ბასილაშვილმა „US Open“-ზე პირველი გამარჯვება იზეიმა
Aa
Aa

ბასილაშვილმა „US Open“-ზე პირველი გამარჯვება იზეიმა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ს ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადის პირველი რაუნდი იოლად დასძლია. მე-5 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა ესპანელი ორიოლ როკა ბატალია 6:2, 6:4 დაამარცხა, რისთვისაც 53 წუთი დასჭირდა.

ბასილაშვილმა 4 ეისი მოაწოდა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე ბურთების 95% (20 21-დან) მოიგო, მეორეზე კი – 74% (17 23-დან). ქართველმა ჩოგბურთელმა ჯამში 58 გათამაშება მოიგო, ხოლო ესპანელმა – 38. ისიც ვთქვათ, რომ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 97-ე ადგილზეა, მისი მეტოქე კი – 218-ეზე.

კვალიფიკაციის მე-2 წრეში ნიკოლოზის მეტოქე ამერიკელი მიტჩელ კრუეგერი იქნება, რომელმაც ბელგიელ ნილს დესეინს 6:1, 6:2 სძლია. ცნობისთვის, კრუეგერი მსოფლიოს 240-ე ჩოგანი გახლავთ.

ქართულ-ამერიკული დაპირისპირება მე-7 კორტზე ბოლო წყებაში გახლავთ გაწერილი და სავარაუდოა, რომ გვიან ღამით დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილის ბადის მხარეს განთესილი ჩოგბურთელი აღარ დარჩა. 32-ე განთესვის მქონე არგენტინელი ფაკუნდო არგუელო იტალიელ ტომას ფაბიანოსთან 2:6, 5:7 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ამრიგად, თუკი ქართველმა ჩოგბურთელმა კრუეგერს აჯობა, საკვალიფიკაციო ბადის დასკვნით რაუნდში ბელგიელ გიგუნოს და ფაბიანოს შორის გამარჯვებულს შეერკინება და გამარჯვების შემთხვევაში, 25 სარეიტინგო ქულასაც შეიმატებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები