Aa
Aa

"რეალი" 0-3 "ბარსელონა": ვალვერდემ ზიდანს ტაქტიკურად აჯობდა - მატჩის ანალიზი

მატჩი, რომელსაც ფეხბურთის ქომაგი მოუთმენლად ელოდა, ბევრისთვის მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა.

არავინ ელოდა, რომ ვალვერდეს შედარებით პრაგმატული სტილის "ბარსა" "რეალს" ასე მწარედ და დამაჯერებლად მოუგებდა.

მწვრთნელებმა ერთი და იგივე ტაქტიკას მიმართეს - 4-4-2. მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვება ორივე გუნდის ინიციატივა იყო.

ვალვერდემ თამაში შედარებით ფრთხილად დაიწყო და მადრიდელებს ბურთი დაუთმო.

"რეალი" აქტიურ პრესინგს მიმართავდა, თუმცა მომენტების შექმნას ვერ ახერხებდა. პირველ ნახევარში კარში დარტყმები 2-2-ზე იყო.

მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებსო ნათქვამია... "ბარსელონამ" შესვენების შემდეგ თამაში "რეალის" სტილში დაიწყო და ბურთზე კონტროლი მოიპოვა. შემდეგ კი მადრიდელთა საჯარიმოსთან პრესინგს მიმართა.

კატალონიელთა წარმატებული თამაში დიდწილად ბუსკეცისა და ინიესტას ბრწყინვალე მოქმედებებმა განაპირობეს.

აღსანიშნავია, რომ ინიესტამ მოდრიჩს პირადი დუელი მოუგო. "ბარსას" კაპიტანმა ხორვატი ფეხბურთელი თითქმის ყველა სათამაშო ეპიზოდში დაჯაბნა.

პირველი გოლი სწორედ სერხიო ბუსკეცის დიდი დამსახურება იყო, როცა კატალონიელმა საყრდენმა ერთი შეხედვით რთული სიტუაციიდან გამოსავალი მარტივად იპოვნა და ბურთი რაკიტიჩს გააყოლა. ხორვატმა მოედნის ცენტრი სწრაფად გადაკვეთა და მარჯვენა ფლანგზე საჯარიმოსთან მყოფ სერხი რობერტოს გადააწოდა, რომელმაც უზუსტესი გადაცემით სუარესი დასარტყმელ პოზიცაზე დატოვა - ურუგვაელმა ანგარიში გახსნა.

ამ მომენტში აღსანიშნავია ერთი რამ - მესის მოქმედება. არგენტინელი შეტევას ბოლომდე არ გაყვა და საჯარიმოს მისადგომებთან შეჩერდა. ამ მომქედებამ "რეალის" თავდაცვა შეასუსტა, რადგან კოვაჩიჩი მესის მთელი მატჩის განმავლობაში დასდევდა და ზოგადად, ლეოს 3-4 მადრიდელი მუდამ გარს ერტყა.

სწორედ, მესის საჯარიმოში არშესვლამ რობერტოსა და სუარესს მეტი სივრცე დაუტოვა.

გაშვებული გოლის შემდეგ "რეალი" აიჭრა, "ბარსამ" კი ბურთზე კონტროლი დააწესა, რასაც მალე მეორე გოლიც მოჰყვა.

მესიმ მოედნის ცენტრიდან სუარესს შესანიშნავი პასი გაუკეთა, ურუგვაელის დარტყმა ნავასმა მოიგერია. "რეალის" მცველები დაიბნენ და ბურთი ისევ კატალონიელებს დარჩათ, მესიმ კვლავ სუარესი მოძებნა - დარტყმა და ძელი. მასპინძელთა დაცვა ისევ დაიბნა და დამატებაზე პაულინიომ ბურთი ცარიელ კარში თავით გადაგზავნა, რომელიც დანი კარვახალმა ხელით გამოიტანა - პენალტი და წითელი ბარათი.

მესიმ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა - 2-0.

შემდეგ, შეხვედრა წყნარ ტემპში გაგრძელდა. "ბარსამ" ბურთის გორება და დროის გაყვანა დაიწყო. მატჩის მიერ კომპენსირებულ წუთზე კი მესი მარსელოს დაუსხლტა და ალეიშ ვიდალს უპასა, რომლის დარტყმულიც ნავასმა ვერ შეიმაგრა - 3-0.

აღსანიშნავია, რომ მესამე გოლის გასვლამდე, მესის ბურთი აუტზე გაექცა, თუმცა გვერდითმა არბიტრმა ეს ვერ შეამჩნია.

მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ ერნესტო ვალვერდემ გუნდის თამაში ბრწყინვალედ წარმართა. ზიდანმა კი ცვლილებები დააგვიანა და ზედმეტად დაცვითი სტილის ძირითადი შემადგენლობა დააყენა. ზიზუმ ის ტაქტიკა შეცვალა, რომელსაც სხვა მეტოქეების წინააღმდეგ იყენებდა.

ამ მომენტისთვის "ბარსა" "რეალს" 14 ქულით უსწრებს, თუმცა მადრიდელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

რეალი - ნავასი, კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო, მოდრიჩი, კაზემირო (72. ასენსიო), კროოსი, კოვაჩიჩი (72. ბეილი), რონალდო, ბენზემა (66. ნაჩო).

ბარსელონა - ტერ შტეგენი, სერხი რობერტო (92. ვიდალი), პიკე, ვერმალენი, ალბა, რაკიტიჩი, პაულინიო (84. ანდრე გომეში), ბუსკეცი, ინიესტა (77. სემედო), მესი, სუარესი.

გოლები: 0:1 სუარესი (54), 0:2 მესი (64 პენ.), 0:3 ვიდალი (93).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები