Aa
Aa

"ელ კლასიკოს" შემდეგ - ფაქტები, რეკორდები და ის რაც პირველად მოხდა

დღის და მთლიანად უიკენდის ცენტრალური დაპირისპირება მადრიდში შედგა, სადაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალმა" "ბარსელონას" უმასპინძლა და 0-3 დამარცხდა.

დღევანდელი მატჩის შემდეგ, რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, რომლებიც გულშემატკივართათვის უდაოდ საინტერესო იქნება.

***

"ბარსელონას" ისტორიაში პირველად მოხდა, რომ კატალონიელებმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ზედიზედ სამჯერ მოიგეს.

"ბლაუგრანამ" 2015-2016 წლების სეზონში "რეალს" მადრიდში 4-0 სძლია. 2016-2017 წლების ანუ გასულ სეზონში, "ბარსამ" მესის მიერ ბოლო წამზე გატანილი გოლის წყალობით 3-2 მოიგო, როელსაც წლევანდელი 3-0-იც დაემატა.

***

ლეო მესიმ დღეს გატანილი თერთმეტმეტრიანის შემდეგ, მორიგი რეკორდი დაამყარა. კერძოდ, არგენტინელი ფეხბურთელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ტოპ 5 ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის, ერთი გუნდის მაისურით ყველაზე მეტი გოლი დაუგროვდა.

ხსენებული რეკორდი ლეგენდარულ გერდ მიულერს ეკუთვნოდა, რომელსაც "ბაიერნის" მაისურით 525 გოლი ჰქონდა გატანილი, თუმცა მესის ანგარიშზე უკვე 526 ბურთია.

***

ვერ გეტყვით თავად იცოდა, თუ არა, მაგრამ ლუის სუარესის მიერ დღეს გატანილი გოლი ლა ლიგის ისტორიაში რიგით 70 000-ე გამოდგა.

სიმბოლური და აღსანიშნავია, რომ ეს შედეგი სწორედ "ელ კლასიკოს" დონის მატჩში დაფიქსირდა.

***

"ბარსელონას" თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ ზინედინ ზიდანის დამარცხება კარიერაში პირველად შეძლო.

როგორ მოგეხსენებათ, ბასკი სპეციალისტი "ბლაუგრანამდე" "ბილბაოს" თავკაცობდა, რომელთან ერთადაც ზიდანს 3-ჯერ დაუპირსპირდა და სამივე შეხვედრა წააგო.

"ბარსას" მწვრთნელის რანგში ვალვერდემ ზიზუსთან სუპერ თასის 2 შეხვედრა დათმო და პირველი გამარჯვება სწორედ დღეს იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები