„კლიპერსმა“ და „დეტროიტმა“ 2018 წლის პირველი ხმაურიანი გაცვლა განახორციელეს
Aa
Aa

„კლიპერსმა“ და „დეტროიტმა“ 2018 წლის პირველი ხმაურიანი გაცვლა განახორციელეს

გამთენიისას ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში სენსაციური გაცვლა განხორციელდა. „ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ სუპერვარსკვლავი ბლეიკ გრიფინი „დეტროიტ პისტონსში“ გაუშვა, სანაცვლოდ კი მცველი ევერი ბრედლი, ფორვარდი ტობიას ჰარისი, ცენტრი ბობან მარიანოვიჩი და დრაფტის პირველი არჩევანი მიიღო.

შეთანხმების თანახმად „პისტონსში“ ასევე ითამაშებენ ცენტრი ვილი რიდი და ფორვარდი ბრაის ჯონსონი.

ბლეიკ გრიფინი „კლიპერსის“ ისტორიაში საუკეთესო მექულეთა ჩამონათვალში მეორე ადგილზე იყო. NBA ოლ-სტარის ხუთგზის მონაწილე გუნდის ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა იყო და აღნიშნული ტრანსფერი „კლიპერსის“ ბევრი გულშემატკივრისთვის აუცილებლად გაუგებარი აღმოჩნდება.

თავად განსაჯეთ, გასულ წელს ივნისის დრაფტზე „კლიპერსმა“ გრიფინის გუნდელი და ერთ-ერთი ლიდერი კრის პოლი „ჰიუსტონში“ გაუშვა და გრიფინის შენარჩუნებაზე გადაერთო. გუნდმა მას 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, რისი მიხედვითაც კალათბურთელი 175 მილიონ დოლარს მიიღებდა. კონტრაქტის დადების შემდეგ „კლიპერსმა“ ერთგულებისა და გუნდის ლიდერობის ნიშნად გასაყიდად გრიფინის მაისურები გამოუშვა, სადაც სუპერვარსკვლავი მარტინ ლუთერ კინგთან, მუჰამედ ალისთან, ჯონ კენედისთან, ალბერტ აინშტაინთან და ბარაკ ობამასთან ერთად იყო.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა სეზონის დაწყებამდე კრის პოლთან ერთად ჯეი-ჯეი რედიკი „ფილადელფიაში“ გაუშვა, მფლობელ  სტივ ბალმერს იმედი ჰქონდა, რომ „კლიპერსი“ ფლეი-ოფში თავისუფლად გავიდოდა. სეზონი დაიწყო და „კლიპერსის“ ლაზარეთმაც შევსება ნელ-ნელა დაიწყო. ჯერ პატრიკ ბევერლი დაიმტვრა (სეზონის გაცდენა მოუწევს),  შემდეგ დანილო გალინარი და ოსტინ რივერსი, ბოლოს კი გრიფინის ჯერიც დადგა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია.... ბლეიკი ტრავმებისკენ მიდრეკილი კალათბურთელი აღმოჩნდა.

 ბალმერი გრიფინის დიდი ფანია, თუმცა როგორც აღმოჩნდა მისი ხშირი ტრავმიანობა, მასაც „ყელში ამოუვიდა“.

როგორც ჩანს მილიარდერი მიხვდა, რომ აღნიშნული შემადგენლობით გუნდის ფლეი-ოფში გასვლა და შემდეგ წარმატების მიღწევა ძალიან ბუნდოვნად გამოიყურებოდა. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ  გუნდი გაახალგაზრდავებულიყო და გრიფინი „დეტროიტში“ გადასულიყო.

გაცვლების დედლაინამდე სულ ცოტა დრო რჩება და პრესაში უკვე ვრცელდება ცნობები, რომ გრიფინთან ერთად შესაძლოა გუნდი კიდევ ერთმა ლიდერმა დეანდრე ჯორდანმა დატოვოს. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი თავად კალათბურთელმა გააკეთა:

„ჯერჯერობით „კლიპერსის“ რიგებში ვთამაშობ და ჩემი ტრანსფერის შესახებ ცნობები უკვე 3 წელია ვრცელდება. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ბიზნესის ნაწილია და პირადად მე ამაში ჩართული არ ვარ. უახლოეს მომავალში გავიგებთ რას გადაწყვეტს გუნდი“

 

შეგახსნენებთ, რომ გრიფინი „კლიპერსის“ რიგებში 2009 წლიდან თამაშობდა. მიმდინარე სეზონში იგი პარკეტზე 33-ჯერ გავიდა და შეხვედრაში საშუალოდ 22.6 ქულას, 7.9 მოხსნას და 5.4 პასს აგროვებდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები