Aa
Aa

შენგელიას 13 ქულა 17 წუთში და “ფენერთან” დამარცხებული “ბასკონია”

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ევროლიგის მორიგ ტურში მოქმედ ჩემპიონ “ფენერბაჰჩეს” უმასპინძლა და 14 ქულით – 69:83 წააგო. ვიტორიელთა ქართველი კაპიტანი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მწვრთნელმა, მიუხედავად იმისა, რომ შენგელია ყველაზე შედეგიანად ირჯებოდა, მოედანზე მხოლოდ 17 წუთით გაიყვანა.

ბასკონიელთა მწვრთნელმა შენგელია მატჩის ბოლო არასრული 13 წუთი არ ათამაშა, რაც გაუმართლებელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი კალათბურთელი შესანიშნავ ფორმაშია და ეს ამ მატჩშიც დაამტკიცა, როცა 13 ქულა ჩააგდო. ვიტორიელთა მწვრთნელმა ქართველი კალათბურთელი მას შემდეგ განარიდა მოედანს, რაც თორნიკეს სტამბოლელთა ლიდერ იან ვესელისთან შელაპარაკება მოუვიდა, თუმცა ის ეპიზოდი ისე განიმუხტა, რომ “ბასკონია” არ დაზარალებულა.

ერთი სიტყვით, “ბასკონიამ” მატჩის გადამწყვეტი პერიოდი შენგელიას გარეშე ჩაატარა და უშანსოდაც წააგო. იმ პერიოდში, რაც მოედანზე იმყოფებოდა, თორნიკემ 7-დან 5 ორქულიანი დ 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 13 ქულით მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.

ქართველის აქტივში 1 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაც იყო, თორნიკემ ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის საუკეთესო ეპიზოდიც შენგელიას უკავშირდებოდა: მან დაფარება მიითვალა, შემდეგ კი, მოედანი სწრაფად გადაჭრა და მძლავრი ჩატენვაც შეასრულა.

10 ტურის შემდეგ 4 გამარჯვებით “ბასკონია” 16-გუნდიანი ევროლიგის ცხრილში მე-11 ადგილზეა. შემდეგ ტურში ევროლიგაში ქართული დერბია. 7 დეკემბერს შენგელიას “ბასკონია” მალაგაში გიორგი შერმადინის “უნიკახას” დაუპირისპირდება. დღეს კი “უნიკახა” ათენში “პანათინაიკოსს” დაუპირისპირდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები