ფელიპე მასამ „უილიამსის“ მოლოდინს გადააჭარბა
Aa
Aa

ფელიპე მასამ „უილიამსის“ მოლოდინს გადააჭარბა

„უილიამსის“ ფ1-ის გუნდის ტექნიკური დირექტორი პეტ სიმონდსი ამბობს, რომ ფელიპე მასამ გუნდის მოლოდინს გადააჭარბა. ბრაზილიელ პილოტს 2008 წელს ტიტულამდე ერთი ქულა დააკლდა. მომდევნო სეზონში კი, უნგრული დიდი პრიზის კვალიფიკაციის რბოლის დროს მომხდარ ავარიაში კი თავის ტვინის უმძიმესი ტრავმა მიიღო. გადარჩა და კარიერაც გააგრძელა, თუმცა ძველი ფორმის აღდგენს, კარგა ხანს ვერაფრით ახერხებდა.

გასული სეზონიდან კი „ფერარი“ დატოვა და „უილიამსში“ გადაბარგდა. სწორედ აქედან მოყოლებული, ის კვლავ ტოპ პილოტად მოგვევლინა. სეზონის ბოლოს, ის და თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი, რომელმაც შესაძლოა მომავალი სეზონიდან „ფერარიში“ გააგრძელოს თავისი კარიერა, ორმა ქულამ დააშორა.

„როცა ჩვენ ფელიპესთან კონტრაქტი გავაფორმეთ, პირადად მე ძალიან გამიხარდა, რადგან ვიცი, რომ ვისაც ფერნანდო ალონსოსთან პაექრობა შეუძლია, თავადაც ძალიან კარგი პილოტია. სწორედ ასეთია ფელიპე. მას შეუძლია ფერნანდოსთან ბრძოლა. თუმცა მეც კი ძალიან გაოცებული ვარ იმით, თუ რა კარგად შეეწყო ფელიპე გუნდს. როცა მან ჩვენგან ყურადღება და პატივისცემა იგრძნო, გაცილებით უკეთესი შედეგები მოგვცა, ვიდრე მისგან ველოდი“, - ამბობს სიმონდსი.

მასა ფორმულა 1-ში მე-13 სეზონს ატარებს. ბოტასის ანგარიშზე კი მხოლოდ მესამე სეზონია. და სიმონდსი დარწმუნებულია, რომ ფინელს გაცილებით მეტის მიღწევა შეუძლია. „მე რომ გუნდში მოვედი 2013 წლის ბოლოს, მაშინ ვალტერის უჭირდა. ამის მიზეზი იყო მანქანა, რომელიც ძალიან ძნელად იმართებოდა. თან გუნდს იმ დროს უჭირდა. ამიტომ მე მის სადებიუტო სეზონად 2014 წელს მივიჩნევ. რა თქმა უნდა, პირველ სეზონში ბევრი რამ ისწავლა, მაგალითად ტრასები. მაგრამ ფ1-ში რბოლა მარტო ტრასები არაა. მას დიდი პროგრესი აქვს, რაც ჯერაც გრძელდება. ის ძალიან კარგია ანალიტიკაში და ამ მხრივ კიდევ მოუმატებს. ჩვენი პილოტებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ისინი კარგად ეწყობიან ერთმანეთს და ძალიან კონკურენტუნარიანები არიან. მათ დიდი წვლილი შეაქვთ გუნდის მიღწევებში“ - განაცხადა სიმონდსმა.

ცხელი ამბები