Aa
Aa

"უბრალოდ, მთავარი იყო"... - პირლოს ჯარიმების საიდუმლო

ლეგენდარული ანდრეა პირლო, ჯარიმების შესრულების საკუთარ სტილზე ისაუბრა და ფრანგულ L'Equipe-ს, ვრცელი ინტერვიუ მისცა.

"როცა ბავშვი ვიყავი, მცირე წონისა და ბურთის ფორმის საგანს ვიღებდი და ვცდილობდი, ის ფანჯრის უკიდურეს კუთხეში დამერტყა.

წლების მანძილზე, ბეჰქემთან, რონალდინიოსთან და ზეედორფთან თამაში მომიწია. ისინი ჯარიმების შესრულების ოსტატები იყვნენ და მათგანაც ბევრი ვისწავლე. ჩვენ, ამ საკითხზე, ერთმანეთში ხშირად ვსაუბრობდით და ჯარიმების დარტყმის საკუთარ საიდუმლოებს ვუზიარებდით.

ასევე, ვუყურებდი ჟუნინიოს მიერ შესრულებულ ჯარიმებს და ვცდილობდი, ამომეხსნა, თუ როგორ აძლევდა ბურთს, ისეთ ტრაექტორიას, როგორ იყენებდა ფეხს დარტყმის წინ.

ყველას საიდუმლოებასა და რჩევას ვაანალიზებდი და ვცდილობდი, ჯარიმები სხვადასხვა სტილში შემესრულებინა.

რაც შეეხება ჩემს საიდუმლოს, ჩემს თავს შთავაგონებდი, რომ წარმოუდგენელი იყო, ასეთი ფეხბურთელებისგან სწავლისა და ამდენი მუშაობის შემდეგ, ჯარიმები არ გამეტანა. უბრალოდ, მთავარი იყო, ბურთი ცოცხალი კედლისთვის გადამეტარებინა და ეს საკმარისი იქნებოდა. ფეხბურთში, ისევე როგორც ცხოვრებაში, მილიმეტრებსა და მცირე დეტალებს, დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჯარიმების მომენტში, ბურთს ყოველთვის ვწმენდდი, რადგან მინდოდა, ის სუფთა და ლამაზი ყოფილიყო. ბურთის გაწმენდის პროცედურას, ყოველი ჯარიმის წინ ვასრულებდი.

დარტყმისას, ტერფსა და მის შიდა ნაწილს ნაკლებად ვიყენებდი, უფრო ფეხის წინა ნაწილსა და ტერფს შორის არსებული ადგილით ვურტყამდი.

ხშირად, დარტყმის შემდეგ, ზეიმისთვის მზად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ გოლი გავიდოდა. როცა ბურთის ტრაექტორიას დავინახავდი, ვხვდებოდი, გავიდოდა თუ არა გოლი".

ანდრეა პირლომ, საფეხბურთო კარიერა, რამდენიმე თვსი წინ, ამერიკულ "ნიუ იორკ სიტიში" დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები