Aa
Aa

"ბორჯღალოსნების" 7 ლელო და განადგურებული ბელგია!

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ქუთაისში "აია არენაზე" რაბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა ჩაატარა და ბელგიას 47:0 სძლია.

ბორჯღალოსნების უპირატესობა პირველივე წუთებიდანვე თვალშისაცემი იყო და რთული გამოსაცნობი არ იყო, რომ მილტონ ჰეიგის გუნდი დიდი ანგარიშით მოიგებდა.

საქართველომ ბელგიას ჯამში 7 ლელო დაუდო და უშანსოდ დაამარცხა.

სტუმრების რბევა მე-9 წუთზე ლევან ჩილაჩავას ლელოთი დაიწყო, რომელსაც ბექა წიკლაურის ზუსტი გარდასახვაც მოჰყვა - 7-0.

მე-15 წუთისთვის "ბორჯღალოსნებმა" მეორე ლელოც დადეს და მისი ავტორი შალვა მამუკაშვილი გახდა. წიკლაურმა გარდასახვა ამჯერადაც ზუსტად შეასრულა - 14:0.

25-ე წუთზე ლელოთი თავი ზურაბ ჟვანიამაც გამოიჩინა, რომელსაც რა თქმა უნდა წიკლაურის გარდასახვა მოჰყვა - 21:0.

წიკლაურმა ტაიმის მიწურულს ამჯერად ლელოც დადო და გარდასახვაც მიაყოლა - 28:0.

მეორე ტაიმიც იგივე სცენარით დაიწყო. საქართველოს ნაკრები დომინირებდა, რასაც 55-ე წუთზე გიორგი ფრუიძის ლელო მოჰყვა, რომლის გარდასახვა ამჯერად წიკლაურმა არაზუსტად შეასრულა.

67-ე წუთისთვის მორიგი ლელო დაიდო, რომელიც სანდრო თოდუას ანგარიშზეა. შემდეგ წიკლაურმა გარდასახა და ანგარიში 40:0 გახდა.

77-ე წუთზე კი ნაკრებში სადებიუტო ლელო ანზორ სიჭინავამ დადო. წიკლაურმა კი კვლავ გარდასახა - 47:0.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს მილტონ ჰეიგის გუნდი სტუმრად გერმანიასთან გამართავს, რომელიც 17 თებერვალს ჩვენი დროით 17:30 საათზე დაიწყება.

ცხელი ამბები