ხეფრენი:
Aa
Aa

ხეფრენი: "უკვე "ბარსაც" ასე იქცევა, ეს სირცხვილია..."

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ვენესუელელმა ხეფრენ სუარესმა Marca-სთან საუბრისას "ბარსელონას" ბორდი არასწორი მიდგომების გამო გააკრიტკიკა.

"დატოვო "ბარსელონა" - ეს ყველაფრის შეცვლას ნიშნავს. "ბლაუგრანადან" წამოსვლა რეალობაში დაბრუნებას ჰგავს. "ბარსაში" თავიდან ადვილი არ ყოფილა, თუმცა ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა. "ბლაუგრანა" ტოპ კლუბია, სხვები კი უბრალოდ კარგები არიან და ისინი ვერასდროს გახდებიან "ბარსელონა".

კლუბმა ბოლო დროს ფილოსოფია დაკარგა. სხვა გუნდები აქცენტს ტრანსფერებზე აკეთებენ და უკვე "ბარსაც" ასე იქცევა, ეს სირცხვილია... "ბარსელონა" ყოველთვის აწინაურებდა მოთამაშეებს აკადემიიდან და ახლა ეს შეიცვალა. სწორედ ამიტომ ფიქრობენ ახალგაზრდები სხვა გუნდში წასვლაზე. ისინი, ამჟამად აქცენტს ძვირადღირებულ მოთამაშეებზე აკეთებენ, რადგან გუნდი ხედავს, რომ ყველა გრანდი მსოფლიოს მასშტაბით ახალ მოთამაშეებზე ნადირობს და მათ იმატებს. კლუბის ბორდსაც ჰგონია, რომ მაღალი დონის შესანარჩუნებლად თავადაც ანალოგიურად უნდა მოიქცეს. არ ვთვლი, რომ ისინი ვალდებულნი არიან. აკადემიაზე კვლავინდებურად აქცენტის გაკეთება უკეთესი არჩევანი იქნება".

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ხეფრენს "ბარსელონას" პირველ გუნდში დებიუტი 2006 წელს ჰქონდა. ის "კამპ ნოუზე" 2011 წლამდე დარჩა, შემდეგ კი კარიერა ლისაბონის "სპორტინგში" განაგრძო, ამჟამად კი შვეიცარიაში "გრასჰოპერსის" ღირსებას იცავს.

ხეფრენ სუარესის კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი 2010 წლის "ელ კლასიკო" იყო, როდესაც ის ცვლილებაზე შემოვიდა და მადრიდის "რეალს" მე-5 გოლი გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები