ფორმულა 1-ში შეიძლება ორი ამერიკული გუნდი გამოვიდეს
Aa
Aa

ფორმულა 1-ში შეიძლება ორი ამერიკული გუნდი გამოვიდეს

არაა გამორიცხული, რომ მალე ფორმლა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში, ორი ამერიკული გუნდი ჩაებას. მათგან ერთის - „ჰაასის“ დებიუტი მომავალ სეზონში იგეგმება. მეორე კი შესაძლოა მაჩანჩალა „მენორის“ საფუძველზე აღმოცენდეს. საქმე ისაა, რომ ფ1-ით დაინტერესდნენ ტექსასელი პრომოუტერი ტავო ჰელმუნდი და ნიუ იორკელი ფინანსისტი ჯეიმს კარნი, რომლებიც ამერიკულ საინვესტიციო ჯგუფს ხელმძღვანელობენ. ფ1-ის გუნდის შესყიდვით სწორედ ეს ჯგუფია დაინტერესებული.

ჰელმუნდი იმითაა ცნობილი, რომ ოსტინის სარბოლო ტრეკი „ცირკვიტ ოფ ამერიკას“ ააშენა და ბერნი ეკლსტოუნი, კალენდარში ამერიკული ეტაპის ჩასმაზე დაითანხმა. მანვე დიდი როლი ითამაშა ფ1-ის მექსიკაში დაბრუნების საქმეში. მექსიკაში ფ1-ის რბოლა 23 წელია, არ გამართულა. ამ სეზონში კი, ძმებ როდრიგესების სახელობის ტრეკი (მეხიკო), რბოლას 1 ნოემბერს უმასპინძლებს.

ჰელმუნდი და კარნი ამ თემაზე ჯერჯერობით კომენტარებისგან თავს იკავებენ. არც ისაა ცნობილი, თუ რომელ გუნდზე შეაჩერებენ არჩევანს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს „მენორი“ უნდა იყოს, რომელსაც ამჟამად ირლანდიელი ბიზნესმენი სტივენ ფიცპატრიკი ფლობს. ფინანსური სიდუხჭირის გამო, „მენორი“ აჟამად გასული სეზონის ბოლიდის მოდიფიცირებული ვერსიით და „ფერარის“ გასული სეზონის ძრავით ასპარეზობს.

ფინანსური პრობლემების გამო, „მენორმა“, რომელსაც გასულ სეზონში „მარუსია“ ერქვა, ბოლო სამი ეტაპი გამოტოვა. შემდეგ მასზე კონტროლი ფიცპატრიკმა დაამყარა, რომელმაც ის გაკოტრებისგან იხსნა. მაგრამ ამჯერად ფიცპატრიკსაც სჭირდება პარტნიორი, ან ის გუნდს გაჰყიდის. გავრცელებული ინფორმაციით, კარნის და ჰელმუნდის ჯგუფს, გუნდის აქციების საკონტროლო პაკეტის შესყიდვა სურთ. ამის მიზეზი ისაა, რომ ამ შემთხვევაში, გუნდს სახელი შეუნარჩუნდება და ის ფ1-ის საპრიზო სარეკლამო თანხიდან, კუთვნილ მილიონებს (დაახლოებით 40 მილიონს) მიიღებს. სახელის შეცვლის შემთხვევაში, გუნდს სამი წელი დასჭირდება იმისათვის, რომ ამ საპრიზო თანხის წილი მიიღოს. თანაც, ესეც იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კონსტრუქტორთა პირველობაზე, ათეულში შევა. ამჟამად ფ1-ში სწორედ 10 გუნდი მონაწილეობს, მაგრამ „ჰაასი“ მე-11 იქნება და სამი სეზონის შემდეგ, მასაც გაუჩნდება საპრიზო თანხის მიღების შანსი. ანუ, ყოფილი „მენორის“ პოტენციური კონკურენტი გახდება.

ცხელი ამბები