64:0 დაამარცხა.

გერმანიასთან გამართული მატჩის პირველი ტაიმით უკმაყოფილო დარჩა მილტონ ჰეიგი:

„პირველ ტაიმში საერთოდ ვერ ვივარგეთ... ბურთს ვერ ვინარჩუნებდით... წინსვლის ნაცვლად განივად დავრბოდით. მეორე ტაიმის დავალებაც ცხადი იყო: შევკრულიყავით, ბურთი შეგვენარჩუნებინა და წინ წავსულიყავით. ეს გავაკეთეთ თუ არა, თამაშსაც დაეტყო; ბურთი დავიბრუნეთ თუ არა, პასებსაც შეეტყო და კოლექტიურ თამაშსაც. მეორე ნახევრით კმაყოფილი ვარ. გარდა ამისა განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ იმ იმპაქტით, რაც თამაშში შეცვლიდან შესულმა ბიჭებმა შეიტანეს“.

რაგბი ევროპის დარჩენილ თამაშებთან დაკავშირებით ჰეიგი ამბობს: 

„ტრადიციულად, ამ შეჯიბრში ვცდილობთ გავსინჯოთ ახალი მორაგბეები და დავხვეწოთ ახალი თუ ძველი კომბინაციები თუ ტაქტიკური მონახაზი. რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მის მოსაგებად. შარშან რუმინელებმა გვაჯობეს და წელს გვინდა, რომ ჩემპიონის ტიტული დავიბრუნოთ. ბიჭებიც მოტივირებული არიან. 5 წლის განმავლობაში ზედიზედ ვიგებდით და მეექვსე წელს ვერ მოვიგეთ, ეს ნამდვილად არაა სასიამოვნო“.

„ყველა თამაშს ინდივიდუალურად ვუდგებით და ყველასთვის სათითაოდ ვემზადებით. შემდეგი თამაში ესპანეთთან თბილისში გვაქვს და სახლში კარგად უნდა ვითამაშოთ. შემდეგ გასვლა რუსეთთან კრასნოდარში და რაც მთავარია, ბოლო თამაში ‘დინამოზე’, საკუთარ კედლებში რუმინეთთან“.

„ეს ყველაფერი მსოფლიო თასის მოსამზადებელი პროცესის ნაწილიცაა. ვნახულობთ რა კომბინაციები და ტაქტიკა გამოგვადგება და რა არა“.

rugby.ge

ცხელი ამბები