13 იანვრის „სატრანსფერო ზონა“
Aa
Aa

13 იანვრის „სატრანსფერო ზონა“

ზამთრის „სატრანსფერო ზონა“ CrystalSport-სგან.

***
Football Italia-ს ცნობით, მაურო იკარდი მადრიდის "რეალში" მხოლოდ ერთ შემთხვევაში აღმოჩნდება და ეს "ინტერზეა" დამოკიდებული.
არგენტინელი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაისად ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზოს. თუ, "ინტერი" წლევანდელ სეზონში ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელი მადრიდელთა წინადადებას დათანხმდება და კლუბს შეიცვლის.
როგორც ცნობილია, იკარდის გამოსასყიდი თანხა 2018 წლის ზაფხულში 110 მილიონი ევრო ხდება, რომლის გადახდასაც ფლორენტინო პერესი დაუფიქრებლად აპირებს.
თუ, "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, მაშინ იკარდი მილანელებთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ ესპანურმა გამოცემებმა უკვე არაფერთხელ აღნიშნეს, რომ "რეალი" ამ ზამთარში ტრანსფერების განხორციელებას არ გეგმავს და ისინი მთელს აქცენტს ზაფხულზე გააკეთებენ.
***
Independent-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" "დორტმუნდის" ახალგაზრდა ამერიკელი გარემარბის კრისტიან პულიშიჩის გადასაბირებლად იბრძვიან.
"მერსისაიდელები" ფელიპე კოუტინიოს წასვლის შემდეგ, შემადგენლობის გაძლიერებას ცდილობენ და პულიშიჩი მათ სიაში ერთ-ერთი მოწინავეა.
რაც შეეხება "იუნაიტედს", ჟოზე მოურინიოს ფლანგების გაძლიერება სურს და ლუკას მოურასთან ერთად, მის სიაში პულიშიჩიც იმყოფება.
იურგენ კლოპს თავისი ყოფილი შეგირდის კვლავ მის განკარგულებაში ხილვა სურს, თუმცა ამისთვის "წითელი ეშმაკების" ბარიერის გადალახვა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის პულიშიჩი "დორტმუნდის" პირველ გუნდში 2016 წლიდან თამაშობს. მის ანგარიშზე 78 შეხვედრაში 11 გოლი და 14 შედეგიანი გადაცემაა.
***
Express-ის ცნობით, "ლივერპული" ნაბი კეიტას კვირას გაიფორმებს.
როგორც ცნობილია, "მერსისაიდელებმა" "ლაიპციგის" 22  წლის ნახევამცველი უკვე შეიძინეს, თუმცა კლუბებს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, კეიტას წითელი მაისური 2018 წლის ზაფხულიდან უნდა მოერგო, თუმცა ფელიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ, "ლივერპულმა" პროცესის დაჩქარება გადაწყვიტა.
გვინეელი ფეხბურთელი ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია და მას შეტევების ჩაშლასთან ერთად, მისი წამოწყებაც ეხერხება. დაცვის გაძლიერების შემდეგ, იურგენ კლოპი იგივეს ნახევარდაცვაშიც გეგმავს.
წყაროს ცნობით, საბოლოოდ ყველაფერი მარტივად მოგვარდება და კვირას კეიტა "ენფილდელი" იქნება.
შეგახსენებთ, რომ ნაბი კეიტა "ლაიპციგის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 52 შეხვედრაში 13 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემაა.
***
Goal-ის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალმა" ალექსის სანჩესის შენარჩუნების იმედი დაკარგა.
"მეთოფეებს" იმედი აქვთ, რომ სანჩესისგან განსხვავებით კლუბში დარჩენას გადაწყვეტს მესუთ იოზილი და მინიმუმ ზაფხულამდე, ის წასვლაზე არ იფიქრებს.
როგორც ცნობილა, სანჩესით მანჩესტერული კლუბები "იუნაიტედი" და "სიტი" ინტერესდებიან.
ჩილელი ფეხბურთელისთვის ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული. ბოლო დღეებში, მისი დამატების მეტი შანსი გაუჩნდა "წითელ ეშმაკებს", რომლებმაც "არსენალს" 30 მილიონ ევროსთან ერთად ჰენრიხ მხითარიანიც შესთავაზეს.
მოლაპარაკებები გრძელდება და "არსენალი" ცდილობს საუკეთესო წინადადებას დაელოდოს.
***
Goal-ი, Don Balon-ზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადა მადრიდის "რეალს" "ტოტენჰემის" ორი ლიდერის ჰარი კეინისა და დელე ალის გარდა, მათი მწვრთნელის პაურისიო პოჩეტინოს გადაბირებაც სურს.
როგორც Marca-მ დაწერა, "რეალი" ზამთარში ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს და მთელს რესურსს 2018 წლის ზაფხულისთვის შეინახავს.
იკარდი, აზარი, სალაჰი, კეინი, ალი, ნეიმარი - მადრიდელთა სია ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება.
ერთია "რეალის" სურვილი და მეორე ის, თუ რა სურს თავად "ტოტენჰემს". პოჩეტინო, კეინი და ალი, ფაქტიურად მთელი გუნდია და კლუბის მხრიდან ტრიოს ერთდროულად დათმობა, ცოტა რთული წარმოსადგენია.
არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც - როცა ფლორენტინო პერესი ვინმეს შეძენას ისახავს მიზნად, ხშირ შემთხვევაში ის მიზანს აღწევს.
***
Tuttosport-ის ინფორმაციით, "მილანი" ედინ ჯეკოს გადაბირებას ცდილობს.
მხარეებს შორის მოლაპრაკებები მიმდინარეობს და ჯერჯერობით მეტი დეტალი არ გავრცელებულა.
ჯეკომ "რომას" შემადგენლობაში ფეხი კარგად მოიკიდა და ის წლევანდელ სეზონს ჩინებულად ატარებს.
ზაფხულში ანდრე სილვას ტრანსფერმა ვერ გაამართლა და "როსონერის" მორიგი სამიზნე ბოსნიელი ფორვარდი გახდა.
"მილანს" ჯეკოს გადაბირება ძალიან გაუჭირდება, რადგან "რომა" ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის გაცილებით უკეთეს შანსს ფლობს.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის ედინ ჯეკო რომაელთა ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 116 შეხვედრაში 65 გოლი და 25 შედეგიანი გადაცემაა.
***
Sun-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ესპანელი გოლკიპერის დავიდ დე ხეას შენარჩუნებას მთელი ძალებით ცდილობს.
დე ხეას კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურება. მის ხელში ჩაგდებას კი მადრიდის "რეალი" ცდილობს.
"წითელი ეშმაკები" ესპანელ მეკარეს ზღაპრულ პირობებს სთავაზობენ - მისი ყოველკვირეული ხელფასი 300 ათას ფუნტამდე გაიზრდება, თუ ის "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენას გადაწყვეტს.
ამ წუთისთვის დე ხეას ანაზღაურება კვირაში 210 ათასი ფუნტია. თუ, ესპანელი კლუბისგან შეთავაზებულ ახალ წინადადებას მიიღებს, ის პოლ პოგბასთან ერთად "მანჩესტერლთა" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
***
კოუტინიოსა და მინას შეძენის შემდეგ, "ბარსელონა" კონცენტრირებული მოთამაშეების გაყიდვაზეა.
წამსვლელთა შორის არდა თურანთან ერთად, სიაში მოწინავე ადგილს რაფინია ალკანტარა იკავებს, რომელიც "ინტერს" უახლოვდება.
მხარეებმა უკვე თითქმის ყველა დეტალი შეათანახმეს და რაფინია "სან სიროზე" უახლოეს დღეებში გადაბარგდება.
"ინტერს" მის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ "ბარსას" ახალი ტრანსფერების შემდეგ, გუნდში დასაშვებზე მეტი მოთამაშე ჰყავს და კატალონიელები ვალდებულნი არიან რამდენიმე მათგანი ტრანსფერზე დააყენონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები