სამტრედიამ თბილისის დინამო თასიდან გამოთიშა | ბარიოსის გამარჯვების გოლი
Aa
Aa

სამტრედიამ თბილისის დინამო თასიდან გამოთიშა | ბარიოსის გამარჯვების გოლი

საქართველოს თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე ეუჯენიო სერას გაწვრთნილმა „სამტრედიამ’’ არგენტინელი ერიკ ბარიოსის გოლით თბილისის „დინამო’’ ტურნირიდან გამოთიშა (1:0).

მე-11 წუთზე „სამტრედიას'' გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა გიული მანჯგალაძეს გიორგი ლორიამ პენალტი აუღო. 37-ე წუთზე სამურკასოვის პასის შემდეგ სადღობელაშვილი შეცდა, გვიშიანმა ფლანგზე იაქტიურა, კარში დაარტყა, ლორიამ აიღო, დამატებაზე არგენტინელმა ერიკ ბარიოსმა გაიტანა.

ბარიოსი, რომელიც საყრდენი ნახევარმცველია, იმერულ კლუბში მეორე სეზონს ატარებს. ამ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

„სამტრედიას’’ 33 წლის იტალიელ მწვრთნელ ეუჯენიო სერას არაერთ კლუბში უმუშავია. ორ კლუბს გამოვყოფ, საუდის არაბეთის „ალ ფაისალიში’’ პაოლო ტრამეცანის ასისტენტი იყო, იმ პერიოდში გუნდმა აზიის ჩემპიონთა ლიგის ელიტარულ ტურნირში ითამაშა. ასევე, შოტლანდიური „ლივინგსტონის’’ მთავარ მწვრთნელ დევიდ მარტინდეილს ეხმარებოდა.

2015-16 წლების სეზონის შემდეგ თბილისის „დინამოს'' საქართველოს თასი არ მოუგია. 2016 წლის შემდეგ ფინალში მხოლოდ ერთხელ, გასულ სეზონში გავიდა, პენალტების სერიაში რანგით მეორე ლიგის „სპაერთან'' დამარცხდა.

საქართველოს თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე „იუჯი-35'' თბილისში, „მარაკანაზე'' მარტვილის „მერანთან'' 2:8 დამარცხდა. მასპინძელთაგან გოლები გიორგი ცერცვაძემ და შაქრო ძიძიგურმა გაიტანეს, სტუმართაგან - ჯავოხირ ესონკულოვმა (3), ბაქარ ლაღაძემ, დავით ბოლოთაშვილმა, დავით ხორავამ, ლუკა ბეგალიშვილმა და ჯუმბერ ხმელიძემ. შემდეგ ეტაპზე გივი ხელაიას გაწვრთნილი „მერანი'' გავიდა, გივი ვასაძის ფეხბურთელები ტურნირს დაემშვიდობნენ.

უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილი „სამცხე'' კასპში „ოდიში 1919''-თან 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი 78-ე წუთზე შოთა ლომიამ პენალტის ნიშნულიდან შეაგდო. მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე ლუკა სოსიაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა.

მარნეულის „ალგეთი'' შინ სართიჭალის „შტურმთან'' 0:8 განადგურდა. გოლები გიორგი ომარაშვილის (2), ირაკლი ლექვთაძის (2), თორნიკე კურტანიძის, გიორგი ფერაძის, ნიკოლოზ ტალახაძისა და გიგი გულდედავას ანგარიშზეა.

„სამტრედიას'' პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
19 ივლისის სატრანსფერო ზონა
19 ივლისის სატრანსფერო ზონა