სტივ კერი:
Aa
Aa

სტივ კერი: "ეს ფაჩულიას დამსახურებაა და სწორედ ამიტომ არ ვიმატებთ სხვა ცენტრებს"

„ორაქლ არენაზე“ „გოლდენ სტეიტმა“ „ნიუ იორკ ნიქსს“ უმასპინძლა და 123:112 დაამარცხა.

ტრადიციულად სასტარტოში იყო ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია, რომელმაც პარკეტზე 14 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა და შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახდა.

ზაზამ სწორედ იმ მომენტში მოუმატა, როცა ეს გუნდს სჭირდებოდა.

ეს არ გამორჩენია არც მატჩის კომენტატორებს, რომლებმაც ქართველი კალათბურთელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს: "ფაჩულია დიდებულია… როცა სხვებს გაუჭირდათ, ფარქვეშ ლიდერობა ითავა… ზაზა თამაშობს…"

მატჩის დასრულების შემდეგ, პრესასთან საუბრისას სტივ კერმა ფაჩულიაზე დასმულ კითხვას შემდეგნაირად უპასუხა: "რა თქმა უნდა, ზაზას გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. ის პარკეტზე ისე გადაადგილდება, პოზიციას ისე არჩევს, რომ თანაგუნდელებს ცარიელ ზონებს უტოვებს, რომლითაც ისინი სარგებლობენ და იმაზე მეტ ქულას აგროვებენ, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება. ეს ფაჩულიას დამსახურებაა და სწორედ ამიტომ არ ვიმატებთ სხვა ცენტრებს. ზაზა ძირითადის უცვლელი წევრია და ამის მიზეზი, მისი უნარები და თამაშის სტილი გახლავთ".

შეგახსენებთ, რომ სტივ კერის გუნდი 38 გამარჯვებითა და 10 მარცხით დასავლეთ კონფერენციასა და ზოგადად მთელს ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები