დერიკ როუზის და ადიდასის კონტრაქტის დეტალები ინტერნეტში გავრცელდა
Aa
Aa

დერიკ როუზის და ადიდასის კონტრაქტის დეტალები ინტერნეტში გავრცელდა

2012 წლის თებერვალში დერიკ როუზმა 14 წლიანი 185 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა ადიდასთან, გუშინ ეს კონტრაქტი  ამერიკულ პრესას ჩაუვარდა ხელში  და საკმაოდ დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა.

სეზონის დასაწყისში როუზმა „კლივლენდთან“ ვეტერანის მინიმუმით გააფორმა კონტრაქტი  და მისი წლიური ანაზღაურება 2.1 მილიონი დოლარია. 

ადიდასთან კონტრაქტის მიხედვით, 2012-დან 2017-მდე როუზი ყოველწლიურად 12 მილიონ დოლარს იღებდა, 2018-დან კი მისი ანაზღაურება 11 მილიონი იქნება, საინტერესოა, რომ ჯონ ვოლი ადიდასისგან ყოველწლიურად სულ რაღაც 4 მილიონ დოლარს იღებს. 

40 გვერდიან კონტრაქტში რამდენიმე საინტერესო ფაქტიცაა, მაგალითად: ადიდასი ყოველწიურად დერიკის ძმას რეჯი როუზს დაახლოებით 300000, ხოლო მისი ბავშვობის მეგობარს რანდალ ჰემპტონს 75000  დოლარს უხდის. ასევე კომპანია  ფარავს პირადი თვითმფრინავისა და სხვა მოგზაურობის ხარჯებს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად როუზის ტრამვიანობისა და გაუპატიურების ბრალდებისა (როუზს ბრალი ვერ დაუმტკიცეს) ადიდასი კვლავ განაგრძობს როუზთან თანამშრომლობას და კონტრაქტით გათვალისწინებულ ყველა პირობას ასრულებს, რაც საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან სპორტული ფეხსაცმლის მწარმოებელთა შორის არის ასეთი გამოთქმა, „რთული არაა კალათბურთელის შემცვლელის პოვნა, რთული მისთვის კონტრაქტის გაფორმება და ფინანსური უზრუნველყოფაა“. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები