Aa
Aa

"რეალი" VS "ბარსელონა" - პრევიუ: ტაქტიკა, ისტორია და სტატისტიკა

დღეს, დიდი დღეა! მსოფლიოში დაახლოებით 2 მილიარდზე მეტი ადამიანი ორი საათის განმავლობაში სხვაზე არაფერზე იფიქრებს. რატომ? იმიტომ, რომ დღეს "ელ კლასიკოა"!

"რეალი" - "ბარსელონა" გახლავთ ერთადერთი მატჩი, რომელიც ინტერესით მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს უტოლდება.

კლასიკოში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა.

მადრიდელებიც და კატალონიელებიც მსაჯის საფინალო სასტვენამდე მოედნის თითოეული სანტიმეტრისთვის იბრძოლებენ. ისინი ერთმანეთის დანდობას არ აპირებენ და ეს ორივე მხარემ კარგად იცის.

მატჩის წინა მდგომარეობა:

წლევანდელ "ელ კლასიკოს" ორივე გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაში ხვდება. "რეალმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო და ისტორია დაწერა. "ბარსა" კი ლა ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს. კატალონიელებს მარცხი ჯერჯერობით არცერთ ტურნირზე არ უწვნევიათ.

დანაკლისს რაც შეეხება, ზინედინ ზიდანის გუნდს ამ მხრივ პრობლემები არ აწუხებს. მატჩამდე პრესა წერდა, რომ რონალდუსა და ბეილს მცირე პრობლემები ჰქონდათ, თუმცა ზიდანმა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყველა მოთამაშე შეხვედრისთვის 100%-ით მზადაა.

რაც შეეხება "ბარსას", ვალვერდეს ამ მხრივ პრობლემები აქვს. გარდა იმისა, რომ დემბელესა და რაფინიას უკვე 2 თვეზე მეტია ტრავმა აქვთ, მათ გარდა გუნდს სამუელ უმტიტი, პაკო ალკასერი და ჟერარ დეულოფეუც დააკლდნენ.

უმტიტისა და ალკასერის გამოჩენას იანვრის ბოლოსკენ ელოდებიან. დემბელე, დეულოფეუ და რაფინია თამაშის ნებართვას რამდენიმე დღეში მიიღებენ.

ამ წუთისთვის "ბლაუგრანა" მადრიდელებს სატურნირო ცხრილში 14 ქულით უსწრებს, თუმცა "რეალს" 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

კატალონიელები ლა ლიგას 16 ტურის შემდეგ 42 ქულით ლიდერობენ. სამეფო კლუბი კი 31 ქულით მხოლოდ მე-4 პოზიციას იკავებს.

 

ტაქტიკა და სავარაუდო შემადგენლობები:

მოსალოდნელია, რომ ორივე გუნდი 4-4-2 ტაქტიკურ სქემას გამოიყენებს. რა თქმა უნდა, კლასიკური ბრიტანული 4-4-2 არ იგულისხმება.

რეალი - ზინედინ ზიდანი სავარაუდოდ ძირითადში ბეილის დაყენებას არ გარისკავს და კვლავ ისკოს ენდობა.

"რეალი" შეეცდება, რომ "ბარსას" სივრცეები არ დაუტოვოს, ამიტომ კაზემირო-კროოსი-მოდრიჩის ტრიოს წინ ისკო დადგება, რომელიც რონალდუსა და ბენზემას ზურგსუკან იმოქმედებს.

რაც შეეხება მეკარესა და უკანა ხაზს, აქ სიახლეებს არ უნდა ველოდოთ.

ბარსელონა - ერნესტო ვალვერდემ წლევანდელ სეზონში რამდენიმე ტაქტიკური სქემა გამოცადა და საბოლოოდ 4 ნახევარმცველზე შეჯერდა.

ბასკი სპეციალისტი მესისა და სუარესს მოედანზე სრულ თავისუფლებას აძლევს. მათ უკან კი 4 ნახევარმცველი იმოქმედებს - ბუსკეცი-რაკიტიჩი-ინიესტა-პაულინიო.

ასეთ შემთხვევაში "ბარსას" ბურთის კონტროლი უადვილდება და პრესინგის თამაშიც იდეალურად გამოსდის.

დემბელეს ტრავმის შემდეგ, ვალვერდე სწორედ ამ ტაქტიკაზე შეჯერდა, რამაც შედეგიც გამოიღო.

კატალონიელთა კარს რა თქმა უნდა, ტერ შტეგენი დაიცავს. დაცვაში უმტიტის არყოფნის გამო სავარაუდოდ ტომას ვერმალენი ითამაშებს. სხვა მხრივ ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

ორივე გუნდი შეეცდება, რომ მოედნის ცენტრში უპირატესობა მოიპოვოს, თუმცა ზიდანის სათამაშო სტილიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ "რეალმა" კონტრშეტევებზე თამაში აირჩიოს.

რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ითამაშებენ მესი და რონალდუ.

ქომაგებში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს ამ ორ გუნდს შორის არსებული სტატისტიკა. გულშემატკივრები გამუდმებით ამტკიცებენ იმას, რომ უპირატესობას თავიანთი გუნდი ფლობს.

გთავაზობთ ამომწურავ ინფორმაციას, რომელიც "ელ კლასიკოს" სრულად მოიცავს.

"რეალი" VS "ბარსა - რომელს უფრო მეტი მოგება აქვს?

ლა ლიგის ეგიდით "ბარსელონამ" და "რეალმა" სულ 174 მატჩი გამართეს, რომელთაგან მადრიდელებმა 72 მოიგეს, ხოლო კატალონიელებმა 69.

ბურთების შეფარდებაში "რეალს" მცირე უპირატესობა აქვს - 283-277-ზე.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ "ელ კლასიკოებს", ასეთი სულ 8 მატჩი იყო, რომელთაგან "რეალმა" 3 მოიგო, 3 ფრედ დასრულდა და 2-ჯერ "ბარსამ" გაიმარჯვა.

ბურთების ბალანში წინ აქაც "რეალია" - 13-10-ზე.

ესპანეთის სამეფო თასის ეგიდით სულ 33 მატჩი გაიმართა, რომელთაგან 14 "ბარსამ" მოიგო, 12 "რეალმა", 7-ჯერ კი ფრე დაფიქსირდა.

ბურთების შეფარდებაში უპირატესოვა კვლავ "რეალს" აქვს - 64-63-ზე.

ესპანეთის სუპერ თასზე "ელ კლასიკო" სულ 13-ჯერ გაიმართა. აქედან, "რეალმა" 8 მოიგო, "ბარსამ" კი 4. 2 შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა.

ბურთების შეფარდებით "რეალი" საგრძნობ უპირატესობას ფლობს - 30-18-ზე.

"ელ კლასიკო" ისტორიის მანძილზე უამრავჯერ გაიმართა და ეს სხვადასხვა ტურნირის ეგიდით ხდებოდა. ზოგიერთი მათგანი ახლა აღარ არსებობს, ზოგიერთი კი ამხანაგური იყო.

თუ, გავითვალისწინებთ ყველა ოფიციალურ და არაოფიციციალურ ტურნირს, მაშინ სულ მივიღებთ 269 კლასიკოს, რომელთაგან 111 შეხვედრა "ბარსამ" მოიგო, 99 კი "რეალმა".

ბურთების შეფარდებაში უპირატესობა "ბარსას" აქვს - 467-442-ზე.

მესი VS რონალდუ - ვინ რამდენი მოიგო?

მესიმ "რეალის" წინააღმდეგ სულ 36-ჯერ ითამაშა, რომლიდანაც 16 შეხვედრა მოიგო და 12-ჯერ დამარცხდა. 8 შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა.

რაც შეეხება კრიშტიანოს, მის ანგარიშზე 28 კლასიკოა. პორტუგალიელს უარყოფითი ბალანსი აქვს - 8 გამარჯვება, 13 მარცხი და 6 ფრე.

დარტყმები და გოლები:

ლეო მესიმ მადრიდელთა კარის მიმართულებით ჯამში 125-ჯერ დაარტყა. მის ანგარიშზე 24 გოლია. აღსანიშნავია, რომ აქედან 14 ბურთი არგენტინელმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიტანა.

კრიშტიანო რონალდუმ "ბარსელონას" კარისკენ 117 დარტყმა შეასრულა. პორტუგალიელის ანგარიშზე 17 გოლია.

საგოლე გადაცემები:

სტატისტიკის მიხედვით, მესიმ გუნდელებს საგოლე მომენტი 65-ჯერ შეუქმნა, რომლებიდანაც გოლად 13 მათგანი იქცა.

რაც შეეხება რონალდუს, მისი შედეგი გაცილებით მოკრძალებულია. კრიშტიანომ თანაგუნდელებს გოლის გატანის 14 შანსი შეუქმნა, საბოლოოდ კი ბადეში მხოლოდ 1 მათგანი აღმოჩნდა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რონალდუს მესიზე 8 კლასიკოთი ნაკლები აქვს ჩატარებული.

"ბარსაშიც" და "რეალშიც"

არსებობენ ისეთი ფეხბურთელებიც ვისაც, ისტორიის განმავლობაში "ბარსელონასა" და "რეალის" ღირსება დაუცავთ. ისტორიაში ასეთი 10 მოთამაშე იყო.

ლუიშ ფიგუ, ბერნდ შუსტერი, რონალდო, სამუელ ეტოო, მიქაელ ლაუდრუპი, გეორგე ჰაჯი, ჟულიენ ლოპეტეგი, რობერტ პროსინეჩკი, ხავიერ სავიოლა და ლუის ენრიკე - ამ მოთამაშეებს გამბედაობა ეყოთ და ორივე გუნდის ღირსება დაიცვეს.

თუმცა, უნდა ავღნიშნოთ, რომ ხსენებული 10 ფეხბურთელიდან მხოლოდ 4 მათგანია ისეთი, ვინც პირდაპირ "ბარსადან" "რეალში" (ან პირიქით) გადავიდა - ლაუდრუპი, ფიგუ, ლუის ენრიკე და ბერნდ შუსტერი.

დანარჩენმა მოთამაშეებმა განათხოვრების, ან სხვა გუნდში გაყიდვის შემდეგ მოირგეს მოსისხლე მტრის მაისური.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები