იარაღი, რომელიც აღარ ისვრის:
Aa
Aa

იარაღი, რომელიც აღარ ისვრის: "რეალის" პრობლემები - სრული ანალიზი

2017/2018 წლების სეზონი მადრიდის "რეალმა" არადამაჯერებლად დაიწყო და თუ არ ჩავთვლით შაბათს "ვალენსიასთან" მოგებულ შეხვედრას, ვნახავთ, რომ ზიდანის გუნდმა ამ სეზონში ვერცერთი პრინციპული მატჩის მოგება ვერ მოახერხა.

რა არის "რეალის" პრობლემა? დამნაშავე გუნდია, თუ მწვრთნელი? სად დაუშვა კლუბმა შეცდომა?

უპირველეს ყოვლისა, პრობლემის ძირი სატრანსფერო პოლიტიკაშია. გუნდმა რომელმაც უკანასკნელ ორ სეზონში ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მოიგო, რასაც ლა ლიგის ტიტულიც დაუმატა, პლიუს შუა სეზონში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამგაზვრება და ეს ყველაფერი, მხოლოდ ორი სეზონის განმავლობაში... მგონი პასუხი მარტივია - "რეალი" გადაიღალა.

კლუბმა შეცდომა დაუშვა სატრანსფერო ფანჯრის დროს, როდესაც მორატა და ხამესი გაუშვა. ფეხბურთელები, რომლებიც თადარიგში რჩებოდნენ, მაგრამ მოედანზე შემოსვლისას გუნდისთვის უდიდესი სარგებელი მოჰქონდათ.

ხუმრობა საქმე როდია, როცა თადარიგში მყოფი ფორვარდი სეზონში საშუალოდ 15 გოლს იტანს და რამდენიმე რთულ შეხვედრაში ბოლო წუთებზე გადამწყვეტ როლს თამაშობს, რის შემდეგაც გუნდს 3 ქულა რჩება. აი ასეთი იყო მორატა.

რაც შეეხება ხამესს, კოლუმბიელი გამთამაშებელი საკუთარი მახვილგონივრული გადაცემებით შემტევებს დიდ დახმარებას უწევდა და თავის როლს იდეალურად ასრულებდა.

გასულ სეზონში ხშირად იყო შემთხვევები, როცა ზიდანი ძირითად ბირთვს ჩემპიონთა ლიგისთვის ასვენებდა და ლა ლიგაში არც თუ ისე ძლიერ მეტოქეებთან სათადარიგო მოთამაშეებით გადიოდა. ზიზუს გუნდმა ყველა ასეთი მატჩი მოიგო, რასაც საბოლოოდ ლა ლიგის ტიტულიც მოჰყვა.

და რა ხდება წელს? ამ სეზონში "ბლანკოსმა" იმდენი გაუთვალისწინებელი ქულა დაკარგა, რომ "რეალს" 3 სეზონზე ეყოფა.

ვერ გაამართლა ახალწვეულებმა, რომლებზეც დიდი ავანსი გაიცა. ხესუს ვალიეხო, დანი სებალიოსი, ბორხა მაიორალი, ტეო ერნანდესი - ამ მოთამაშეებს ძნელია რაიმე მოსთხოვო.

თუმცა, პრობლემა ნომერი ორი მაინც სხვაგანაა - მათი სახელებია ისკო და ასენსიო. გასული სეზონი ყველას კარგად ახსოვს. ტრავმირებული ბეილი, ისკომ ჩინებულად შეცვალა და შეიძლება ითქვას უელსელს ძირითადში ადგილიც წაართვა. ისკო იყო ხიდი ნახევარდაცვასა და ბენზემა-რონლადუს შორის. ესპანელი ნახევარმცველი თავის საქმეს დიდებულად ასრულებდა.

მარკოს ასენსიო კი ნამდვილი მარგალიტი იყო, რომლის მოედანზე შემოსვლას მთელი "სანტიაგო ბერნაბეუ" ელოდა. ესპანურმა გამოცემებმა ის ახალგაზრდა მესისაც კი შეადარეს...

წლევანდელი სეზონი "რეალმა" ესპანეთის სუპერ თასზე "ბარსელონასთან" შეხვედრებით დაიწყო. მადრიდელებმა "ბლაუგრანას" ორი მატჩის ჯამში 5-1 სძლიეს და ყველამ  ჩათვალა, რომ ზიდანის გუნდი შარშანდელივით უმაღლეს საფეხურზე იმყოფებოდა.

სუპერ თასის მოგებამ შეიძლება ითქვას, რომ "რეალს" დათვური სამსახური გაუწია. რატომ? კლუბმა ჩათვალა, რომ შემადგენლობა იდეალურად იყო დაკომპლექტებული და სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა შეწყვიტა.

საბოლოოდ, ნათელი ყველაფერს მალე მოეფინა. ზემოხსენებული 5-1, ბოლომდე "რეალის" დამსახურება არ იყო. "ბარსელონა" იმ მომენტისთვის ურთულეს სიტუაციაში იმყოფებოდა. ნეიმარის წასვლის შემდეგ, გუნდს მისი შემცვლელი ნაპოვნი არ ჰყავდა. ახალმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ კი სიტუაციის დალაგებას გარკვეული დრო მოანდომა.

რამდენიმე უსახური მატჩისა და ტაქტიკური ვარიაციების შემდეგ, "ბარსა" სათანადოდ ათამაშდა, "რეალმა" კი სეზონის დაწყებისთანავე გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა, რამაც საჩემპიონო ბრძოლა ნაადრევად დაასრულა.

სწორედ ესპანეთის სუპერ თასის მატჩების შემდეგ, ისკოსა და ასენსიოს ის ფეხბურთი აღარ უჩვენებიათ, რომელსაც ქომაგები მიეჩვივნენ და შეიყვარეს.

შემდეგ დაიწყო ბეილის ტრადიციული ტრავმების პერიოდი. ძალიან მძიმედ გამოიყურებოდა რონალდუ, მარსელო და ბენზემა. სხვების ძალისხმევა კი შედეგის მისაღწევად საკმარისი არ იყო.

არასწორი სატრანსფერო პოლიტიკა, "რეალს" ძვირად დაუჯდა. როცა ჩემპიონთა ლიგის დონის ტურნირს ზედიზედ ორჯერ იგებ და ამასთან ერთად ქვეყნის ჩემპიონატსაც ტრიუმფით ასრულებ, რა თქმა უნდა გუნდს მომდენვო სეზონში ახალი სისხლი ესაჭიროება.

თავი დავანებოთ იმას, რომ ზიდანმა მორატა და ხამესი გაუშვა, "რეალის" ძირითადი ბირთვი უკვე წლებია უცვლელია. გუნდმა უკვე მიაღწია პიკს, რომლის შემდეგაც ყველამ კარგად იცის, რომ დაღმასვლა იწყება და ამის შესაჩერებლად აუცილებელია ტრანსფერები, რომლებიც მოტივაციის გარანტია.

ამ ყველაფერმა ტაქტიკაზეც იმოქმედა. ზიდანს მასში იძულებითი ცვლილებების შეტანა მოუხდა და "რეალმა" ის ხიბლი დაკარგა, რაც გასულ სეზონში ჰქონდა. მობილურად, სხარტად, ლამაზად, ორგანიზებულად და ჭკვიანურად - დიახ, ჩვენ შარშანდელ "რეალზე" ვსაუბრობთ. წელს კი სულ სხვა გუნდს ვხედავთ.

რა თქმა უნდა, დამნაშავე ზიდანიც გახლავთ, რომლის თანხმობის გარეშეც "რეალში" ზემოხსენებული ცვლილებები არ მოხდებოდა.

მადრიდულმა Marca-მ ისიც დაწერა, რომ ზიზუს ხამესთან პრობლემები ჰქონდა. წელს ეს ისკოს შემთხვევაშიც ხდება.

კოლუმბიელმა ფეხბურთელმა შემდეგი განაცხადა: "მან ისეთი რამ დამაბრალა, რასაც არასდროს ვიკადრებდი. ზიზუ ჩემზე საუბრობდა, რომ თითქოს ვარჯიშებზე ბოლომდე არ ვიხარჯებოდი. ეს რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მე პროფესიონალი ვარ და ასეთი პრობლემები არასდროს მქონია."

როგორც ავღნიშნეთ, ზიდანს ისკოსთან პრობლემები აქვს. ესპანელი ფეხბურთელი მწვრთნელის რამდენიმე გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა. მაგალითად, "ელ კლასიკოში" ბოლო წუთებისკენ მოედანზე შესვლა არ ისურვა, რადგან ანგარიში უკვე 0-3 იყო და ესპანელ ნახევარმცველს ბრძოლაში ჩართვა გაცილებით ადრე სურდა.

კულუარული ინფორმაციით, ისკომ ზიდანის ტაქტიკაც დაიწუნა, რომელზეც ზემოთაც ვისაუბრეთ.

„ბლანკოსის“ არადამაკმაყოფილებელი შედეგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სერხიო რამოსიც გახლავთ. სამეფო კლუბის კაპიტანი წინა სეზონისგან განსხვავებით წელს, სტანდარტულების დროს ისეთი შედეგიანი ვეღარ არის, როგორც ეს აქამდე იყო.

ყველას კარგად ახსოვს, თუ რა მნიშვნელობის გოლები გაჰქონდა რამოსს წინა სეზონში და ის, ამას ძირითადად მე-80 წუთის შემდეგ აკეთებდა.

ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ერთი და იგივე იარაღით, მიზანში ყოველთვის ვერ მოარტყამ. გუნდს სიახლე სჭირდება...

როგორც ყველამ ვნახეთ, "რეალი" საპირისპიროდ მოიქცა - მადრიდელეთა შემადგენლობამ სიღრმე დაკარგა. შედეგები კი ასეთია - "ბლანკოსი" გამოეთიშა სამეფო თასს და დათმო ბრძოლა ლა ლიგაში, თუმცა მადრიდელები თავიანთ საყვარელ ტურნირზე ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ ასპარეზობენ და მისი ზედიზედ მესამედ მოგებისთვის ემზადებიან.

სამეფო კლუბში შეცდომას ყველა მიხვდა და განსაკუთრებით ეს ფლორენტინო პერესზე ითქმის, რომელიც 2018 წლის ზაფხულში ნამდვილი წმენდის მოწყობას გეგმავს.

BBC - ბეილი, ბენზემა, რონალდუს ტრიოს, გუნდის დატოვება ემუქრება და ამის შესახებ ესპანური გამოცემები ყოველდღიურად წერენ.

პერესის ეგრეთწოდებული wishlist-ი, ანუ სურვილების სია ასე გამოიყურება: ჰარი კეინი, მაურო იკარდი, რობერტ ლევანდოვსკი, ედენ აზარი, მუჰამედ სალაჰი და ნეიმარი.

"რეალი" 500 მილიონს ამზადებს და ივნისიდან ნამდვილი რევოლუციის დაწყებას გეგმავს. შეეხება, თუ არა ცვლილებები მწვრთნელის პოსტს? ეს კითხვა დღეს საკმაოდ აქტუალურია...

პერესს ახალი "გალაქტიკოს" შექმნა სურს და ჩვენ ამ ყველაფერს ზაფხულიდან ერთად ვიხილავთ.

 

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები